ვლადიმირ ვაისი: იმედი მაქვს, რომ მწვრთნელის როლში პირველად მოვუგებ ირლანდიას

120

11 ოქტომბერს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა და ირლანდიასთან მომავალ შეხვედრაზე ისაუბრა.

“ორშაბათიდან ვემზადებით ხვალინდელი შეხვედრისთვის და შეკრებით კმაყოფილი ვარ. ირლანდიას ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს მან ეს წინა შეხვედრებში დაამტკიცა და მისგან სურპრიზებს უნდა ველოდოთ.

ჩვენ ხვალინდელ თამაშს ვიყენებთ ერთა ლიგის მატჩებისთვის მოსამზადებლად. ერთა ლიგის მოგება, კი ევროპის ჩემპიონატზე გასვლას და ქართული ოცნების ასრულებას უდრის.

მეტოქეს ჰყავს ფიზიკურად ძლიერი დაცვა, ამავდროულად მათი შეტევა კარგად მოქმედებს და არის სახიფათო. მეტოქეს დაუბრუნდა შეინ დაფი, რომელიც ირლანდიელების ერთ-ერთი ლიდერია და გამორჩეული ფეხბურთელია.

ირლანდიის ნაკრების ფეხბურთელებს აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება და ძალიან კარგი სათამაშო გარემო. მათთან თამაში შეიძლება ერთი შეხედვით მარტივი ჩანდეს, თუმცა ასე არ არის. ეს ნაკრები არის ჯგუფში პირველი და თამაშობს მაღალი ხარისხის ფეხბურთს.

იმედი მაქვს, რომ მწვრთნელის როლში პირველად მოვუგებ ირლანდიას. როცა სლოვაკეთის მწვრთნელი ვიყავი, მაშინაც ირლანდიას ფრე ვეთამაშეთ.

ჩვენ მოვიგებთ ხვალინდელ შეხვედრაში თუ თავდასხმაში კარგად ვითამაშებთ, მაგალითად დანიასთან დაცვა და ნახევარდაცვა კარგი იყო, ამჯერად უნდა დავაბალანსოთ შეტევა და მივაღწიოთ შედეგს.

რა თქმა უნდა არიან ნაკრებში ფეხბურთელები, რომლებსაც კლუბებში სათამაშო დრო არა აქვთ და ეს პრობლემაა. ჩვენ კი ისინი ძირითადი შემადგენლობისთვის გვჭირდება. თუმცა წინა შეხვედრის შემადგენლობის წევრების უმრავლესობას, კლუბში სათამაშო დრო აქვთ და კარგ ფორმაში არიან. ჯანო ანანიძეც გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა  რაც სასიხარულოა.

დანიასთან მატჩის შემდეგ ბევრი ცვლილება არ იქნება, სამწუხაროდ გიორგი ქვილითაიას ბელგიაში კარგი დრო არ უდგას, ვიმედოვნებ ის გამოავლენს თავის შესაძლებლობებს ნაკრებში და კლუბშიც მიეცემა დრო. მე მას მივცემ შანსს.

ჩვენ ხვალინდელ შეხვედრაში ფიზიკურზე მეტად ფსიქოლოგიურად უნდა ვიყოთ მზად, ირლანდიელებს ჰყავთ ძლიერი ფეხბურთელები, მაგრამ ჩვენ უფრო ტექნიკურები ვართ და ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ.

ამ ეტაპზე ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, რა იქნება შემდეგი მატჩების შემდეგ. ჩემი წასვლა – არ წასვლა დამოკიდებულია შედეგებზე. ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია და მარტამდე დარჩენილ შეხვედრებზე ვარ დამოკიდებული.

ვნახოთ რა შედეგები იქნება წლის ბოლომდე, შემდეგ კი ფედერაციასთან დავილაპარაკებთ. რადგან მარტის მატჩები არის მნიშვნელოვანი ქართული ფეხბურთისთვის, ქართველი გულშემატკივრებისთვის და ეს ერთიანად უნდა გადავწყვიტოთ.

ჩემი მომავალი და საქართველოს ნაკრების მომავალი ერთმანეთთან არის დაკავშირებული.

ირლანდიელთა ფეხბურთის თამაში არის ეფექტური ცეკვა, ის ჰგავს რივერდანსს. თუმცა მე მინდა გითხრათ რომ საქართველოშიც ფანტასტიურად შეგვიძლია ცეკვა.

ჩვენს ნაკრებში ყველა ფეხბურთელი მზად არის ხვალინდელი შეხვედრისთვის, ვიცი რომ ირლანდიას ჰყავს ტრავმირებული ფეხბურთლები. ძალიან რთული შეხვედრა გველის. იქნება თუ არა იგივე შემადგენლობა რაც დანისთან გვყავდა? ალბათ იქნება ცვლილებები.

ნავსის გატეხვა მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოგება. ჩვენ არ გვაქვს ჯგუფიდან გასვლის შანსი, თუმცა გვაქვს იმის მოტივაცია რომ ხვალ მოვიგოთ. რაც შეეხება ირლანდიას ისინი ჯგუფიდან გასვლისთვის იბრძვიან და დარწმუნებული ვარ რომ თავის შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოავლენენ.

გიორგი პაპუნაშვილმა მომწერა, რომ ის ტრავმის შემდეგ სრულად არ იყო მზად და ერჩივნა გუნდთან ერთად ყოფილიყო. მე კი ვუპასუხე – კარგი!

გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი ფრენის შემდეგ მიუხედავად იმისა რომ ცოტა დაღლილი არიან, პროფესიონალები არიან და შეძლებენ თამაშს”, – აღნიშნა ვაისმა.
ხვალ, 12 ოქტომბერს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში საქართველოს ნაკრები ირლანდიას დაუპირისპირდება.
წყარო: sportall.ge
SHARE