ზაზა ფაჩულიას რეკორდი NBA-ში

117

ფრანგულმა საკალათბურთო საიტმა Parlons-basket-მა ის 5 ხმაურიანი ამბავი ჩამოთვალა, რომელთა მთავარი გმირებიც NBA-ში ნაკლებად გამორჩეული მოთამაშეები იყვნენ. ხუთეულში საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ზაზა ფაჩულიაც მოხვდა, რომელმაც შთამბეჭდავი მატჩი (2015 წლის მარტში) მილუოკი ბაქსის მაისურით ჩაატარა. ბრუკლინ ნეთსთან თამაშში მის ანგარიშზე შეტევაში 18 მოხსნა (!) იყო. აი, რას წერს აღნიშნული ვებ-გვერდი ქართველ ცენტრზე.

ზაზა ფაჩულია – 18 მოხსნა შეტევაში

სრული სტატისტიკა ბრუკლინთან მატჩში: 22 ქულა (თამაშიდან 16-დან 9), 21 მოხსნა (18 შეტევაში), 7 პასი.

ალბათ, არ იცით, რომ ერთ მატჩში შეტევაში გაკეთებული მოხსნების მიხედვით, ფაჩულია NBA-ს რეკორდსმენია. მისი იდენტური შედეგი მხოლოდ დენის როდმანსა და ჩარლზ ოუკლის გააჩნიათ.

ფაჩულიას გარდა, ხუთეულში ენდრიუ ბლატჩი (36 ქულა ნიუ ჯერსისთან), ჯარედ დადლი (თამაშიდან 10-დან 10 ზუსტი ტყორცნა ატლანტასთან), ტერენს როსი (51 ქულა კლიპერსთან) და როდრიგ ბობუა (40 ქულა გოლდენ სტეიტთან) მოხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ 36 წლის ფაჩულია 2003 წლის დრაფტზე 42-ე ნომრად აირჩიეს. NBA-ში მისი პირველი კლუბი ორლანდო მეჯიქი (2003-04) იყო, შემდეგ კი, მილუოკი ბაქსში (2004-05, 2013-15), ატლანტა ჰოუქსში (2005-13), დალას მავერიქსში (2015-16), გოლდენ სტეიტ უორიორსსა (2016-18) და დეტროიტ პისტონსშიც (2018-19) ითამაშა. ზაზა გოლდენ სტეიტის რიგებში ლიგის 2-გზის ჩემპიონია, მისი საშუალო სტატისტიკური მაჩვენებლები კი ასე გამოიყურება: 20.3 წუთი, 6.8 ქულა, 5.8 მოხსნა, 1.3 პასი.

წყარო: popsport.ge

SHARE