ექსკლუზიური ინტერვიუ მერაბ დვალიშვილთან – ქართველი მებრძოლის მეტოქე ცნობილია

39

მერაბ დვალიშვილს UFC-ში ბოლო 5 ბრძოლა აქვს მოგებული. ბოლოს ქართველმა „მანქანამ“ ჯონ დოდსონი დამაჯერებლად დაამარცხა და ამჟამად ქვემსუბუქ წონით დივიზიონში (BANTAMWEIGHT) მე-12 ადგილს ფლობს. დვალიშვილი მომდევნო ბრძოლას 6 დეკემბერს ლას ვეგასში ჩაატარებს. თავდაპირველად, ქართველის მეტოქე კოდი სტამანი უნდა ყოფილიყო, თუმცა ამერიკელს კორონავირუსი დაუდგინეს და მან მერაბთან დაპირისპირებაზე, მიუხედავად იმისა, რომ საკმარისი დრო ჰქონდა, უარი თქვა.

საქართველოს პირველი არხის ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაციით დავადგინეთ, რომ დვალშვილის მომდევნო მეტოქე ბრაზილიელი რაონი ბარსელოსი იქნება. ბრაზილიელს შერეულ ორთაბრძოლებში ძალიან შთამბეჭდავი რეკორდი აქვს – 16 მოგება და 1 მარცხი. UFC-ში ის წაგების გარეშე ასპარეზობს (5-0). ბარსელოსმა ბრძოლა რამდენიმე დღის წინ ჰალიდ ტაჰას წინააღმდეგ ჩაატარა და მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა.

მერაბს ჩვენ ნიუ-იორკში დავუკავშირდით და რამდენიმე შეკითხვა დავუსვით:

– მომდევნო ბრძოლას რაონი ბარსელოსის წინააღმდეგ ჩაატარებ. ეს ძალიან ძლიერი მებრძოლია, რომელსაც ჯერჯერობით UFC-ში წაგება არ აქვს. ორმაგად დასაფასებელია შენგან, რომ დათანხმდი ამ ბრძოლას, რადგან რეიტინგში მასზე წინ ხარ. ბარსელოსზე ვისაუბროთ და გამარჯვების შემთხვევაში, დათანხმდები თუ არა მომავალში ტოპ 15-ში არმყოფ მებრძოლთან ბრძოლას?

დაგეთანხმებით, რაონი ძალიან ძლიერია. ჩემი აზრით, ის ალჯამეინ სტერლინგისა და კორი სანდჰაგენის შემდეგ, ჩვენი დივიზიონის ყველაზე სახიფათო მებრძოლია. შემეძლო ამ ბრძოლაზე უარი მეთქვა, თუმცა, როგორც უკვე გითხარით, მიმაჩნია, რომ ბარსელოსი დივიზიონის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წარმომადგენელია და მე მსურს დავამტკიცო, რომ ყველაფრისთვის მზად ვარ. სწორედ ამიტომ დავთანხმდი ამ რთულ გამოწვევას. სავარაუდოდ, გაცილებით მძიმე ტესტი მელის და ისეთივე იოლ გამარჯვებას ვერ მოვიპოვებ, როგორც გასულ 5 ბრძოლაში, თუმცა, როგორც ყოველთვის, მე ბოლომდე მჯერა საკუთარი შესაძლებლობებისა და ძალების, და დარწმუნებული ვარ, შევძლებ წარმატების მიღწევას. გარდა ამისა, გეტყვით, რომ გამარჯვების შემთხვევაში მომდევნო ბრძოლას მხოლოდ ყოფილ ჩემპიონთან ან ტოპ 5-ის მებრძოლთან დავთანხმდები.

– საკმაოდ ბევრი დრო გქონდა 6 დეკემბრის ბრძოლისთვის მოსამზადებლად. როგორ ფორმაში ხარ?

მოსამზადებელი ეტაპი ნორმალურად მიმდინარეობს. როგორც იცით, ნიუ-იორკში დარბაზები რთული ეპიდვითარების გამო კვლავ დახურულია. ამ რთულ პირობებში ჩემს გუნდთან ერთად მაქსიმუმს ვაკეთებ, რომ კარგად მოვემზადო. ვფიქრობ, 5 დეკემბერს ბრძოლას კარგ ფორმაში შევხვდები.

– 6 დეკემბრის ქარდზე მინიმუმ 3 ქართველი იბრძოლებთ. რამდენად გახარებს ეს მომენტი და გიმაღლებს მოტივაციას?

რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა, რომ ქართველები უკვე საკმაოდ ბევრნი ვართ UFC-ში. ამასთან ერთად, ყველა წარმატებით ვასპარეზობთ. მოუთმენლად ველოდები, როდის ვნახავ ბიჭებს და ერთმანეთში კარგ და სამოტივაციო ენერგიას გავცვლით. ნამდვილად განსაკუთრებული ქარდია ქართველებისთვის.

– ბარსელოსის დამარცხების შემთხვევაში, ხომ არ გყავს კანდიდატურა, ვისთანაც ისურვებდი მომდევნო ბრძოლის ჩატარებას?

ჯერ, რა თქმა უნდა, მხოლოდ ბარსელოსთან ბრძოლაზე ვფიქრობ. ეს რთული ტესტი მაქვს გასავლელი და მხოლოდ რაონისთან ბრძოლაზე ვარ კონცენტრირებული. თუ მოვიგებ, მომდევნო ბრძოლას მხოლოდ ტოპ 5-ის წარმომადგენელთან ან ყოფილ ჩემპიონთან დავთანხმდები. სიამოვნებით გავიზიარებდი ოქტაგონს ტი ჯეი დილაშოუსთან, დომინიკ კრუზთან, ფრენკი ედგართან, კოდი გარბრენდტთან ან ჟოზე ალდოსთან.

– ტრავმების მხრივ როგორი ვითარებაა? რაიმე დაზიანება ხომ არ გაქვს?

ნეკნი მქონდა გაბზარული და ვარჯიშებზე მაწუხებდა ხოლმე პერიოდულად, მაგრამ ახლა ნაკლებად მტკივა და თითქმის სრული დატვირთვით ვვარჯიშობ. 5 დეკემბრამდე რეაბილიტაციას სრულად შევძლებ.

წყარო: 1tv.ge

SHARE