21 წლის ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე არაბეთის გაერთიანებული საამიროების უდიდეს ქალაქ დუბაიში იმყოფება, სადაც საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 100 ათასი დოლარი) წარმატებული სტარტი აიღო.
მსოფლიო რეიტინგში 155-ე ადგილზე მყოფი ბოლქვაძე საწყის რაუნდში 27 წლის ესპანელ ხეორხინა გარსია-პერესს (262-ე) გაეჯიბრა და 3:6, 6:3, 6:1 სძლია.
გარსია-პერესს კარიერის საუკეთესო შედეგი შარშან ჰქონდა, როდესაც 124-ე პოზიციას უწია, საჩოგბურთო სამყაროს კი თავი უძლიერესი მოწოდებით გააცნო.
რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, სწორედ მსოფლიოს 262-ე ჩოგანს ეკუთვნის ქალთა ჩოგბურთისთვის უსწრაფესი მოწოდება. 2018 წელს უნგრეთის ღია პირველობაზე თამაშისას ხეორხინამ ბურთი 220 კმ/სთ-ით გაგზავნა და ამით, ბელარუსი არინა საბალენკას (214 კმ/სთ) რეკორდი გადაფარა, მე-3 მაჩვენებელი კი გერმანელ საბინ ლისიცკის (210.8 კმ/სთ) ეკუთვნის.
მე-2 წრეში მარიამის მეტოქე კიდევ ერთი ესპანელი, 23 წლის სარა სორიბეს ტორმო იქნება, რომელსაც ჩვენებური შარშან შეხვედრია და მანჩესტერის 100-ათასიან ტურნირზე 2:6, 5:7 აქვს წაგებული, ამდენად, რევანშის აღების შანსი ექნება.
ბოლქვაძე დუბაიში ძალებს წყვილებშიც სცდის, სადაც სოფიო შაფათავას ტრადიციულ პარტნიორ ემილი ვებლი-სმითთან (დიდი ბრიტანეთი) ერთად ითამაშებს. ქართველი და ბრიტანელი ჩოგბურთელები რუმინელებს (ელენა ბოგდანი-პატრისია მარია ტიგი) ეთამაშებიან.
ვთქვათ ისიც, რომ დუბაის ტურნირზე ქალთა რეიტინგის მოწინავე ასეულის ერთბაშად 8 წევრი თამაშობს, პირველ ნომრად კი მსოფლიოს 38-ე ჩოგანი კრისტინა მლადენოვიჩი (საფრანგეთი) გახლავთ განთესილი.
წყარო: popsport.ge