ზედიზედ 10 ჯოკოვიჩისგან – ნოვაკი ნახევარფინალშია

74

უიმბლდონის მამაკაცთა ტურნირის პირველი ნახევარფინალისტი ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა. მსოფლიოს პირველმა ნომერმა სამ სეტში იოლად დაამარცხა ბელგიელი დავიდ გოფენი – 6:4, 6:0, 6:2. სერბს ზუსტად ორი საათი დასჭირდა მოგებისთვის.

პირველი სეტის პირველ ნახევარში უპირატესობას გოფენი ფლობდა. მან მესამე გეიმში ორი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ, მეშვიდე გეიმში შეასრულა ბრეიკი, 4:3 დაწინაურდა და სეტის მოგებას მიუახლოვდა, მაგრამ 3:4-დან მოყოლებული, ჯოკოვიჩმა ზედიზედ 10 გეიმი მოიგო და 6:4, 6:0, 1:0 დაწინაურდა.

მესამე სეტში გოფენმა თითქოს გაიბრძოლა, უფრო მეტი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, მაგრამ მეტოქის მოწოდება ვერ აიღო, ჯოკოვიჩმა კი ეს კიდევ ორჯერ გააკეთა. საბოლოოდ, ნოვაკმა ათიდან შვიდი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, გოფენმა – ექვსიდან ერთი. სერბის ანგარიშზე 24 „ვინერსი“ და 17 უნებლიე შეცდომა იყო, სამ-სამი ეისი და ორმაგი შეცდომა და პირველ მოწოდებაზე მოგებული ქულების 76 პროცენტი.

ჯოკოვიჩი მეცხრედ ითამაშებს უიმბლდონის ნახევარფინალში. ამ ეტაპზე მისი მეტოქე ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტისა და არგენტინელი გვიდო პეიას მატჩში ირკვეოდა. პირენეელმა ოთხ სეტში მოიგო – 7:5, 6:4, 3:6, 6:3. შეხვედრა სამი საათი და რვა წუთი გრძელდებოდა.

პეია დიდად არ ჩამოუვარდებოდა ბაუტისტას. 14:4 მოუგო ეისებში, 13:16 ჩამორჩა ბრეიკ-პოინტებში და 2:4 ბრეიკებში. არგენტინელს უფრო მეტი „ვინერსი“ ჰქონდა – 46 42-ის წინააღმდეგ, მაგრამ ძალიან ბევრი – 50 უნებლიე შეცდომა დააგროვა.

სხვათა შორის, ბაუტისტა აგუტმა პირველი სეტი წააგო მიმდინარე უიმბლდონზე. ესპანელი კარიერაში პირველად ითამაშებს „დიდი სლემის“ ტურნირის ნახევარფინალში.

ბაუტისტა აგუტი მეექვსე ესპანელია, ვინც უიმბლდონის ნახევარფინალში გავიდა. მანამდე ეს შეძლეს: მანუელ ალონსო-არეისაგამ (1921), მანუელ სანტანამ (1963, 1966), ანდრეს ხიმენომ (1970), მანუელ ორანტესმა (1972) და რაფაელ ნადალმა (2006-08, 2010-11, 2018, 2019).
ჯოკოვიჩი ურთიერთშეხვედრებში 7:3-ს უგებს ესპანელს.

წყარო: lelo.ge

SHARE