ბეჟანიშვილის გადამწყვეტი სამქულიანი და ზედიზედ მეხუთე მოგება

54

გიორგი ბეჟანიშვილის „ილინოისი“ ჩინებულ ფორმაში იმყოფება. ქართველი კალათბურთელის გუნდმა NCAA-ში ზედიზედ მე-5 გამარჯვება იზეიმა და „ბიგ თენის“ კონფერენციაში მე-2 ადგილზე იმყოფება.

ილინოისელებმა სტუმრად „პერდიუ ბოილერმეიკერსს“ 79:62 სძლიეს, მთავარი კი მე-2 ტაიმი გამოდგა, რომელშიც ბეჟანიშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა მეტოქის 32-ის წილ 50 ქულა ჩააგდეს.

ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 22 წუთი გაატარა და 10 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი იყო. გიორგიმ 2-დან 1 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.

თამაშის ბედი ფაქტობრივად საფინალო სირენამდე 08:27 წუთით ადრე გადაწყდა, როდესაც ბეჟანიშვილმა სამქულიანი ჩააგდო და გუნდი 60:45 დააწინაურა.

„ილინოისმა“ 6 მოგება და 2 მარცხი მოაგროვა და კონფერენციაში მხოლოდ „მიჩიგან სტეიტ სპარტანსს“ ჩამორჩება, მომდევნო მატჩს კი 25 იანვარს „მიჩიგან ვულვერინსთან“ გამართავს.

წყარო: lelo.ge

SHARE