გამორჩეული დღე UFC არენაზე: 3 ქართველი ერთ საშეჯიბრო საღამოს

44

6 დეკემბერი გამორჩეული დღე იქნება ქართული სპორტის ისტორიაში იმ თვალსაზრისით, რომ ერთ საშეჯიბრო საღამოს 3 ქართველი მებრძოლი გავა ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის UFC (Ultimate Fighting Championship) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.

ამ დღეს ნევადაში, ლას ვეგასის ოქტაგონზე ვიხილავთ: მერაბ დვალიშვილს, ილია თოფურიას და რომან დოლიძეს.

დვალიშვილის მეტოქე ორიოდე დღის წინ გახდა ცნობილი (დოლიძის და თოფურიასი უფრო ადრე) 29 წლის მერაბ დვალიშვილს 33 წლის ბრაზილიელი რაონი ბარსელოსი დაუპირისპირდება. ქართველისთვის ეს მე–8 ორთაბრძოლაა UFC–ში, საიდანაც ჩვენებურს ბოლოს ზედიზედ ხუთი დაპირისპირებაა არ წაუგია. ასევე ზედიზედ 5 წაუგებელ ბრძოლას ითვლის ბარსელოსიც. მეტიც, ბრაზილიელმა ერთდაერთხელ სულაც 2014 წელს, UFC–ში შემოსვლამდე იწვნია მარცხი. მერაბმა კი ბოლოს 2018 წელს წააგო.

dvalishvili-1-1605392717.jpg
მერაბ დვალიშვილი

ასევე ბრაზიელიელი იქნება რომან დოლიძის მეტოქეც. ჯონ ალან არტემაც დოლიძის დარად ივლისში შედგა ფეხი UFC –ში. ივლისში ჩვენებურმა სადებიუტო პაექრობა რუს ხადის იბრაგიმოვს მოუგო და ამისათვის სრული დრო არც დასჭირებია. აქვე, შეგახსენებთ, რომ 32 წლის დოლიძე საერთოდაც წაუგებელია და ჩატარებული 7 ბრძოლიდან ყველა გამარჯვებით დაასრულა. არტეს კი 18 შეხვედრიდან 13 მოგებული აქვს და 5 წაგებული.

dolidze-1-1605392749.jpg
რომან დოლიძე

მეორედ ვიხილავთ UFC არენაზე 23 წლის ილია თოფურიასაც. საზოგადოდ კი ესპანეთში მცხოვრები ქართველი მებრძოლი ოქტაგონზე ზედიზედ მეცხრედ შეეცდება გამარჯვების მოპოვებას. მისი მოწინააღმდეგე ამერიკელი დეიმონ ჯეკსონია, რომელიც ხელმოცარული ბოლოს 2019 წელს გავიდა ოქტაგონიდან, სულ კი 32 წლის ტეხასელს 22 შეხვედრა აქვს გამართული, 18 მოგება 3 მარცხი და 1 ფრე არის მის აქტივში.

tofuria-1-1605392776.jpg
ილია თოფურია

სამივე ქართველი 6 დეკემბრისთვის აქტიურ სამზადისში და სრულ საბრძოლო განწყობაზეა.

გაგახსენებთ, რომ ოქტომბერში ასევე პირველად ვიხილეთ UFC ოქტაგონზე, ერთ შეჯიბრებაზე 2 ქართველი მებრძოლი და საბედნიეროდ მაშინ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მაშინ გიგა ჭიკაძემ და ილია თოფურიამ, შესაბამისად ომარ მორალესი და იუსუფ ზალალი დაამარცხეს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში Fight Night 179 ფარგლებში.

და აი, ახლა, უკვე ერთბაშად, 3 ქართველ მებრძოლს უნდა ვუქომაგოთ ლას ვეგასში, UFC არენაზე. რასაკვირველია, ჩვენთვის გამორჩეული დღე იქნება, მხოლოდ იმის გათვალისწინებითაც, რომ სამი ქართველი ერთ დღეს გავა საბრძოლველად, ხოლო თუ სამივემ წარმატების მოპოვება შეძლო – მთლად დიდი სიხარულის განცდა გველის!

წყარო: lelo.ge

SHARE