იოჰან კრუიფი გვასწავლიდა: ფეხბურთში მთავარია თავი!.. …ეს არის მარტივი თამაში, მაგრამ მისი მარტივად თამაში ძალიან რთულია

88

თანამედროვე ფეხბურთს იოჰან კრუიფის კვალი მძლავრად ატყვია. რინუს მიხელსის დიდმა მოწაფემ, ვინც სულ სხვანაირად უყურებდა მილიონების საყვარელ თამაშს, თავის დროზე არაერთი საფეხბურთო სიბრძნე გაგვიზიარა. ეს არის „ოქროს სიტყვები“, რომელიც ძალიან დააინტერესებს ჩვენს მკითხველს.

თავი რომ დავანებოთ კრუიფის უნიკალურ საფეხბურთო მიღწევებს, სწორედ მან შექმნა თანამედროვე „ბარსელონას“ საფეხბურთო ფილოსოფია, რომელმაც მილიონობით ადამიანს შეაყვარა ფეხბურთი…

…“ზოგი ბურთს კენწლავს და მეტოქის ოთხ მცველს საჭირო პოზიციაზე დაბრუნებისთვის დროს აძლევს. ხალხს ასეთი მოთამაშე დიდ ფეხბურთელად მიაჩნია, მე კი ვფიქრობ, რომ უკეთესია, თუ ის ცირკში იმუშავებს. მისი ადგილი უფრო იქაა…

…არ შეიძლება, „ტექნიკა“ ვუწოდოთ ბურთის 100-ჯერ აკენწვლას. შეგიძლია, ამას ვარჯიშით მიაღწიო, შემდეგ კი ცირკში იმუშაო. ტექნიკა ბურთთან ერთი შეხებით, შესაფერისი ძალით, შესაფერისი ფეხით პასის გაკეთებაა იმ თანაგუნდელისთვის, რომელიც ბურთს შენგან ელოდება…

…ჩემს გუნდებს აქვთ ერთი განსაკუთრებული თვისება: იქ მეკარე მთავარი შემტევია, ხოლო თავდამსხმელი – ნომერ პირველი მცველი. ამას მოითხოვს თანამედროვე ფეხბურთის საჭიროება…

…მე ვერ ვიზიარებ შეხედულებას იმის შესახებ, რომ არ შეიძლება, შენთან შედარებით მდიდარი გუნდი დაამარცხო. არასოდეს მინახავს, ფულის ტომარას გოლი შეეგდოს. ეს, უბრალოდ, გამორიცხულია და არც არასოდეს მომხდარა!..

…მე ყოველთვის დროულად ვაკეთებდი პასს. ამას ერთადერთი მიზეზი ჰქონდა – თუ ბურთს დავკარგავდი, პარტნიორებს უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენებდი, რადგან ერთადერთი ადამიანი ვიქნებოდი, ვისაც მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელი არ ეყოლებოდა აყვანილი…

…მე ვიყავი ფეხბურთელი, მწვრთნელი, მენეჯერი, პრეზიდენტი… ჩემს თავზე დაკვირვებით უნდა ვთქვა, რომ მუდმივი არაფერია და დასასრული აქვს აბსოლუტურად ყველაფერს!..

…ფეხბურთში მთავარი წამია – წამით დაიგვიანე? ეპიზოდი ჩავლილია! წამით ადრე მიხვედი? მაშინაც არ გაგიმართლებს…

…სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ ფეხბურთელი საშუალოდ 3 წუთის განმავლობაში ფლობს ბურთს თამაშის განმავლობაში. ისმის კითხვა? რას აკეთებს ის დანარჩენი 87 წუთის განმავლობაში? სწორედ ამ დროის განმავლობაში გაკეთებული საქმეები განსაზღვრავს ფეხბურთელის რაობას…

…რა არის მთავარი, როცა საქმე ბურთს ეხება? მარტივადაა ყველაფერი: არსებობს ერთი ბურთი და ის ბურთი შენ უნდა გქონდეს!..

…რელიგიური ნაკლებად ვარ. თავის დროზე დავაკვირდი: მაგალითად, ესპანეთში მინდორზე გასვლის წინ ოცდაორივე ფეხბურთელი პირჯვარს იწერს. ამას რომ რამე მნიშვნელობა ჰქონდეს, ლოგიკურად ყველა შეხვედრაში ფრე დაფიქსირდებოდა…

…გუნდის მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ის, რომ მეტოქის გუნდის ყველაზე სუსტ ფეხბურთელს რაც შეიძლება ხშირად უნდა ჰქონდეს ბურთი. ასეთ შემთხვევაში გუნდი ბურთს ძალიან იოლად დაიბრუნებს…

…ბურთი როცა გაქვს, სათამაშო სივრცე უნდა გაზარდო. როცა შენს მოწინააღმდეგეს აქვს ბურთი, უნდა შეამცირო…

…ავიღოთ გოლფი. იქ ერთი მოთამაშეა და ყველა სვლას სხვადასხვა მწვრთნელი ასწავლის. ფეხბურთში მთელ გუნდს ერთადერთი მწვრთნელო ჰყავს. განა, ეს სწორია?..

…მე სულ ვნატრობდი, რომ ჯგუფში მეტოქეებად გრანდები მყოლოდა. ასეთ შემთხვევაში საპლეიოფო სტადიისთვის მინიმუმ ორ ძლიერ მეტოქეს იშორებ და ეს ძალიან კარგია…

…მე ფეხის ყველა ნაწილით ვურტყამდი. 6-ით მეტი ნაწილით, ვიდრე დღევანდელი ფეხბურთელები. რა გამოდის? ის, რომ მე მათზე 6-ჯერ უკეთესი ფეხბურთელი ვიყავი…

…წარმოიდგინეთ, ძალიან ბევრმა ფეხბურთელმა არ იცის, როგორ ითამაშოს იმ შემთხვევაში, როცა მას მეტოქის მოთამაშე არ მეურვეობს. ასე რომ, ცუდი არ იქნება, თუ ზოგჯერ მეტოქის ფეხბურთელს უმეთვალყურეოდ დავტოვებთ…

…კი, ძალიან მარტივი თამაშია ფეხბურთი, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მისი მარტივად თამაში ძალიან რთულია…
…ვინ იგებს ფეხბურთს? პასუხი მარტივია – ის, ვინც ნაკლებ შეცდომას უშვებს…
…უნდა იფიქრო, იმოძრაო, სივრცე აითვისო – ამ კუთხით ფეხბურთი ძალიან ჰგავს ცხოვრებას…
…ფეხბურთს თამაშობს თავი. ფეხები, უბრალოდ, ეხმარებიან თავს. ასე რომ, ფეხბურთში მთავარია სწორედ თავი!..
…ვინ თქვა, რომ ბურთის ართმევა ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე შექმნა? ფეხბურთი ორივესგან შედგება…

…მწვრთნელმა უნდა იცოდეს, რომ მას სხვადასხვანაირ ადამიანებთან უწევს ურთიერთობა. თუ არ ხარ დიდი მასწავლებელი, ვერ იქნები დიდი მწვრთნელი…

…უბრალოდ თამაში ყველაზე სწორი და გონივრული თამაშია…
…15 წლის ფეხბურთელს არ შეიძლება, უარი უთხრა სტატისტიკის გამო. არ უვარგა სტატისტიკა? შენ იმიტომ ხარ მისი მწვრთნელი, რომ ის გააუმჯობესო…
…არ მინდა გუნდში 11 ვარსკვლავი. რამდენიმე ვარსკვლავი საკმარისია იმისთვის, რომ გუნდი შედგეს!..

იოჰან კრუიფი გარდაიცვალა 2016 წლის 24 მარტს, ბარსელონაში…

წყარო: lelo.ge

SHARE