ავსტრალიის ღია პირველობაზე ასპარეზობა დაიწყო ქართველმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელიც ტურნირზე 26-ე ნომრად არის განთესილი. პირველ წრეში მისი მეტოქე 22 წლის კორეელ, ATP-ის კლასიფიკაციაში 83-ე ადგილოსანი სუნ-ვუ კვონი იყო.
პირველი სეტი ბასილაშვილმა აქტიურად დაიწყო და მალევე 3:0 დაწინაურდა, მხოლოდ ამის შემდეგ მოახერხა კორეელმა სეტში პირველი გეიმის მოგება, მაგრამ ბასილაშვილი კარგად თამაშობდა და 5:2 დაწინაურდა, თითქოს სეტის მოგებასაც წინ აღარაფერი ედგა, მაგრამ ახალგაზრდა კორეელმა თამაშის ხარისხი გამოასწორა, ბასილაშვილს ბრეიკიც აართვა და საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა. ბოლოს კი სეტიც თავის სასარგებლოდ დაასრულა. 7:6(5)
მეორე სეტი ბასილაშვილმა უფრო მობილიზებულად ჩაატარა, ერთხელ მოახერხა მეტოქის მოწოდების აღება, რაც სეტის მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა – 6:4.
გარდამავალი უპირატესობით წარიმართება შეხვედრის მესამე სეტი. კორეელმა ჩოგბურთელმა ორჯერ შეძლო ბასილაშვილის მოწოდების მოგება, მაგრამ ქართველმა ორჯერვე უკუბრეიკით უპასუხა. გადამწყვეტი მე-11 გეიმი აღმოჩნდა, როდესაც ნიკამ კორეელი კიდევ ერთელ დააბრეიკა, შემდეგ კი თავად სეტზე კარგად მოაწოდა და შეხვედრაში დაწინაურდა – 6:7(5), 6:4, 7:5.
მეოთხე სეტი კორეელის მოწოდებით გაიხსნა და ბასილაშვილს სამჯერ ჰქონდა შანაი გეიმი თავის სასარგებლოდ დაესრულებინა, მაგრამ ვერ მოახერხა და შემდეგ უკვე თავისი მოწოდებაც წააგო. მე-5 გეიმში ნიკამ კვლავ მიეცა დაკარგული მოწოდების დაბრუნების შესაძლებლობა, როდესაც მეტოქემ ზედიზედ ორჯერ ორმაგი შეცდომა დაუშვა, თუმცა ქართველმა ვერც ეს შანსი გამოიყენა და კორეელი 4:1 დაწინაურდა, საბოლოოდ კი სეტიც თავის სასარგებლოდ დაასრულა – 6:3.
მე-5 სეტში გადამწყვეტი უპირატესობა ბასილაშვილმა მე-6 გეიმში მოიპოვა, როდესაც მეტოქის მოწოდება მშრალად მოიგო და შემდეგ უკვე შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანაც აღარ გასჭირვებია. საბოლოოდ 6:7(5), 6:4, 7:5, 3:6, 6:3 და ქართველი ჩოგბურთელი ავსტრალიის ღია პირველობის მეორე წრეში გავიდა, სადაც მისი მეტოქე 36 წლის ესპანელი, ATP-ის კლასიფიკაციაში 51-ე ჩოგანი ფერნანდო ვერდასკო იქნება.
წყარო: lelo.ge