რატომ არ ტარდება ევრპის ჩემპიონატი რაგბში

60

2002 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ეროვნულ სტადიონზე რუსეთის ეროვნულ გუნდს მოუგო და ისტორიაში პირველად მოიპოვა მსოფლიოს თასზე ასპარეზობის უფლება. მას შემდეგ ქართული რაგბი სულ უფრო ფართოდ გავიდა საერთაშორისო ასპარეზზე და საყოველთაოდ ცნობილი გახდა. ახლა, დედამიწის ნებისმიერ წერტილში, სადაც რაგბი მეტ-ნაკლებად პოპულარულია და მასზე ლაპარაკობენ, ყველამ იცის საქართველო და მისი მძლავრი მორკინალები.

ცხადია, ქართული რაგბის თამამმა ნაბიჯებმა მაშინდელი რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ყურადღება მიიპყრო და ამ ორგანიზაციის მაღალჩინოსნებმაც მოუხშირეს თბილისში ვიზიტებს. არ მახსოვს რომელი წელი იყო. სავარაუდოდ, ავსტრალიაში გამართული მსოფლიოს თასის შემდეგ, საქართველოს რაგბის კავშირს IRB-ის დიდმოხელეები ავსტრალიელი ბრუს კუკი და ფრანგი მიშელ არპაიაჟი სტუმრობდნენ. პრესკონფერენციაზე თემა ისე განვითარდა, რომ იქვე, სპონტანურად გამიჩნდა კითხვა – რატომ არ ტარდება ევროპის ჩემპიონატი რაგბიში?

ამ შეკითხვაზე ბრუს კუკმა არაფერი მიპასუხა. მიშელ არპაიაჟმა კი, რაღაც მენტალურ განსხვავებაზე წაილუღლუღა. დრწუნებული ვარ, კითხვის არსს ვერც ერთი ჩასწვდა. მათ ხომ ამაზე არასდროს უფიქრიათ. კიდევ, უფრო უარესი, ვისაც ახლა მათი თანამდებობები უკავიათ, ისინიც არ ფიქრობენ. ისე, დღემდე ვფიქრობ, რა შუაშია რაგბიში ევროპის ჩემპიონატთან ევროპის სხვადასხვა ერის მენტალური განსხვავება. რა, სპორტის სხვა სახეობებს ეს ხელს უშლის ევროპის ჩემპიონატი ჩაატაროს?

ეს თემა შემდგომშიც არაერთხელ წამომიწევია. ცხადია, როგორც პრესის საშულებით, ისე პრივატულ საუბრებში საქართველოს რაგბის კავშირის თითქმის ყველა ხელმძღვანელთან. ერთადერთი, რომელმაც ეს იდეა აიტაცა და საჭიროდ ჩათვალა ამაზე რაგბის საერთაშორისო საბჭოსთან ემუშავა რაგბის კავშირის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი კოკა ლაზიშვილი იყო, რომელმაც სამწუხაროდ ეს თანამდებობაც და საქართველოც მალე დატოვა.

არადა, სირცხვილია, ასე პოპულარულ სპორტის სახეობაში, რომლის მსოფლიოს თასის გათამაშებასაც ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს ოლიმპიური თამაშებისა და ფეხბურთში ფიფას მსოფლიოს თასის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატი რომ არ ტარდება.

კიდევ ერთხელ ვსვამ კითხვას. ისევე, როგორც სპორტის სხვა ყველა სახეობაში, რატომ არ ტარდება ევროპის ჩემპიონატი რაგბიში? ხომ შეიძლება ეს შეჯიბრება ოთხ წელიწადში ერთხელ გაიმართოს. მაგალითად, წლეულს ჩატარდა მსოფლიოს თასი, ორი წლის შემდეგ 2021 წელს ჩატარდეს ევროპის ჩემპიონატი. 2023 წელს ისევ მსოფლიოს თასი, რომელიც უკვე გადაწყვეტილია, რომ საფრანგეთში გაიმართება და 2025 წელს ისევ ევროპის ჩემპიონატი და ასე შემდეგ.

და გამოვა რა? ის, რომ საქართველოს ნაკრებს არა ოთხ წელიწადში ერთხელ, არამედ ყოველ ორ წელიწადში მოუწევს უმაღლესი რანგის ტურნირებზე უმაღლესი რანგის მეტოქეებთან ასპარეზობა. ამით, ის ყბადაღებული მიზეზი, რომ ბობოლებან ტოლსწორად სათამაშოდ მათთან მეტი ტესტი გვჭირდება, ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება. თანაც, იქნებ ფრანჩაიზის გაკეთება და ამისთვის დამატებითი თანხების მოძიებაც არ გახდეს საჭირო. თუმცა, თუ ესეც მოხერხდება, ხომ საერთოდ იდეალური ვარიანტი იქნება.

ამას არა მარტო ჩვენი, არამედ სხვა ევროპის ქვეყნების ინტერესის გაზრდა და მათი სათამაშო დინის ამაღლებაც მოჰყვება, რაც, ცხადია, ჩვენს ინტერსებშიც უნდა იყო. ამიტომ, სწორედ მათთან ერთად უნდა დავირაზმოთ, მეტიც მათ სათავეში უნდა ჩავუდგეთ და ვისაც საჭიროა მოვთხოვოთ ბოლოს და ბოლოს ჩატარდეს ევროპის ჩემპიონატი ოთხ წელიწადში ერთხელ.

ახალხან, ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის პრეზიდენტის ინტერვიუ გავრცელდა, რომელიც ამბობს, რომ სხვა ქვეყნებში რაგბის განვითარებით დაინტერესებულნი არიან და საამისოდ შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს აკეთებენ.

მისი ყურადღება მაინც სამეზობლოს, სამოას, ტონგას და ფიჯის ეხება. თუმცა, აქვე მან ერთი საგულისხმო დეტალი გააჟღერა. ახალი ზელანდია კია მოწადინებული, მაგრამ ამაში მას ხელს ინგლისი, ირლანდია, შოტლანდია, უელსი და საფრანგეთი უშლიან. ახალი პროექტიც, რომელიც მსოლფიო რაგბიმ შეიმუშავა, სწორედ მათ ჩააგდესო.

ერთი სიტყვით, ამხელა შესავალი იმისთვის დაგვჭირდა, რომ გვეთქვა – 2019 წლის მსოფლიოს თასზე რამდენიმე ტენდენცია გამოიკვეთა. ერთ-ერთი მათგანი ის არის, რომ პირველი და მეორე დონის გუნდებს შორის, თუ იაპონიასა და ფიჯის არ ჩავთვლით, რომლებიც სულაც არ მიმაჩნია მეორე დონის ქვეყნებად, უფსკრული მეტად გაიზარდა, ვიდრე ეს ოთხი წლის წინათ, 2015 წლის მსოფლიოს თასზე იყო.

თითქმის ყველა მეორე დონის გუნდი მატჩის დასაწყისშივე, საწყის 20 წუთში პირწმინდად დამარცხდა, რაც ოთხი წლის წინათ ინგლისში არ ხდებოდა. იქ, მეორე დონის ქვეყნების წინააღმდეგობას ბობოლები მხოლოდ დასკვნით 20 წუთში ტეხდნენ, რაც კანონზომიერებად მიიჩნეოდა. ახლა, ეს კანონზომიერება სადღაც გაქრა. რაზეც, ვფიქრობთ, „მსოფლიოს რაგბის“ სერიოზული დაფიქრება მართებს.

ამ მოსაზრებას არ იზიარებს საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრებო კომიტეტის ხელმძღვანელი ნიაზ მამრიკიშვილი. აი, რა თქვა მან:

„ვფიქრობ, რომ პირველი და მეორე დონის სარაგბო ქვეყნებს შორის სათამაშო კლასი დაახლოვებისკენ მიდის. წესით, ეს ჩვენი ნაკრების თამაშითაც უნდა დამტკიცებულიყო, რომ არა ის უხეში შეცდომები, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ნაკრების განვითარების პროცესში მოგვივიდა. ვერ ვიტყვი, რომ ფიჯის ან ავსტრალიას მოვუგებდით, მაგრამ დარწმუნებული ვარ გაცილებით უკეთეს შედეგს ვაჩვენებდით.

ავიღოთ ფიჯი და იაპონია, რომლებიც მიმაჩნია, რომ მჭიდროდ დაუახლოვდნენ პირველი დონის ქვეყნებს. მათთან თამაშში არაფერს თმობენ და უკვე უგებენ კიდეც მათ. იაპონია, რა სწრაფ რაგბისაც თამაშობს ეგეთი აქამდე არც მენახა.

თუ ვილაპარაკებთ კანადაზე, აშშ-ზე, რუსეთსა და ჩვენს ნაკრებზე, რომლებიც უფრო დაშორდნენ პირველი დონის გუნდებს, ამას ასეთი ახსნა აქვს. ჩვენთან ბოლო სამი წლის განმავლობაში გააზრებული და სწორი სამუშაო რომ ჩატარებულიყო, საქართველოს ნაკრებიც ფიჯისა და იაპონიასავით გამორჩეული იქნებოდა. ექსპერიმენტები სამი წელიწადი გაგრძელდა და ამის მერეც ვერ მივიღეთ შედეგი. ეს კი, ვფიქრობ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელის, მილტონ ჰეიგის წარუმატებელი პოლიტიკის ბრალია..

კანადის ნაკრებს წლეულს სერიოზული ჩავარდნა ჰქონდა. რუსები, ცხადია, მსოფლიოს თასზე შემთხვევით მოხვდნენ. თუმცა, იაპონიასთან მათაც გამოაჩინეს კბილები.

მაინც ვფიქრობ, რომ პირველი და მეორე დონის გუნდებს შორის დაახლოების პროცესი, რომელიც  7-8 წლის წინათ დაიწყო, ისევ გრძელდება. დამოკიდებულია იმაზე, მეორე დონის ქვეყნებიდან რომელს ექნება კონკრეტულ მომენტში აღმავლობის ხანა. იმედი მაქვს, რომ ორ წელიწადში ეს აღმავლობა ჩვენს ნაკრებსაც დაეწყება. 2022 წლიდან ჩვენ ისევ ძლიერი გუნდი გვეყოლება. ამის ყველა წინაპირობა არსებობს. უწინარესად მხედველობაში მაქვს ჩვენი ახალგაზრდული ნაკრებების ასპარეზობა მსოფლიოს ჩემპიონატებზე და ასევე სხვა თანამდევი პირობები.“

ძნელია ექსპერიმენტების თაობაზე ნიაზ მამრიკიშვილს არ დაეთანხმო. მით უფრო, რომ ის მსოფლიოს თასზეც გაგრძელდა. მთავარი მწვრთნელის საკმაოდ ბევრი გადაწყვეტილება სრულიად გაუგებარი იყო. მით უფრო, რომ ის საჭიროდ არ თვლიდა საჯაროდ რამე აეხსნა. კიდევ უფრო საოცარი იყო ფიჯის ნაკრებთან განცდილი მარცხის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ავსტრალიელი ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე მისი პასუხი. – იქონია თუ არა გუნდის თამაშზე გავლენა იმ ფაქტმა, რომ დასვენებისთვის და მომზადებისთვის მხოლოდ სამი დღე გქონდათო. მილტონ ჰეიგმა უპასუხა:

„ვფიქრობ, რომ ფიჯისთან მატჩისთვის სამდღიანი მოსამზადებელი პერიოდი პრობლემა არ ყოფილა, რადგანაც ასეთ დიდ ტურნირზე გამოსვლისას იცი და აანალიზებ მეტოქეებს. ფიჯისთან ბოლო 3 წელში 2-ჯერ ვითამაშეთ. მოთამაშეები შესწავლილი გვყავდა, მაგრამ მეორე ტაიმში საბედისწერო შეცდომები დავუშვით.“

როგორ? ანუ თუ მეტოქე რვა დღე ისვენებს და ემზადება. შენ კი, საამისოდ მხოლოდ სამი დღე გაქვს, ეს პრობლემა არ არის? რას ნიშნავს ჩვენი მთავარი მწვრთნელის ეს პასუხი. იმის მაგივრად, რომ განგაში ატეხოს, რათა ასეთი რამ  მომდევნო მსოფლიოს თასზე მაინც აღარ მოხდეს, კაცი ამბობს მერე რაო? არადა, 2011 წლის მსოფლიოს თასის შემდეგ ასეთი კალენდარი ყველამ გააკრიტიკა, ყველასთვის პრობლემა იყო და 2015 წლის მსოფლიოს თასი ისე დაიგეგმა, რომ არც ერთ გუნდს, მათ შორის ჩვენც სამდღიანი შესვენება არც ერთი მატჩის წინ არ გვქონია. იაპონიაში კი, კალენდარი ისევ ძველებურად დაგეგმეს და ვინც ამას ყველაზე მეტად უნდა აპროტესტებდეს, ის ამბობს – რა პრობლემაა ძმებო?

ახლა, 2023 წლის მსოფლიოს თასზე აიღებენ და ყველა თამაშს სამდღიან ინტერვალში დაგვინიშნავენ. თქვენ ხომ იცნობთ მეტოქეებს და აანალიზებთ მაგათ თამაშებსო. ცხადია, ვუტრირებ, მაგრამ ასეთი და სხვა უცნაურობები ჩვენი მთავარი მწვრთნელის რეპერტუარში საკმაოდ იყო.

წყარო: lelo.ge

SHARE