მიდი, გაანადგურე ეგ კახპა… საჩოგბურთო სკანდალების ისტორიიდან

231
Mary Pierce of France looks at her feet during her match against Monica Seles of the USA in the third round of the French Open tennis tournament in Paris Sunday June 1, 1997. Seles won 6-4, 7-5. (AP photo/Lionel Cironneau)

მრისხანე ჯიმის პირველობა

კანადაში დაბადებული ფრანგი მარი პირსი ახლო წასულის სახელოვანი ჩოგბურთელი იყო. მას თავისი სპორტული შესაძლებლობებიდან გამომდინარეც ბევრი გულშემატკივრობდა და ფიზიკური მონაცემების (სილამაზის) გამოც არ აკლდა ქომაგი.

მარის არაერთი პრესტიჟული შეჯიბრება მოუგია და მსოფლიო რეიტინგშიც ლიდერთა შორის ტრიალებდა, თუმცა პირველი ჩოგანი ვერ გახდა.
მაგრამ იყო თემა, რაშიც პირსები პირველები იყვნენ. საუბარი გვაქვს მარისა და მის მამაზე ჯიმი პირსზე, რომელსაც საჩოგბურთო სამყაროში ,,მრისხანე ჯიმად” მოიხსენებდნენ. იგი თავისი შვილის მწვრთნელიც გახლდათ და არცთუ ურიგოდ ართმევდა თავს ამ კუთხით საკუთარ მოვალეობას, მაგრამ ხასიათით იყო ეს კაცი აუტანელი.

სწორედ ჯიმი პირსი პირველი აღმოჩნდა, რომელზე დაყრდნობითაც მამებსა და შვილებს შორის პრობლემაზე ყურადღება გაამახვილა WTA –მ და პირველი მკაცრი გადაწყვეტილებაც სწორედ ჯიმთან დაკავშირებით მიიღო.

1993 წელს ასოციაციამ მას ტურნირებზე დასწრება აუკრძალა.
როდესაც მარი თამაშობდა ტრიბუნებიდან გაიგონებდით მის შეძახილს: ,,მიდი, მარი, გაანადგურე ეგ კახპა”, ,,არ მისცე მაგ მეძავს მოგების უფლება”.
საინტერესოა, რომ ჯიმი არა მხოლოდ მარის მეტოქეებს, უშუალოდ შვილსაც ერჩოდა.

ამასთან, ჩოგბურთში ის არც პირველი ყოფილა და არც უკანასკნელი, რომელიც შვილს წვრთნიდა და თანაც დესპოტივით ექცეოდა.
ამ კაცის ბედი შემდეგ სხვა ისეთმა მამებმაც გაიზიარეს, რომლებიც საკუთარ შვილებს ავარჯიშებდნენ, ან შესაძლოა არც იყვნენ მწვრთნელის ამპლუაში, თუმცა ზღვარგადასული ხისტი საქციელის და უხამსი შეძახილების გამო WTA –მ მათაც აუკრძალა ტურნირებზე დასწრება.

დიახ, მარი პირსის ოჯახურმა დრამამ საზოგადოება აიძულა ყურადღება გაემახვილებინა ქალთა ჩოგბურთში მამების და შვილების პრობლემაზე. მარის როგორც აღვნიშნეთ მამა ჰყავდა ჩოგბურთში გადადგმული პირველივე ნაბიჯებისას მწვრთნელად, მაგრამ მიუხედავად გოგონას სწრაფად პროგრესისა, ჯიმ პირსი მაინც უკმაყოფილო იყო. უჟმური ხასიათის ჯიმს შვილის წარმატებების შემდეგ არა ბედნიერი მამის, არამედ რაღაც საშინელი ზედამხედველის სახე ჰქონდა. იგი შვილის ყველა შეცდომაზე მწვავედ რეაგირებდა, მკაცრი ზეწოლის ქვეშ ამყოფებდა და უმოწყალოდ ლანძღავდა.

1992 წელს მარიმ ბარსელონას ოლიმპიადაზე რომ წააგო, მამამ საჯაროდ ისე ეჩხუბა და უყვირა, რომ გოგონა ატირებული შევარდა გასახდელში. როგორც პირსი მოგვიანებით იხსენებდა მამას შეეძლო იგი გაელახა არა მხოლოდ წაგებული შეხვედრის, არამედ არადამაკმაყოფილებლად ჩატარებული ვარჯიშის შემდეგაც კი. ჯიმი პირსის ხელი მხოლოდ მის შვილს არ მოხვედრია. ერთხელ ,,როლან გაროსზე” თამაშისას ტრიბუნაზე ორი ახალგაზრდა ბიჭი პირსის თამაშის სტილს დასცინოდა, ჯიმმა ეს შენიშნა და ორივე მათგანი გალახა.

მსოფლიო ჩოგბურთის თავკაცებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ ჯიმი პირსის მანერები. სწორედ მის მაგალითზე შემოიღეს გარკვეული წესები, რომელსაც საჩოგბურთო კულუარებში ,,ჯიმი პირსის წესებსაც” უწოდებდნენ. იგი უფლებას იძლეოდა ჩოგბურთელის მშობლებისთვის აეკრძალა კორტზე შესვლა.

პირსის კარიერა

ჯიმი უხიაგი და უტაქტო კაცი იყო, მაგრამ შვილი კი გაზარდა წარმატებული თანაც იმის მიუხედავად, რომ ვარჯიში დაგვიანებით, 14 წლის ასაკში დააწყებინა.
მარიმ პირველ მნიშვნელოვან შედეგს 1994 წელს, 19 წლის ასაკში მიაღწია, როდესაც საფრანგეთის ღია ჩემპიონატის ფინალში გავიდა და იქ ესპანელ არანჩა სანჩეს ვიკარიოსთან დამარცხდა.

მერე, ამ უკანასკნელთან რევანშის აღება მომდევნო წელსვე მოახერხა, თანაც ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში.
1997 წელს პირსი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტი გახდა. საფრანგეთის ნაკრებთან ერთად კი ფედერაციის თასი მოიგო. იგივე შედეგი მერე 2003 წელსაც გაიმეორა. მეორე დიდი ტურნირი ერთეულთა თანრიგში მარი პირსმა 2000 წელს მოიგო – საფრანგეთში, ,,როლან გაროსი”. ფინალში ისევ ესპანელი, ამჯერად კონჩიტა მარტინესი დაამარცხა. ეს წარმატება ფრანგებისთვის იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ფრანგ ქალს ,,როლან გაროსი” 1967 წლის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული. 2005 წელს პირსს უიღბლობა დასჩემდა.

გარდა ამისა, მარიმ სამჯერ შეძლო დიდი ტურნირის ფინალში გასვლა, მაგრამ ყველა გადამწყვეტი პაექრობა დათმო. ფინალებში ორჯერ ბელგიელებმა ჟუსტიენ ენენ არდენმა და კიმ კლაისტერსმა აჯობეს, ერთხელაც ფრანგმა ამელი მორესმომ სძლია.
მუხრუჭი მუხლის გამო

მარიმ 2006 წელს მუხლის ტრავმა ავსტრიაში, ლინცის ტურნირზე, ვერა ზვონარევასთან პაექრობისას მიიღო. შემდეგ მან ოპერაცია გაიკეთა და იძულებული იყო დაესვენა. რეაბილიტაციის მერე პირსმა ძალიან ბევრჯერ განუცხადა მედიას, რომ აქტიურ სპორტში დაბრუნების სურვილი ჰქონდა. ფაქტობრივად ყოველ წელს იგი ,,იმუქრებოდა”, რომ დაუბრუნდებოდა კორტს, მაგრამ საბოლოოდ მტკივანმა მუხლმა არ მისცა ამის საშუალება.

,,ჩემი ცხოვრების ყველაზე კარგი მოგონებები ჩოგბურთთანაა დაკავშირებული. სიამოვნებით ვიხსენებ ყველა წარმატებას, რასაც მივაღწიე ქალთა ტურში გამოსვლისას. მე ჩემი ოცნება ,,როლან გაროსის” მოგებას რომ უკავშირდებოდა – ავიხდინე! საერთოდ, გარედან ჩვენი საჩოგბურთო ცხოვრება საკმაოდ მიმზიდველად ჩანს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მისი მეორე მხარე ერთობ რთულია. საკმაოდ დიდი მსხვერპლის გაღება გვიწევს სანკვარი მიზნის მისაღწევად” – ამბობს მარი პირსი

ტაძარი მავრიკის კუნძულზე

სპორტსმენის კარიერის დასრულებიდან ცოტა ხანში, 2009 წელს ფრანგმა ჩოგბურთელმა საცხოვრებლად არც მეტი არც ნაკლები მავრიკის კუნძულებზე გადაწყვიტა გადასვლა. მადაგასკართან მდებარე ვულკანური წარმოშობის ამ კუნძულებზე დაარსებულ სახელმწიფოში პირსმა თავისი სახსრებით ეკლესია ააშენა.
,,ჩემი სიცოცხლე ახლა არის ტაძარი, ხოლო ჩემი ერთადერთი მოტივაცია – ღმერთი” – ამბობს ის.

პირსი ზოგჯერ ტელეექსპერტის როლშიც გვევლინება ამერიკის და საფრანგეთის ტელევიზიების სხვადასხვა შეჯიბრებების ტრანსლაციებისას.
და ამასთან, მარიმ გადაწყვიტა თავისი ცოდნა ადგილობრივ ბავშვებს გაუზიაროს, რის გამოც მწვრთნელობას მიჰყო ხელი.

,,ალბათ უფროსი ასაკის ჩოგბურთელის გაწვრთნა უფრო ადვილი იქნებოდა, ბავშვებთან მუშაობა რთულია. ყოველთვის მხედველობაში უნდა გქონდეს ბავშვების ხასიათი, მაგრამ მე მომსწონს ჩემი საქმე, რადგან ბევრ რამეს ვსწავლობ” – ამბობს პირსი, რომელსაც უმცროს ასაკში ყველაზე მეტად დესპოტი მწვრთნელის ხელი ახსოვს და ირწმუნება, რომ შეგირდებს არასოდეს არც კი შემოუყვირებს, არათუ მამასავით უხეშად მოეპყრობა.

წყარო: lelo.ge

SHARE