კობი ბრაიანტის ტრაგედიის ახალი დეტალები

151

რატომ მოხდა ეს: ეს არის მთავარი კითხვა, რაც ალბათ მილიონობით ადამიანს მთელს პლანეტაზე აწუხებს. რამ გამოიწვია შვეულმფრენის კატასტროფა და შეიძლებოდა, თუ არა მისი თავიდან აცილება. გამოძიება მიდის და მისი საბოლოო, ოფიციალური დასკვნა შეიძლება დაახლოებით 1 წელი არ გამოცხადდეს. თუმცა, გამოძიების პროცესში რამდენიმე საინტერესო დეტალი უკვე გამოიკვეთა. ცნობილია, რომ გამოძიებას ორი ძირითადი მიმართულება აქვს – რამ გამოიწვია კატასტროფა და ჰქონდა თუ არა შვეულმფრენს აფრენის უფლება?

კობი ბრაიანტის ტრაგედიის მიზეზები - გამოძიების ახალი დეტალები

პირველი დარღვევა უკვე გამოიკვეთა. იმ კომპანიას, რომელიც კობის შვეულმფრენს ფლობდა და შეგახსენებთ, რომ ეს შვეულმფრენი კობის პირადი საკუთრება კი არ იყო, არამედ კობი არენდით იღებდა ხოლმე მას, არ ჰქონდა სერთიფიკატი, რომ ეფრინა მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებში და დაბალი ხილვადობის ფონზე, ე.წ. სპეციალური ნებართვით (Instrument Flight Rules). ანუ, პილოტს ჰქონდა ეს უფლება და ამის კვალიფიკაცია, თუმცა კომპანიას არ ჰქონდა.

პილოტი არა ზობაიანი, რომელიც ასევე დაიღუპა
პილოტი არა ზობაიანი, რომელიც ასევე დაიღუპა

კომპანიას ლიცენზია ჰქონდა, ეფრინა მხოლოდ კარგ ამინდში და მაღალი ხილვადობის პირობებში – ანუ, როცა პილოტი თავად ხედავს ჰორიზონტს და ხილვადობას ღრუბლები, ნისლი, ან წვიმა პრობლემას არ უქმნის – ე.წ. Visual Flight Rules-ის მიხედვით.

კომპანიამ განუსაზღვრელი ვადით უკვე შეაჩერა ყველა, როგორც რეგულარული, ასევე ჩარტერული ფრენა!

ინსტრუქტორთან ბოლო კომუნიკაციის დროს, პილოტი, არა ზობაიანი ამბობდა, რომ ის აპირებდა მაღლა ასვლას, რათა ღრუბლებს არიდებოდა – ღრუბლები ამ დღეს ძალიან დაბლა იყო. ზობაიანის კვალიფიკაცია ეჭვს არ იწვევს, თუმცა კურტ დეეცი, კობის ყოფილი პილოტი აღნიშნავს, რომ ზობაიანს ღრუბლებში ფრენის დიდი გამოცდილება არ უნდა ჰქონოდა: “არ ვფიქრობ, რომ მას ღრუბლებს შიგნით ფრენის დიდი გამოცდილება ჰქონდა. ჩვეულებრივ, როცა პილოტი ხარ, ფიქრობ, რომ ეს არ უნდა გააკეთო. ღრუბლებში ან შემთხვევით უნდა მოხვდე, ან ინსტრუქტორის და ხელსაწყოების დახმარებით (ე.წ. Intsrument Flight Mode-ით) უნდა იფრინო, სხვანაირად შეუძლებელია.”

შვეულმფრენი - 1991 წელს გამოშვებული Sikorsky S-76B
შვეულმფრენი – 1991 წელს გამოშვებული Sikorsky S-76B

“ნიუ იორკ პოსტის” ცნობით სწორედ ამ ფაქტორების გამო, პილოტმა თავიდანვე თავი აარიდა სპეციალური ნებართვის მიღებას (Instrument Flight Plan), რათა ფრენის დასაწყისშივე ღრუბლებზე მაღლა ასულიყო. 6000 მეტრზე და უფრო მაღლა ფრენას სწორედ ამ ტიპის ნებართვა სჭირდება, რომელიც, როგორც აღვნიშნე, ზობაიანის კომპანიას არ ჰქონდა. შესაბამისად, ფრენის ის მოდელი, რომელიც რთულ მეტეოროლოგიურ პირობებს მიესადაგებოდა, პილოტმა ფრენის დასაწყისში კი არა, არამედ შუა ფრენის დროს მოითხოვა – ანუ, მოითხოვა მოდელი, რომელიც ამინდის მოულოდნელი გაუარესების დროს გამოიყენება. ამინდი მოულოდელად არ გაუარესებულა, სტაბილურად ცუდი იყო.

აღსანიშნავია, რომ კალიფორნიაში ძირითადად კარგი ამინდია და ამ ტიპის ნებართვას თითქმის არცერთი ადგილობრივი კომპანია არ ფლობს.

ტრაგედიის ადგილი
ტრაგედიის ადგილი

მეორე მნიშვნელოვანი დეტალი ის არის, რომ შვეულმფრენს არ ჰქონდა ე.წ. TAWS (Terrain Awareness and Warning System) – სისტემა, რომელიც პილოტს ატყობინებს, რომ ის მიწას, ან რაიმე სხვა მყარ საგანს (შენობა, ხე და ა.შ.) ზედმეტად მიუახლოვდა. დაბალი ხილვადობის პირობებში ეს ხელსაწყო ძალიან გამოსადეგია. 2004 წლის შვეულმფრენის კატასტროფის შემდეგ, რომლის დროსაც 10 ადამიანი დაიღუპა, ტრანსპორტირების უსაფრთხოების ნაციონალურმა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა, რომ ყველა შვეულმფრენი, რომელიც 6 ან მეტ მგზავრს იტევდა, ამ სისტემით უნდა ყოფილიყო აღჭურვილი. თუმცა, ეს მხოლოდ რეკომენდაცია იყო და ეს რეკომენდაცია ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციამ არ გაითვალისწინა და სავალდებულო არ გახადა.

ამ კვირაში, ლოს ანჯელესში უკვე შევიდა კანონპროექტი, რომელიც კობი და ჯიანა ბრაიანტების სახელს ატარებს და ყველა შვეულმფრენის ამ სისტემით სავალდებულო აღჭურვას ითვალისწინებს.

კობი ბრაიანტის ტრაგედიის მიზეზები - გამოძიების ახალი დეტალები

ამ ეტაპზე უცნობია, თუ რამდენად შესაძლებელს გახდიდა ეს სისტემა კატასტროფის თავიდან აცილებას. უცნობია ისიც, შვეულმფრენი ჩამოვარდა, თუ დაეჯახა რამეს. თუმცა სპეციალისტების აზრით, თითქმის გამორიცხულია, ეს ტექნიკურ გაუმართაობას გამოეწვია (შვეულმფრენს ორი ძრავა ჰქონდა) და კატასტროფის მიზეზად უამინდობა უნდა მივიჩნიოთ. ფრენის მიმართულება და მისი ქრონომეტრაჟი საკმაოდ უცნაურია, შვეულმფრენი ხშირად იცვლიდა სიმაღლეებს და ნათელია, რომ ეს საკმაოდ პრობლემური ფრენა იყო.

ფრენის ძირითადი ეტაპები

9:06 ფრენის დასაწყისი. ნიუპორტში კობის სახლთან მდებარე პატარა აეროპორტიდან, შვეულმფრენი თაუზენდ უოკსში მდებარე მამბა-აკადემიისკენ გაფრინდა.

9:06 ფრენის დასაწყისშივე, შვეულმფრენმა მიიღო სპეციალური ნებართვა, რომ ეფრინა მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებში და დაბალი ხილვადობის ფონზე.

9:16 შვეულმფრენს ჰაერში შეჩერება მოუწია, რადგან მიიღო ინსტრუქტორის ბრძანება, რომ იქვე სხვა შვეულმფრენის დაშვების ზონა იყო. პილოტი გლენდეილის თავზე წრეებს არტყამდა და შემდეგ ინსტრუქციას ელოდებოდა. გლენდეილი კობის სახლიდან დაახლოებით 70 კილომეტრით არის დაშორებული და მამბას აკადემიამდე 60 კილომეტრი აშორებს. ანუ, შვეულმფრენს გზის ნახევარზე მეტი გავლილი ჰქონდა.

9:16-9:28 შვეულმფრენი წრეებს არტყამდა და ელოდებოდა სპეციალურ ნებართვას (Special Visual Flight Rules), რადგან პილოტს ფრენის გაგრძელება მხოლოდ ინსტრუქტორებთან აქტიური კომუნიკაციის ფონზე სურდა (ამას გულისხმობს ეს ნებართვა) და მხოლოდ თავის ხილვადობას აღარ ენდობოდა. ამ ნებართვას პილოტი მაშინ იღებს, როდესაც ფრენის დროს ამინდი მოულოდნელად გაუარესდა.

9:28 (დაახლოებით) პილოტი იღებს ინსტრუქტორის შენიშვნას, რომ ის იმდენად დაბლა დაფრინავს, რომ რადარები მას ვერ ამჩნევენ. შესაბამისად, იმ ეტაპზე ინსტრუქტორთან უწყვეტი კომუნიკაციის ფონზე ფრენა შეუძლებელია.

9:40 შვეულმფრენმა გადაუხვია მარცხნივ, მთიან რელიეფზე მდებარე თაუზენდ უოკსისკენ. ანუ, შვეულმფრენი მამბას აკადემიას მიუახლოვდა და დაჯდომისთვის მზადება დაიწყო. სანამ მარცხენა მხარეს დაიწყებდა მოხვევას და დაშვებისთვის მზადებას, შვეულმფრენი 800 მეტრის სიმაღლეზე იყო ასული, რათა ღრუბლებისთვის აერიდებინა თავი.

9:44 შვეულმფრენი კალაბასასში მდებარე 101-ე ტრასის თავზე მიფრინავს.

9:44-9:45 პილოტი, მოულოდნელად, დაახლოებით 200 მეტრით მაღლა ადის. ამცირებს ფრენის სიჩქარეს, მკვეთრად მარცხნივ ტრიალდება და კარგავს კონტაქტს საჰაერო ინსტრუქტორებთან.

9:45 შვეულმფრენი ჩამოვარდა თაუზენდ უოკსის მიდამოებში, დაახლოებით 580 მეტრის სიმაღლეზე მდებარე მთიან ადგილას. ამ დროს, რადარების მიხედვით, ის დაახლოებით 280-300 კმ/სთ სიჩქარით მიფრინავდა. ვარდნის/დაშვების სიჩქარე წუთში 700 მეტრამდე იყო, რაც დარტყმის ძალას იმდენად ზრდიდა, რომ გადარჩენის შანსი არ არსებობდა. ამასთან ერთად, 5-ტონიან შვეულმფრენში დაახლოებით 400 ლიტრი საწვავი იყო, რამაც მასშტაბური აფეთქება განაპირობა.

წყარო: popsport.ge

SHARE