რუსეთ-საქართველოს ომიდან დღემდე…

85

გორელი შოთა ბეთლემიძე, ამჟამად, ქართველ MMA მებრძოლთა შორის, ასაკით ალბათ, ყველაზე უფროსია და შედეგებით ერთ–ერთი უკეთესი მაჩვენებელიც აქვს – 13 მოგება 1 ფრე 2 მარცხი.

39 წლის მძიმეწონოსანი სპორტსმენი არენიდან ჩამოსვლას ჯერ არ აპირებს. მეტიც, მან უკვე მწვრთნელობასაც მოჰკიდა ხელი და თავის ბრძოლებთან ერთად, უმცროს თაობას, შეძენილ ნიჭსა და გამოცდილებას უზიარებს.

,,დიდი ხანია სურვილი მქონდა, მწვრთნელის ამპლუაშიც მეცადა ბედი. ვფიქრობ, რომ ნაყოფიერად ვშრომობთ. პატარებსაც ვამზადებ და, სხვათა შორის, ცოტა ხნის წინათ, გამოცდილი ამირან გოგოლაძე, მისი მწვრთნელის მიშა მესხის ხელმძღვანელობით, სწორედ ჩვენს Alpha Green  Fight Club –ში მოემზადა, როდესაც დიუსელდორფში, უკრაინელი პაველ კუშჩი სულ 1 წუთში გაანადგურა. მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდობა ჯანსაღი ცხოვრების წესით უნდა ცხოვრობდეს, ჯანმრთელი უნდა იყოს და ამ საქმეში ჩემი წვლილიც ამ გზით შემაქვს“ – ამბობს შოთა.

ბეთლემიძე საქართველოსთვის სხვა ფრონტიდანაც იბრძოდა. დიახ, ამას პირდაპირი მნიშვნელობით ვამბობთ, რადგან იგი 2008 წლის რუსეთ – საქართველოს საომარი მოქმედებების მონაწილეა და სამშობლოსთვის სისხლიც დაუღვრია.

საინტერესოა, რომ იგი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრიდანაა, ანუ იქიდან სადაც დიდი ფალავნები, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები ძიუდოში თემურ ხუბულური და კობა კურტანიძე დაიბადნენ და გაიზარდნენ. ამიტომ, გასაკვირი არ ყოფილა, სპორტის მოყვარულმა შოთამ ბავშვობაში, თავდაპირველად კიმანო რომ მოირგო.

,,ბავშვობაში ძიუდოზე ვვაჯიშობდი, რასაკვირველია ეს სახეობა პირველ ყოვლისა ჩემი მშობლიური სოფლის ლეგენდარული ფალავნების მიბაძვით ავირჩიე. მაგრამ აქ, სამწუხაროდ დიდი გამარჯვებები არ მომიპოვებია. მერე კრივზე დავიწყე ვარჯიში, საიდანაც ადვილად გადავედი შერეულ ორთაბრძოლებზე. საერთოდ კი, ყოველთვის იმდენად მიყვარდა სპორტი, რომ მხოლოდ ძალისმიერ სახეობებში არ მიმეცადინია და პატარაობისას, ორი წელიწადი ჭადრაკზეც კი დავდიოდი“ – გვეუბნება ბეთლემიძე.

პანდემიის გამო, წლევანდელი წელი ისე ილევა, შოთას ორთაბრძოლის გამართვამ ვერ მოუწია, ამიტომ სპორტსმენი ცოტა არ იყოს გულდაწყვეტილია.

,,კორონავირუსის გამო მოგეხსენებათ, მსოფლიოში უამრავი შეჯიბრება გადაიდო და გამონაკლისი ვერც ჩემი ბრძოლები იქნებოდა. მარტში, თურქეთში უნდა მეასპარეზა, სერიოზულად ვემზადებოდი საამიდოს, თუმცა ამაოდ. შეჯიბრება არ შედგა. ვნახოთ, იმედი გვაქვს, მალე შეიცვლება სიტუაცია და მეც ისევ მიხილავთ არენაზე“ – იმედიანადაა ჩვენი რეპონდენტი.

საინტერესოა, რომ ბეთლემიძის ორთაბრძოლებისას, არენაზე მისი შემოსვლის დროს ,,მხედრული“ ირთვება და ,,ბრძოლის ყიჟინა მოგვესმა“ -ს ფონზე გამოდის გორელი სპორტსმენი საასპარეზოდ. ,,იქ, სადაც საბრძოლო შოუს ორგანიზატორები ნებას გვრთავენ ჩვენს მიერ შერჩეული მუსიკალური ფონით გავიდეთ არენაზე, მე მუდამ “მხედრულს” ვარჩევ. ის საუკეთესოდ განმაწყობს და შემართებას მმატებს“

ბევრჯერ გვინახავს, როდესაც ბეთლემიძეს ბრძოლისას სეკუნდანტად, კიდევ ერთი ქართველი MMA მებრძოლი, გიორგი ტაბატაძე უზის რინგთან და პირიქით, ტაბატაძეს თავისი შერკინებისას ბეთლემიძე ჰყავს იმავე ამპლუაში.

,,ჩვენ მეგობრები და უკვე ნათლიებიც ვართ. ერთმანეთის შესაძლებლობები კარგად ვიცით. კარგად ვერკვევით ერთმანეთის ასპარეზობის დადებით და უარყოფით მხარეებში და რადგან გარედან დანახულიც მეტად მნიშვნელოვანია ბრძოლის მონაწილისათვის, შეხვედრის მიმდინარეობისას, ვკარნახობთ და რჩევებს ვაძლევთ ერთმანეთს. ეს ძალიან გვეხმარება – ამბობს შოთა.

ბეთლემიძეს იმაზეც ვკითხეთ, თუ განვლილი ორთაბრძოლებიდან რომელს მიიჩნევს ყველაზე რთულად და დასამახსოვრებელ შეხვედრებად. ასეთებად მან 2015 წელს ირანელ მეჰდი რაჰმანთან და 2017 წელს უკრაინელ თემურ იურიევთან მოგებული პაექრობები დაასახელა. სხვათა შორის, იურიევს კარიერიაში, ჯერჯერობით, მხოლოდ 1 ბრძოლა აქვს წაგებული და ისიც სწორედ შოთასთან.

გორელ კაცს, რომელსაც ომის სიმძაფრე საკუთარ თავზე გადაუტანია, სპორტულ ორთაბრძოლაში შესვლა არ გაუჭირდება. ამიტომ, ბეთლემიძე არც ასაკს უფრთხის და მომდევნო მოწინააღმდეგეს დიდი შემართებით ელოდება.

SHARE