გულშემატკივარი ბელარუსთან მატჩზე – ფედერაციის საგანგებო განცხადება!

92

“გულშემატკივარს მოგიწოდებთ, რომ 8 ოქტომბერს, ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებს ბელარუსთან სახლიდან უგულშემატკივრ“, – ეს საგანგებო განცხადება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა.

“5 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა საქართველო-ბელარუსს შორის გასამართ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ მატჩზე გულშემატკივართა დასწრების საკითხზე იმსჯელეს. სხდომას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ესწრებოდა.

მოგეხსენებათ, უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან ორგანიზაციის წევრი ქვეყნები თავად იღებენ გადაწყვეტილებას ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, უეფას ეგიდით გასამართ სანაკრებო და საკლუბო მატჩებზე გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობით დასწრების შესახებ. თბილისის “დინამო არენის” ტევადობიდან გამომდინარე, სტადიონზე მაყურებლის საერთო რაოდენობის 30%-იც კი დაახლოებით 16 000 გულშემატკივარს შეადგენს.

როგორც საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, ათასობით გულშემატკივრის თავშეყრა ერთ სივრცეში, განსაკუთრებულ ეპიდემიოლოგიურ რისკებთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, ეპიდემიოლოგების, ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 8 ოქტომბერს თბილისის “დინამო არენაზე” საქართველოსა და ბელარუსის ეროვნულ ნაკრებთა მატჩი გაიმართება მაყურებლის გარეშე. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის პრიორიტეტულია თითოეული გულშემატკივრის, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ამიტომ, მოვუწოდებთ საქართველოს ეროვნული ნაკრების ქომაგებს, ამ ისტორიულ მატჩში სახლიდან უგულშემატკივრონ საყვარელ გუნდს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ უეფამ ეროვნულ ასოციაციაცებს ნება დართო, სტადიონები მათი ტევადობის არაუმეტეს 30 პროცენტი შეევსოთ. თუმცა გასათვალისწინებელი იქნებოდა თითოეულ ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია და ადგილობრივი ხელისუფლების პოზიცია. ისიც ცნობილია, რომ საქართველოში სტადიონებზე არაუმეტეს 200 ქომაგია დაშვებული…

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველო-ბელარუსის 8 ოქტომბრის მატჩზე მაყურებლის დაშვებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამის რეკომენდაციას არ იძლეოდა.

არსებულ ვითარებაშიჩვენ ვერ გავცემთ რეკომენდაციასრომ ამ თამაშზე დავუშვათ მაყურებელიჩვენი პოზიციაარომ თამაში ჩატარდეს უმაყურებლოდ“, – თქვა გამყრელიძემ.

ცხადია, ამ გადაწყვეტილებით გულშემატკივარი უკმაყოფილოა. მაგრამ გამყრელიძის პოზიციაა, რომ მთავარი ადამიანების ჯანმრთელობაა. მაგრამ ეს ნებართვები თუ პარტიულ შეკრებებზე გასცეს, საქართველოს ნაკრებმა რა დააშავა, რომელსაც არსებობის 30-წლიან ისტორიაში პირველად გაუჩნდა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი?!

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ბელარუსს დაუპირისპირდება. მატჩი 8 ოქტომბერს “დინამო არენაზე” გაიმართება. დასაწყისი 20:00 საათზე. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხი” შემოგთავაზებთ.

წყარო: lelo.ge

SHARE