გალაკტიონის საჩუქარი – ლეგენდა ოთარ ქორქიაზე

135

გთავაზობთ მესამე ნაწილს ვაჟა დანელიას ნაშრომიდან ოთარ ქორქიას შესახებ. ამ მონაკვეთში მეორე მსოფლიო ომის ამბების შემდეგ ვუახლოვდებით პირველ ევრობასკეტს, რომელზეც ქართველს უთამაშია.

ჩვენც გვესმის, ყმაწვილო, ქართული
რიონისპირელმა ჭაბუკმა ის იყო, კალათბურთს გემო გაუგო და დიდ ასპარეზზე გასასვლელად ემზადებოდა, რომ გერმანიამ საბჭოთა კავშირის საზღვარი გადმოკვეთა და მთელი ქვეყანა ომის ქარცეცხლში გაეხვია. აბა, მაშინ სპორტისთვის ვინ მოიცლიდა…

მეორე მსოფლიო ომის დღეებში ოთარ ქორქია საკონსერვო ქარხანაში მუშაობდა უფროს აღმრიცხველად, ფიზიკურადაც ბევრს შრომობდა – ფრონტისთვის განკუთვნილ ვაგონებს მძიმე ყუთებით ტვირთავდა. სხვა გზა არ იყო, უმამოდ დარჩენილ ოჯახს მიხედვა სჭირდებოდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ლენინგრადის ბლოკადის ერთბაშად ხუთი მონაწილე შემოემატათ…

1943 წლის ზაფხულმაც მოატანა. კილაძის გუნდის წევრებმა ისევ ერთად მოიყარეს თავი. ერთ საღამოს გივისთან მივიდნენ და ვარჯიში განვაახლოთო, სთხოვეს. მეორე დღესვე, შებინდებისას, მუშაობით ქანცგამოცლილები დარბაზში შეიკრიბნენ. სასტვენის ხმაზე ბურთი ჰაერში შეაგდეს თუ არა, დაღლილობა უმალ ყველას გადაავიწყდა.

ასე განვლო რამდენიმე დღემ. ბიჭებს თანდათან ხალისი მოემატათ, მონდომებით ვარჯიშობდნენ. იმ საღამოსაც გვიანობამდე შემორჩნენ დარბაზს. ის იყო, წასვლას აპირებდნენ, კარი გაიღო და დარბაზში მთასავით კაცმა შემოალაჯა.

– კოსტია?! – თითქმის ერთხმად იყვირეს უფროსი თაობის კალათბურთელებმა და ახალმოსულს შემოეხვივნენ, კითხვები დააყარეს.

მოულოდნელი სტუმარი მოსკოვის „ლოკომოტივის“ მოთამაშე კონსტანტინ ტრავინი გახლდათ. ფრონტზე დაჭრილა და წყალტუბოში მკურნალობდა. გაეგო, ქუთაისში ბიჭები ვარჯიშობენო და მათკენ გამოუწევია… ფეხით. შემდეგ, მოსკოვში დაბრუნებამდე, რამდენჯერმე ჩააკითხა მეგობრებს, მეცადინეობებს ესწრებოდა და ახალგაზრდებს საქმიან რჩევებსაც აძლევდა.

მოგვიანებით, მისი წყალობით, ქუთაისელთა გუნდი საბჭოეთის დედაქალაქში მიიწვიეს. ზამთარი იყო. ციოდა, მაგრამ ადგილობრივ „დინამოსთან“ შეხვედრა ღია მოედანზე დაინიშნა. იმ დღეს მასპინძელთა გუნდში გამოდიოდნენ ვასილი კოლპაკოვი, იური უშაკოვი, სურენ სპანადარიანი და სხვა ცნობილი კალათბურთელები.

მატჩი ქუთაისელთა შტურმით დაიწყო, მალე დაწინაურდნენ კიდეც. ერთ-ერთი შეტევისას შოთა ქორქაშვილმა დიდხანს ატარა ბურთი (მაშინ 30 წამის წესი არ იყო). ოთარ ქორქია მეტოქის ფარის ხან ერთ, ხან მეორე მხარეს აღმოჩნდებოდა, შოთა კი, თითქოს ვერ ამჩნევსო, ბურთს არ აწვდიდა.

– ამის დედა ვატირე, რას დამაძუნძულებ აქეთ-იქით, მომეცი პასი. – უყვირა მოთმინებიდან გამოსულმა ოთარმა.

– ვერ ხედავ, დაფარული ხარ! – უპასუხა შოთამ.

– დარდი ნუ გაქვს, მომე, მოთამაშიანად ჩავტენი…

შოთამ გაბრაზებით მიაწოდა ბურთი ფარქვეშ გასულ ოთარს, რომელსაც ზემოდან უშაკოვი გადაეფარა. ქართველი კალათბურთელი მხრებზე ჩამოკიდებულ მეტოქესთან ერთად ჰაერში აიტოტა და ბურთი კალათში ჩატენა, ზურგიდან ჩამოცურებულმა რუსმა კი თავი ვერ შეიმაგრა და იატაკზე გაიშხლართა. ტრიბუნები ოვაციამ შეაზანზარა…

ქუთაისელებმა მატჩი მოიგეს. შეხვედრის დამთავრების შემდეგ თამაშზე მოსულმა ქართველმა გულშემატკივრებმა ბიჭებს გამარჯვება მიულოცეს. მათ შორის გახლდათ ერთ-ერთი მაღალი ჩინის, ჩასუქებული, საშუალო სიმაღლის მამაკაცი, რომელსაც ქურქის საყელო აეწია და ყურებიანი ქუდი სათვალეზე ჩამოეფხატა. იგი ყველას სათითაოდ მიესალმა, ოთართან შეჩერდა და ქვემოდან ახედა.

– ყოჩაღ, კარგი თამაში გცოდნიათ, – უთხრა მან. ხელი მაგრად ჩამოართვა და დასძინა, – მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, ჩვენც გვესმის, ყმაწვილო, ქართული.

გალაკტიონის საჩუქარი
ფრონტის ხაზმა 1944 წელს ევროპაში გადაინაცვლა. საბჭოთა სპორტსმენებს საშუალება მიეცათ, კვლავ დაბრუნებოდნენ სარბიელს. შეჯიბრებები განეახლებინათ. იმ წელიწადს ქუთაისელი კალათბურთელები ამხანაგური მატჩების გასამართავად ახალგათავისუფლებულ კიევში გაემგზავრნენ, სადაც ორი შეხვედრა ჩაატარეს, იქიდან დაბრუნებულებმა კი ალეკო მესხის ხელმძღვანელობით თბილისში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა და საპატიო მეოთხე ადგილი დაიკავეს (ჩემპიონობა თბილისის ოფიცერთა სახლის გუნდმა მოიპოვა).

შემდგომ წარმატებას კილაძის ბიჭებმა 1945 წელს კაუნასის საკავშირო ტურნირზე მიაღწიეს. აქ რვა ქალაქის გუნდებმა მოიყარეს თავი. მასპინძლები კითხულობდნენ, ქუთაისი რომელი სასპორტო საზოგადოებააო. თურმე, არც კი იცოდნენ, ამგვარი ქალაქი თუ არსებობა, არადა, მთავარი სენსაცია წინ ელოდათ – ქუთათურებმა ლაღი და გააზრებული თამაშით ყველა მოხიბლეს, ტურნირში მოსკოვისა და კაუნასის გუნდების შემდეგ მესამე ადგილი დაიკავეს.
მეორე მსოფლიო ომი რომ დამთავრდა, სასპორტო მოძრაობაც უფრო ფართოდ გაიშალა. სანახაობებს მონატრებულმა ხალხმა ტრიბუნებს მიაშურა.

თითოეული შეჯიბრება ნამდვილ დღესასწაულად იქცა. ერთ-ერთი ამგვარი ზეიმი თბილისში ვერის ბაღის ღია მოედანზე გაიმართა – საქართველოს პირველობაზე თბილისისა და ქუთაისის კალათბურთელები შეხვდნენ ერთმანეთს. უამრავი ხალხი მოგროვდა. მოედნის ირგვლივ ნემსი არ ჩავარდებოდა. იმ დღეს საქომაგოდ პოეზიის მეფე გალაკტიონ ტაბიძეც ბრძანებულა.
დაძაბული მატჩი ქუთაისელებმა მოიგეს.

აღტაცებულმა თაყვანისმცემლებმა თავიანთ გუნდს მხურვალე ოვაციით მიულოცეს წარმატება.
ბავშვივით აცრემლებულ გალაკტიონს გამარჯვებულებისთვის „ყაზბეგის“ კოლოფზე ლექსი დაუწერია ექსპრომტად:

„მე ვამაყობ თქვენით, განა ვისმე სხვისით,
ჩემი სპორტსმენებით, ჩემი ქუთაისით.
ან რა დამავიწყებს ჩვენს პატარა რიონს,
თქვენი გამარჯვება ალხენს გალაკტიონს“.

მგლები, მაუზერი და პაემანი სადგურზე
ევროპა ახალი „ბრძოლების“ ცეცხლში გაეხვია – ფერფლიდან აღმდგარი ქალაქები ამჯერად სასპორტო პაექრობათა სარბიელად იქცა.

კალათბურთში ბებერი კონტინენტის პირველობებს თითქმის რვა ათეული წლის წინ ჩაეყარა საფუძველი: 1935 წლის 2-7 მაისს შვეიცარიაში 10-მა ნაკრებმა მოიყარა თავი. ჯგუფური ეტაპის შემდეგ ლატვიელებმა ჯერ შვეიცარიელებს სძლიეს (28:19), გადამწყვეტ პაექრობაში კი ესპანელებს მოუგეს 24:18 (მაშინ ბურთის ტარებისთვის დროის კონტროლი არ არსებობდა) და ჩემპიონები გახდნენ. მესამე ადგილზე ჩეხოსლოვაკიელები გავიდნენ.

ორი წლის შემდეგ (ისევ 2-7 მაისს, ოღონდ რვა გუნდის მონაწილეობით) ჩემპიონატს რიგამ უმასპინძლა. ამჯერად ფინალში ლიტვამ იტალიას აჯობა ერთი ქულით – 24:23 და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. მესამე ადგილი პოლონელების მძლეველ (27:24) ფრანგებს ხვდათ.

1939 წელს კონტინენტის პირველობა 21-28 მაისს კაუნასში (ლიტვა) გაიმართა. იქაც რვა გუნდმა იასპარეზა წრიული სისტემით. მასპინძლებმა შვიდივე შეხვედრა მოიგეს და 14 ქულით ჩემპიონობა შეინარჩუნეს. მასპინძელთა შორის გამოირჩეოდა მოთამაშე მწვრთნელი პრანას ლიუბინასი – ამერიკელი კალათბურთელი, 1936 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ფრენკ ლიუბინი.

მეორე მსოფლიო ომის გამო ევროპის ჩემპიონატები შვიდი წლით შეწყდა. განახლებულ პირველობას შვეიცარიამ უმასპინძლა 1946 წელს. აქ ჩეხოსლოვაკიის უძლიერესმა ნაკრებმა იზეიმა გამარჯვება – ფინალში იტალიას მოუგო 34:32. მესამე ადგილისთვის პაექრობაში უნგრეთმა საფრანგეთს აჯობა – 38:32.

მომდევნო წლის შეჯიბრების გამართვის უფლება ჩეხოსლოვაკიელებს ერგოთ. 1947 წელს ომის შემდეგ ფერფლიდან აღმდგარ პრაღას 14 გუნდი ეწვია. მათ შორის პირველად – საბჭოთა კავშირი და 1937 წლის ჩემპიონატის მონაწილე ეგვიპტე.

ფარაონების ქვეყანა, მართალია, აფრიკას ეკუთვნის, მაგრამ „შავ კონტინენტზე“ კალათბურთი მაშინ სუსტად იყო განვითარებული, ამიტომაც დართეს ეგვიპტელებს ევროპულ ტურნირებში მონაწილეობის უფლება.
რაც შეეხება საბჭოთა კავშირს, აქ კალათბურთი მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან ვითარდებოდა.

მოგვიანებით საკავშირო ჩემპიონატების გამართვაც დაიწყეს. 1935 წლიდან ქართველ კალათბურთელებს ამ შეჯიბრებებში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი ეკავათ. დასტურად ისიც გამოდგება, რომ 1944 და 1946 წლებში თბილისის ოფიცერთა სახლის გუნდმა ორჯერ მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა, თბილისის „დინამომ“ კი 1947 წელს საკავშირო პირველობაზე კაუნასის სკიფის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.

ეს ის წელია, როცა საბჭოთა მთავრობამ ევროპის ჩემპიონატზე კალათბურთელთა გუნდის გაგზავნა გადაწყვიტა. ამ მოვლენას თავისებური პრელუდია უძღოდა: 1946 წელს საფრანგეთის კალათბურთის ფედერაციის მიწვევით მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტის ქალთა და „სტროიტელის“ ვაჟთა გუნდები პარიზს გაემგზავრნენ, რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა მოიგეს. საკავშირო სპორტკომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია საბჭოთა გუნდის მნიშვნელოვან შეჯიბრებაზე გამგზავრება. ტურნირმა საკავშირო ნაკრების ხელმძღვანელობა დაარწმუნა, რომ ევროპის ჩემპიონატში, რომლის სამასპინძლოდაც პრაღა ემზადებოდა, საბჭოთა კალათბურთელებსაც შეეძლოთ წარმატებით გამოსვლა.

1947 წლის სსრკ ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ, მწვრთნელებმა – პაველ ცეტლინმა და სურენ სპანდარიანმა ოცი საუკეთესო კალათბურთელი შეარჩიეს. თბილისიდან საწვრთნელ შეკრებაზე ოთარ ქორქია, ნოდარ ჯორჯიკია, ბორის სარქისოვი და მიხეილ ფილიპოვი გაემგზავრნენ. ისინი სხვებთან ერთად მოსკოვთან ახლოს პირსანოვკაში ცხოვრობდნენ, სავარჯიშოდ კი „სერპ ი მოლოტისა“ და „კრილია სოვეტოვის“ სასპორტო დარბაზებში დადიოდნენ.

გაგრძელება მომდევნო კვირაში

წყარო: lelo.ge

SHARE