ლორიას როლი ანანიძის ტრანსფერში… კლუბის და ნაკრების ორმხრივი ინტერესები…

75

ფამაგუსტის “ანორთოსისში” ჯანო ანანიძის გადასვლამ კვიპროსში ქართული თემა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური გახადა. “წაუგებული ვითარება ანანიძისა და ანორთოსისთვის – საქართველოს დიდი ფსონი”, – ამ სათაურით გამოქვეყნა protathlima-მა წერილი “ანორთოსისში” სოლიდური ქართული დიასპორის შესახებ.

“ანორთსოსის” მეექვსე ქართველი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე გახდა. გარდა იმისა, რომ მთავარი მწვრთნელია თემურ ქეცბაია, ხოლო ასისტენტი – სოსო ჭედია, გუნდში არიან მეკარეები გიორგი ლორია და 18 წლის ლუკა მიქაია, ასევე მურთაზ (ბუბა) დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა.

სცენარი საქართველოს ნაკრებისა და ანორთოსისთვის

“თემურ ქეცბაიასა და სხვა ქართველების ყოფნა სტიმულია ჯანო ანანიძისთვის, რის გამოც მან არჩევანი “ანორთოსისზე” შეაჩერა. უფრო მეტიც, როცა გუნდში მისი თანამემამულეები გადავიდნენ, თემურის ხელმძღვანელობის პერიოდში მათი ტრანსფერების საბაზრო ღირებულება გაიზარდა და კვიპროსის ჩემპიონობის მოპოვების პრეტენზიაც გაუჩნდათ. ეს სცენარი “ანართოსისს” ევროტურნირებზე ძლიერ გუნდად დაბრუნების პერსპექტივას უჩენს.

ამასთან, ანანიძეს დამატებითი და, ამავე დრო, მნიშვნელოვანი სტიმული გაუჩნდა, რომ ჩამოსულიყო კუნძულზე – მას სურს პროგრესი, რათა საქართველოს ნაკრებში ითამაშოს. ეს არის სცენარი ანანისთვის.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, არსებობის ისტორიაში, პირველად გაუჩნდა რეალური შანსი, ითამაშოს ევროპის ჩემპიონატზე. ეს გუნდი ერთა ლიგის პლეი ოფში ბელარუსს შეხვდება. ანანიძე კი საქართველოს ნაკრების საკვანძო მოთამაშედ ითვლება…

…ისევე, როგორც თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ლორია, ნიკა კაჭარავა და ბუბა დაუშვილი. ანანიძის თანამემამულეები კვიპროსში კარგად თამაშობენ და თავად ანანიძეც ამ გუნდზე დებს ფსონს, რომ იქ შეძლებენ მისი პოტენციალის გამოვლენას, რაც საჭირო დროს ნაკრებში წაადგება.

ასეთი შესაძლებლობა ყოველდღე არ ჩნდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა 27 წლის ხარ და თავს შენი ქვეყნის ეროვნული გუნდის ლიდერად თვლი. მაშინაც კი, თუ კარიერა უკვე დაღმავალი სპირალით მიდის.

აქედან გამომდინარე, “ანორთოსისის” მოთამაშეები მზად იქნებიან იმ გამოცდისთვის, რაც ქართველთა ნაკრებს 26 მარტს ელის. ამ წყვილის გამარჯვებული კი 31 მარტს ფინალში სკოპიესა (გასაგები მიზეზის გამო ასე იხსენიებენ მაკედონიელებს – ავტ) და კოსოვოს წყვილის გამარჯვებულს მიიღებს, თუ საქართველო  ბელარუსულ ბარიერს დაძლევს”.

ქეცბაიას ასისტენტი მოლაპარაკებაში

“სიგმალაივი” საინტერესო დეტალს აქვეყნებს. გამოცემის ცნობით, ანანიძის გადაბირებაში თავისი როლი გიორგი ლორიამაც ითამაშა.

“თემურს ანანიძის გადაბირებაში თანაშემწე ჰყავდა”, – ამ სათაურით გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ:

“ეს ფეხბურთელი მოსკოვის “სპარტაკში” 2009 წლიდან თამაშობს და აქედანაც ჩანს, რა დონისაა. მისი გადაბირება თემურ ქეცბაიამ მოახერხა. 27 წლის ანანიძემ მოსკოვის “სპარტაკთან” კონტრაქტი გაწყვიტა და თემურ ქეცბაიამ შეძლო, დაერწმუნებინა ის “ანორთოსისში” გადმოსვლის საჭიროებაში. ტექნიკური ქართველი ნახევარმცველისთვის ქეცბაია ერთადერთი არ იყო, ვინც “ანორთოსისისა” და კვიპროსული ფეხბურთის შესახებ ინფორმაციებს აცნობდა. ანანიძის გადაბირებაში მნიშვნელოვანი როლი გიორგი ლორიამ შეასრულა, რომელსაც ანანიძე თითქმის ბრმად ენდობა. ისინი ერთად მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში თამაშობენ, მაგრამ ძალიან ახლო მეგობრები არიან. 34 წლის მეკარე ელაპარაკა ქეცბაიას და თავად ანანიძესაც ურჩია, რომ “ანორთოსისში” გადასულიყო. როგორც ჩანს, ლორიას სიტყვებმა იმოქმედა”.

რაფას და არსენის ბრძოლა ჯანოსთვის

გამოცემა protathlima კი იხსენებს ძველ ისტრიას და წერს, რომ ნიჭიერი ქართველის გადასაბირებლად თავის დროზე გრანდების მწვრთნელები იბრძოდნენ:

“რაფა ბენიტესი და არსენ ვენგერი ანანიძისთვის “იბრძოდნენ”. ჯანო საქართველოს და მთლიანად ევროპის ერთ-ერთი უდიდეს ტალანტად იყო აღიარებული. ზოგს ეგონა, რომ ის გიორგი ქინქლაძესაც კი აჯობებდა, მაგრამ ტრავმებმა მის კარიერაზე ძალიან ცუდად იმოქმედა…

10 წლის წინ რაფა ბენიტესი “ლივერპულიდან” და არსენ ვენგერი “არსენალიდან” იბრძოდნენ ანანიძისთვის, რომელიც ახლა “ანორთოსისის” დიდი სატრანსფერო მონაპოვარია. მაშინ ბენიტესმა და ვენგერმა მიზანს ვერ მიაღწიეს, რადგან დაბრკოლება იყო მოსკოვის “სპარტაკი”, რომელმაც დიდი თანხა მოითხოვა. ზოგიერთს, შეიძლება, ეს ინფორმაცია გაზვიადებული ეჩვენოს, მაგრამ ინფორმაცია 100 პროცენტით დადასტურებულია”.

ანანიძის მენეჯერმა თემურ ლეფსაიამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში ის მიზეზები დაასახელა, რის გამოც ჯანო “ანორთოსისს” დათანხმდა.

“მთავარი მიზეზი იყო ქეცბაია. ის ჯანოს წლებია იცნობს, ზუსტად იცის მისი შესაძლებლობები და ისიც, რა უნდა მოსთხოვოს. ის არის ფეხბურთელი, რომელიც “ანორთოსისს” სჭირდება, კლუბს უამრავი ქართველი ჰყავს, რომელთაც ჯანო კარგად იცნობს და მათთან თამაში შეუძლია”, – ეს ლეფსაიას სიტყვებია.

მანვე ილაპარაკა, რომ ჯანოს სხვა წინადადებებიც ჰქონდა: “მას სხვა ვარიანტებიც ჰქონდა. სთავაზობდნენ გადასვლას თურქეთის, საბერძნეთისა და რუსეთის კლუბებში. ეს ფინანსურად ბევრად უკეთესი ვარიანტები იყო. მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ახლა ჯანოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი სათამაშო პრაქტიკა, რათა ტონუსში იყოს და კარიერა განაახლოს. ის მხოლოდ 27 წლისაა და მაღალ დონეზე თამაში კიდევ დიდხანს შეუძლია. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ “ანორთოსისი” ტიტულისთვის იბრძვის და ასეთ გუნდში თამაში გაცილებით საინტერესოა, ვიდრე ცხრილის შუაში ან ბოლოში მყოფ გუნდში”.

წყარო: lelo.ge

SHARE