თენგიზ სულაქველიძე: იმ თამაშის წაგება მე დამბრალდა, თორემ მსოფლიოს ჩემპიონატზე აუცილებლად წამიყვანდნენ!..

175

თენგიზ სულაქველიძე – ქართული ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა, ვინც დღემდე შეინარჩუნა დიდი სითბო და ადამიანური უბრალოება. დიდი, ძალიან დიდი ფეხბურთელი იყო ჩვენი გმირი: მწვანე მინდორზე ტოლ-სწორად ებრძოდა თვით დიეგო მარადონასა და სხვა დიდ ვარსკვლავებს.

ფეხბურთზე ცოტა გვიან შევედი…

– რა თქმა უნდა, ფეხბურთი თავიდანვე ძალიან მიყვარდა და ბევრს ვთამაშობდი ქუთაისში, ჩემს მშობლიურ უბან ჭომაში. მაშინ ცოტა სხვანაირად იყო საქმე: ეზოს ფეხბურთი იყო მთავარი. მეც ეზოში გავიზარდე ფეხბურთის თვალსაზრისით, მაგრამ რასაც ჰქვია ფეხბურთზე შესვლა, ცოტა გვიან შევედი. მანამდე ნიჩბოსნობაში ვვარჯიშობდი იქვე, ჩემს უბანში…

ვერ ვიტყვი, სულ საყრდენი ნახევარმცველი ვიყავი-მეთქი. ქართველი ბიჭების ამბავი ყველამ იცის – გული სულ წინ, შეტევისკენ მიუწევთ. ბავშვობაში თითქმის ყველა პოზიციაზე ვითამაშე. მოგვიანებით ეს უნივერსალიზმი ძალიან გამომადგა. მათ შორის, თბილისის “დინამოში”.

…ასე მივედი ტორპედოში

– შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ძალიან გამიმართლა მწვრთნელებში. ვისთანაც ვიმუშავე, ყველა ძალიან კარგი ადამიანი იყო – თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი. ჩემი პირველი მწვრთნელი გახლდათ მიხეილ ლოსაბერიძე. მწვრთნელობის პარალელურად მსაჯობდა კიდეც. ძალიან ბევრი რამ მასწავლა.

ვიმუშავე კარლო ხურციძესთან, 1974 წელს კი გიგა ნორაკიძემ მიმიწვია “ტორპედოში”. ნორაკიძეზე ცალკე მინდა ვთქვა – ეს იყო უაღრესად ერუდირებული, ფეხბურთის მაგრად მცოდნე ადამიანი, რომელიც განსაკუთრებულ ნდობას უცხადებდა ახალგაზრდებს და მეც ამიყვანა “ტორპედოში”.

ძალიან კარგი გუნდი იყო ის “ტორპედო”. ბოლოს და ბოლოს, იყო დრო, ჩვენთან ერთად მურთაზ ხურცილავა თამაშობდა. ხომ წარმოდგიდგენიათ, რას ნიშნავდა ეს ჩვენთვის – ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის?..

მერე და მერე ასპარეზზე გამოვედით ის თაობა, რომელმაც მოგვიანებით თავისი სიტყვა თქვა თბილისის “დინამოში” – რამაზ შენგელია, ოთარ გაბელია, თამაზ კოსტავა, ზაურ სვანაძე… კარგი გუნდი იყო…

დინამოში ადრეც მეძახდნენ, მაგრამ…

– ჩემს შემთხვევაში გამონაკლისი არ მომხდარა. ნოდარ ახალკაცი აკვირდებოდა ფეხბურთელებს სხვადსასხვა კლუბებში. მერე გამოუშვებდა თამაშებზე თავის წარმომადგენლებს და ასე ხდებოდა გადასვლა “დინამოში”…

სიმართლე გითხრათ, “დინამოში” ადრეც მეძახდნენ, იყო ლაპარაკი ამის თაობაზე, მაგრამ მაშინ ვერ გავბედე. ყველაფერს რომ თავისი სახელი დავარქვათ, პირდაპირ ვიტყვი – შემეშინდა. დიდი კონკურენცია იყო მაშინ “დინამოში”. უკან დაბრუნება კი არ იყო სასურველი.

დრო მოვიდა და ვიფიქრე, გავრისკავ-მეთქი. კარგი იქნებოდა, თუ “დინამოში” მოვხვდებოდი, თუ არა და ქუთაისი აგერ არ იყო? მოკლედ, გავრისკე და თანხმობა ვთქვი “დინამოზე”.

ის განსაკუთრებული პროფესიონალი იყო…

– “ტორპედოში” წლების განმავლობაში მცველი ვიყავი. “დინამოში” რომ მივედი, ნოდარ ახალკაცმა ნახევარდაცვის ცენტრში გადაწყვიტა ჩემი დაყენება. დაცვაშიც მითამაშია, მაგრამ უფრო მეტად – ნახევარდაცვაში. სპეციალური ვარჯიშები მქონდა ამისთვის…

ნოდარ ახალკაცი ცალკე თემაა. მადლობა ღმერთს, მასთან მუშაობამ რომ მომიწია. ეს იყო აბსოლუტურად უნიკალური ადამიანი, რომელიც დაბადებული გახლდათ ფეხბურთისათვის. როცა ახალგაზრდა ხარ, ეს ცოტა ძნელი გასაგებია. ვფიქრობდით ბიჭები, ან ცოლ-შვილი არ ენატრება, ან მეგობრები?! სულ ბაზაზე იყო კაცი, სულ მუშაობდა. მთელი მისი არსება ფეხბურთს ეკუთვნოდა…

პირველი და ბოლო

– ეს ორი თამაში ძალიან კარგად მახსოვს თბილისის “დინამოში”. ჩემი დებიუტი შედგა 1978 წლის 1 სექტემბერს. მაშინ ჩვენ ბაქოში ვითამაშეთ. ნოდარ ახალკაცმა მეორე ტაიმში შემიშვა მინდორზე. თამაში 3:3 მორჩა. ბოლო თამაში კი იყო თბილისში, 1988 წელს, კიევის “დინამოსთან”. ეს თამაშიც ფრედ დასრულდა – 1:1.

სხვათა შორის, სწორედ ახალკაცმა დამაწყებინა “პერსონალურად” თამაში. ვინ აღარ დამიჭერია. მარადონას და სხვებს რომ თავი დავანებოთ, საბჭოთა კავშირის გამორჩეული ფეხბურთელები იყვენენ ასეთები. მაშინდელ “დინამოში” იყო ამის ფუფუნება – უკანაც ვთამაშობდი, კაციც “მეჭირა” და წინ, შეტევებში ჩართვებსაც ვასწრებდი. ფიზიკური მომზადება მაძლევდა  ამის საშუალებას

იმ დინამოს ყველა უფრთხოდა…

– მაშინდელი “დინამო” ის გუნდი იყო, ყველა რომ უფრთხოდა. ბევრი შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ. აღარც კი ვიცი, რომელი გავიხსენო. “კარლ ცაისთან” თავისთავად, “ფეიენოორდთან”, “ვესტ ჰემთან”, “ლივერპულთან”…”

ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი მგონი როტერდამის “ფეიენოორდთან” მქონდა თბილისში. ძალიან ძლიერ მოწინააღმდეგეს 3:0 მოვუგეთ, მე კი 2 გოლი გავიტანე და შინ დამაჯერებელმა გამარჯვებამ დიდად შეუწყო ხელი “დინამოს” ფინალში გასვლას.

…რამაზ შენგელიასთან განსაკუთრებულ მეგობრობაზე მკითხეთ და გეტყვით: ჩვენ მართლაც განსაკუთრებული მეგობრობა გვაკავშირებდა. ჯერ ერთი, ერთად გავიზარდეთ, მერეც, “დინამოშიც” სულ ერთად ვიყავით, ერთ ნომერში ვცხოვრობდით შეკრებებისას თუ გასვლითი მატჩების დროს, კლუბი იქნებოდა თუ ნაკრები. უდიდესი თავდამსხმელი იყო რამაზი – ისეთი, მსოფლიოს ნებისმიერ კლუბს რომ დაამშვენებდა!..

სამი უდიდესი მწვრთნელი ერთად… ეს მეტისმეტი იყო…

– საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში ვითამაშე 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადაზე. რა თქმა უნდა, ყველა პირველ ადგილს ელოდა ჩვენგან, მაგრამ მესამეზე გავედით. ალბათ, ზედმეტმა თავდაჯერებამ დაგვაღალატა.

ამავე წელს ვითამაშე პირველად სავსე “მარაკანაზე”. ასეთი რამ არ იყო ჩემთვის უცხო, მაგრამ “მარაკანას” ატმოსფერო მაინც განსაკუთრებული. ბრაზილიას მაშინ ტელე სანტანა წვრთნიდა. ამ გუნდში თამაშობდნენ ზიკო, სოკრატესი, ფალკაო, ედერი, ჟუნიორი…

130 ათასი კაცი იყო თამაშზე. შეაგდო ბრაზილიამ, მერე ზიკომ ვერ გაიტანა პენალტი. ამან ჩვენზე კარგად იმოქმედა, გონს მოვეგეთ, 2 გოლი გავიტანეთ და მოვიგეთ. ის საღამო, ის თამაში არასდროს დამავიწყდება…

ასევე ვითამაშე “უემბლიზე” ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ. ესეც დაუვიწყარი მოგონებაა ჩემთვის. ის მატჩიც მოვიგეთ…

1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე საბჭოთა კავშირს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავდა. წარმოიდგინეთ, იმ გუნდში დათო ყიფიანი და ვოვა გუცაევიც რომ ყოფილიყვნენ!.. ძალიან დიდი შანსი იყო, მეტისთვის მიგვეღწია, მაგრამ…

ჩემი აზრით, ბესკოვის, ახალკაცისა და ლობანოვსკის ტრიუმვირატმა არ გაამართლა. სამი უდიდესი მწვრთნელი ერთად – ეს მეტისმეტი იყო. არადა, მართლა უდიდესი მწვრთნელი იყო სამივე. რომელიმე მათგანი რომ ყოფილიყო დამოუკიდებლად, ჩემი აზრით, უკეთესი იქნებოდა.

დიეგო მაინც სულ სხვა იყო…

– ზემოთაც ვთქვი, არაერთი დიდი ვარსკვლავის წინააღმდეგ მითამაშია. მეამაყება, რომ სამჯერ ვიყავი დიეგო მარადონას პირისპირ. ორჯერ მაშინ, აქტიური ფეხბურთელი რომ ვიყავი, და ერთხელაც მოგვიანებით, როცა საქართველოში რომ ჩამოვიდა ვეტერანთა მატჩში სათამაშოდ…

ის იყო აბსოლუტურად წარმოუდგენელი შესაძლებლობის ფეხბურთელი, რომელიც ყველაფერს აკეთებდა მინდორზე. მისი გაჩერება უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. მაქსიმუმ, ნორმალურად გეთამაშა მის წინააღმდეგ. ხელს თუ შეუშლიდი მხოლოდ, სხვა არაფერი…

მითამაშია ზიკოს, ფალკაოს, კიგანისა და სხვა გამორჩეული ვარსკვლავების წინააღმდეგ, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ მარადონას შემდეგ ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა დანიელმა ვარსკვლავმა, პრებენ ელკიაერ-ლარსენმა.

რომ არა ის, უდიდესი ალბათობით მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატზე ვითამაშებდი. დანიასთან წაგების (2:4) შემდეგ თითქმის ყველაფერი მე დამბრალდა – ელკიაერი ვერ დაიჭირეო. არადა დაცვის ოთხეული ვთამაშობდით ზონაში და ელკიაერის დაჭერა ჩემთვის არავის დაუვალებია!..

კარიერის ბოლოს, 1988 წელს, ვალერი ლობანოვსკიმ ევროპის ჩემპიონატზე წამიყვანა. ძალიან მადლობელი ვარ მისი. ევროპის პირველობაზე კარგად ვითამაშეთ. ფინალში დავმარცხდით ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებთან და ვერცხლის მედლები მოვიპოვეთ…

გული მხოლოდ ამაზე მწყდება…

– რა თქმა უნდა, არ ვარ უკმაყოფილო ჩემი კარიერით. ვითამაშე პრაქტიკულად ყველა დიდ ტურნირზე. მოვიგე სხვადასხვა ტიტული და, რაც მთავარია, თასების მფლობელთა თასი!.. და მაინც, არის ერთი რამ, რაც გულს ნამდვილად მწყვეტს – ერთხელაც ვერ ვითამაშე საქართველოს ნაკრების მაისურით, მეორე მხრივ, მაშინ “დინამო” იყო ჩვენთვის საქართველოს ნაკრები, მაგრამ მაინც არის გარკვეული სინანული.

რას ვიზამთ, იმითაც ბედნიერი ვარ, რომ დღეს საქართველოს ნაკრების ქომაგობის საშუალება მაინც მეძლევა…

წყარო: lelo.ge

SHARE