კაშია და ყაზაიშვილი თბილისის დინამოში ვარჯიშობენ…

42

საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის შესარევი ციკლის მორიგ მატჩს 15 ნოემბერს სენტ გალენში, შვეიცარიასთან გამართავს, ხოლო  19 ნოემბერს პულაში ხორვატიას ამხანაგურად დაუპირისპირდება...

გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის “სან ხოსე” ამერიკის საფეხბურთო ლიგის (MLS) პლეი ოფში ვერ გავიდა და სეზონი დაასრულა. კალიფორნიელთა ქართველი ლეგიონერები თბილისში არიან და სანაკრებო შეხვედრებისთვის თბილისის “დინამოსთან” ერთად ემზადებიან – ამის შესახებ ეროვნული გუნდის ფეხბურთელებმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა “ტაიმ აუტში” ილაპარაკეს.

“სეზონის ნაადრევად დასრულების გამო თბილისში ჩამოვედით და სანაკრებო თამაშებისთვის ვემზადებით. თბილისის “დინამოს” თავად ვთხოვეთ, რაზეც თანხმობა მივიღეთ. ორი თვე გვაქვს დასვენება, ფეხბურთელისთვის კი ამდენი ხნით გაჩერება არ შეიძლება. ამ პერიოდისთვის კლუბიდან თავიანთ პროგრამას გატანენ, რაც დასვენების დროს რთული გასაკეთებელია, რადგან საქართველოშიც მალე გუნდებს არდადეგები დაეწყებათ და ინდივიდუალურად ვარჯიში მოგვიწევს”, – ამბობს “პირველ არხთან” გურამ კაშია.

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ევრო 2020-ზე საქართველოს ნაკრების წარუმატებლობის მიზეზებზეც ილაპარაკა: “ირლანდია ამჯერადაც ვერ გადავტეხეთ. მასთან 4 ქულა რომ აგვეღო, დღეს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი გვექნებოდა. ეტყობა, მთელი ენერგია და ძალა ერთა ლიგაზე დავხარჯეთ. თუმცა, ერთა ლიგიდან ევრო 2020-ზე გასვლის შანსი შევინარჩუნეთ, რაც ძალიან რეალურია. ამისთვის უნდა მოვემზადოთ. წლის ბოლოს დაგეგმილი ორი შეხვედრა სწორედ ამ მატჩებისთვის მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთ. რაც შეეხება ერთა ლიგის ნახევარფინალში გასული გუნდების შანსებს, ის ყველას თანაბარი აქვთ. ბელარუსმა ჰოლანდიასთან წააგო, მაგრამ ძალიან გამართული გუნდია და მძიმე თამაში გველის. კოსოვოსაც კარგი სეზონი ჰქონდა. მათი ფეხბურთელები კარგ ლიგებში თამაშობენ. ამ მატჩებისთვის აქედანვე უნდა ვიყოთ მზად.

კაშიას თქმით, ამერიკაში გაუთვალისწინებელ პრობლემას წააწყდა: “საერთოდ, ამერიკაში ძალიან ბევრი ფრენა გიწევს და ეს ფიზიკურად ძნელი ასატანია. მაგალითად, ბოლო 6 შეხვედრიდან 4 გასვლაზე გვქონდა და ატლანტაში 7 საათი იყო საფრენი. მაგრამ ეს გამართლებად მაინც არ გამოდგება. საწყენია, სეზონი ასე ნაადრევად რომ დავამთავრეთ”.

ამ თემაზეც ვაკო ყაზაიშვილმაც ილაპარაკა. მისი თქმით, ამერიკის შემდეგ საქართველოს ნაკრების შეკრებაზე ჩამოსვლას სირთულეები ახლავს:

“აქ რომ ჩამოვდივართ, 3-4 დღეში სათამაშოდ მზად უნდა ვიყოთ. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გადმოვერთოთ, რადგან დროში განსხვავება 11 საათია. ეს ფეხბურთელისთვის ძალიან ძნელია, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილოთ, ფორმაში ვიყოთ”.

ყაზაიშვილმა არ დამალა, რომ სეზონსი დასაწყისში “სან ხოსეს”  მთავარ მწვრთნელთან პრობლემები შეექმნა: “ახალი მწვრთნელის სათამაშო სქემასთან შეგუება გაგვიჭირდა და მასთან უთანხმოება მომივიდა – მეც და გურამსაც. მაგრამ მერე  დავილაპარაკეთ და ყველაფერი დალაგდა”.

წყარო: lelo.ge

SHARE