კახა ცხადაძე: შეიძლება, რაღაც მოხდეს… საქართველოს ნაკრები ასეთი მდიდარი არასოდეს ყოფილა!..

232

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ მწვრთნელ კახა ცხადაძეს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა ყაზახურ “ორდაბასიში”. მესამე ადგილი და ევროპალიგის საგზური დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს იმ კლუბისთვის, რომლის ფინანსური რესურსები იდეალური სულაც არ ყოფილა…

რა თქმა უნდა, ცხადაძეს ვესაუბრეთ საქართველოს ნაკრებზეც. კარგად ვიცით – ჩვენი ქვეყნის უპირველეს გუნდს მარტში ეპოქალური მნიშვნელობის თამაშები ელის. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპამდე მხოლოდ ორი ნაბიჯია დარჩენილი

– “ორდაბასით” დავიწყოთ. ისევ არ დაარღვიეთ ტრადიცია და გუნდი ევროპალიგაზე გაიყვანეთ. როგორ შეაფასებდით გასულ სეზონს? გასათვალისწინებელია, რომ კლუბში იყო ფინანსური პრობლემები

– ადრე მართლაც იყო გარკვეული ხასიათის ფინანსური პრობლემები. მერე მოვიდა ქალაქის ახალი მერი, რომელიც დღეს აღარ არის პოსტზე. მან თქვა, რომ გაისტუმრებდა ყველანაირ დავალიანებას და სიტყვა შეასრულა. ამასთან ერთად, შესაძლებლობა მოგვეცა, კარგი გუნდი გაგვეკეთებინა. კლუბის პრეზიდენტის მრჩევლად მოვიდა საიად ხამიჯანოვი. ის “ასტანას” პრეზიდენტი იყო თავის დროზე და მის ხელში გუნდი 5-ჯერ გახდა ყაზახეთის ჩემპიონი. ეს ადამიანი ტრანსფერებით იყო დაკავებული. მან ხელი შეუწყო გუნდში კარგი ფეხბურთელების მოსვლას. მაგალითად, მოვიდნენ გამოცდილი მოთამაშეები ყაზახეთის ნაკრებიდან – მალი და შჩეტკინი. მოვიდნენ უცხოელები – ჟოაო პაულო, მალანგუ, ოდნავ მოგვიანებით – ბადიბანგა. ჩვენ მიზნებში არ შევზღუდულვართ და ჩავიფიქრეთ მინიმუმ ისეთი ადგილის დაკავება, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, გვეთამაშა ევროთასებზე. მერე მოხდა ისე, რომ კვლავ შეიცვალა ქალაქის ხელმძღვანელობა და გაჩნდა შედარებითი არასტაბილურობა ფინანსებთან დაკავშირებით. სრული პასუხისმგებლობით ვიტყვი: ეს ფეხბურთელები ერთად რომ ყოფილიყვნენ სეზონის დასაწყისში, ჩვენ უკეთესი შედეგი გვექნებოდა. ყველაფერს დაემატა გადატვირთული გრაფიკი, განსაკუთებით ივნის-ივლისში. თუ არ ვცდები, ორ თვეში 18 თამაში ჩავატარეთ. რთულია ამხელა გადაფრენები… იყო ჩავარდნა, მაგრამ ბოლო პაუზა ნაყოფიერად გამოვიყენეთ. დავსხედით და ვთქვით, რომ ბოლომდე უნდა მიგვეყვანა დაწყებული საქმე. ჩვენს უშუალო კონკურენტებთან კარგად ვითამაშეთ. მაგალითად, გასვლაზე მოვუგეთ “ტობოლს”, ფრედ ვითამაშეთ “ასტანასთან” და, ჩემი აზრით, მოსაგები იყო ეს თამაში… საბოლოოდ, გუნდმა ისტორიაში მეორედ დაიკავა მესამე ადგილი ყაზახეთის ჩემპიონატში. გარდა ამისა, გაუშვა ყველაზე ნაკლები გოლი, ყველაზე ნაკლები თამაში წააგო და ასე შემდეგ…

– გასაკვირი ნამდვილად არ იქნება, ასეთი სეზონის შემდეგ კახა ცხადაძესთან თანამშრომლობის მსურველები თუ გამოჩნდნენ. რჩებით “ორდაბასიში”?

– ჩვენ კლუბის ხელმძღვანელობას ასე დავშორდით – ისინი გვიცხადებენ სრულ ნდობას. არსებობს სიტყვიერი შეთანხმება და ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. მეორე მხრივ, ამ დროისთვის ჩვენს სამწვრთნელო შტაბსა და კლუბს შორის არ არის გაფორმებული კონტრაქტი და აქედან გამომდინარე, სულაც არ არის გამორიცხული, რაღაც მოხდეს…

– ხომ არ არის მოსალოდნელი “ორდაბასიში” ქართველი ფეხბურთელის გამოჩენა?

– კლუბის ხელმძღვანელობასთან ჯერ სატრანსფერო საკითხებზე არ გვისაუბრია. სეზონის განახლებამდე დიდი დროა. ერთი, რაც ითქვა, იყო ის, რომ ძირითად ბირთვს შევინარჩუნებთ. ალბათ, მხოლოდ ის ფეხბურთელები დაგვტოვებენ, რომლებიც კლუბში იჯარის წესით თამაშობდნენ. საერთოდ, ძალიან რთულია მწვრთნელისთვის, როცა სეზონის დასრულების შემდეგ 10-12 ფეხბურთელი ტოვებს გუნდს. ასეთი რამ აღარ განმეორდება და ეს კარგია. ჩვენთვის კარგია ისიც, რომ შემოვიდა ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც ყაზახეთის ჩემპიონატში ლეგიონერებად აღარ ჩაითვლებიან ფეხბურთელები რუსეთიდან, ბელარუსიდან, სომხეთიდან და ყირგიზეთიდან…

– საქართველოს ნაკრებზე გადავიდეთ. როგორია თქვენი მოლოდინი ბელარუსთან მატჩის წინ?

– როგორც საქართველოს ყველა მოქალაქეს, მეც დიდი მოლოდინი მაქვს. ეს არის ისტორიული შანსი, რომლის გამოყენებაც აუცილებლად გვმართებს. რაც ჩვენმა თაობამ ვერ გააკეთა, ამ თაობამ უნდა გააკეთოს! არავინ თქვას და იფიქროს, რომ ამის გაკეთება იოლი იქნება. კი, ფურცელზე საქართველოს ნაკრები ფავორიტია საშინაო შეხვედრებში, მაგრამ თუნდაც ბელარუსთან თამაში არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატჩი… ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნაკრები კარგად მოემზადოს ამ თამაშებისთვის. მიმაჩნია, რომ ფეხბურთელების არჩევანის მხრივ, საქართველოს ნაკრები ასეთი მდიდარი არასოდეს ყოფილა!

– ნუთუ, არც თქვენს დროს?

– მაშინ იყო 12-13 კაცი. როცა რომელიმე ფეხბურთელი ამოვარდებოდა შემადგენლობიდან ამა თუ იმ მიზეზის გამო, იქმნებოდა პრობლემები. ახლა საქართველოს ნაკრებს თანაბარი ძალის ორი შემადგენლობა ჰყავს. სწორად უნდა გამოვიყენოთ ის რესურსი, რომელიც გვაქვს.

– ცუდი ისაა, ბელარუსთან მატჩისთვის მოსამზადებლად ასე ცოტა დრო რომ გვაქვს

– რა თქმა უნდა, ეს პრობლემაა და ამის თაობაზე ვთქვი კიდეც. ერთი კვირა მაინც უნდა იყოს მოსამზადებელი პერიოდი ასეთი თამაშების წინ. როგორც ვიცი, რეალურად დგას ეს პრობლემა. არ მგონია, ეს სწორი იყოს…

– რის თქმა შეგიძლიათ ბელარუსის ნაკრების თაობაზე?

– ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრები წინ დგას ბელარუსზე, მაგრამ აქ ყველაფერს წყვეტს ერთი კონკრეტული თამაში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომელი გუნდი როგორ ფორმაში შეხვედება ამ თამაშს. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ფეხბურთელს, რომელიც თამაშობს რუსეთში, ბელარუსებს არ ჰყავთ გამორჩეულ ჩემპიონატებში მოთამაშე კონტინგენტი. ჩემი აზრით, ბელარუსის ნაკრებს კრეატიულობის თვალსაზრისით ძალიან ბევრი მოაკლდა მას მერე, რაც იქ აღარ თამაშობს ალეკსანდრ ჰლები. მეტოქისგან ძალისმიერ და ორგანიზებულ ფეხბურთს ველი. ჩემი აზრით, მეორე ნომრად ითამაშებენ და კონტრშეტევებზე ააწყობენ ტაქტიკას.

წყარო: lelo.ge

SHARE