ნიკი ლაუდა: 2019 წლის მთავარი დანაკარგი

74

ყოველი წლის ბოლოს, სპორტული შედეგების მიმოხილვის გარდა, სააგენტოები და გამოცემები იხსენებენ სპორტის სამყაროში გარდაცვლილებსაც. 2019 წელს, ყველაზე დიდი სპორტსმენი, ვინც გული დაგვწყვიტა, ავსტრიელი ავტომრბოლი ნიკი ლაუდა იყო…

43 წლის წინ, „ფერარის“ ავსტრიელი პილოტი ნიკი ლაუდა „ნიურბურგრინგის“ ტრასაზე კედელს შეეჯახა. მისი ბოლიდი მომენტალურად აალდა და მრბოლელი მთელი 55 წამი ამოყავდათ მანქანიდან – თან მთელი ეს დრო ჩაფხუტის გარეშე გაატარა, რომელიც ავარიის დროს ჩამოუვარდა, 800 გრადუს ტემპერატურაში და ჟანგბადის გარეშე.

ლაუდას ამბავი საყოველთაოდ ცნობილი გახდა რონ ჰოვარდის ფილმის „რბოლის“ გამოსვლის შემდეგ: სურათში ნაჩვენებია არა მხოლოდ თავად ავარია, არამედ ნიკის ტრასაზე დაბრუნება ინციდენტიდან 40 დღის შემდეგ.

მაგრამ ფორსირებული აღდგენისგან მიღებული შედეგები სიცოცხლის ბოლომდე აწუხებდა სახელოვან მრბოლელს. ბოლო 22 წლის განმავლობაში მან ორი ოპერაცია გადაიტანა თირკმლის გადანერგვაზე, ერთი წლის წინ კი 69 წლის პაციენტს ფილტვის ტრანსპლანტაციის სარისკო ოპერაცია გაუკეთეს…

როგორ გადარჩა ლაუდა 76-ში

ხანძრის ეპიცენტრში დიდი ხანი ყოფნის გამო, ავსტრიელმა თავის, სახისა და ხელის პირველი და მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო. იმ დღიდან მოყოლებული, ნიკის გარეგნობა ძლიერ შეიცვალა – მაგრამ ყველაზე სახიფათო იყო მაღალი ოქტანობის ბენზინის წვის პროდუქტების ჩასუნთქვით გამოწვეული შედეგი. გავარვარებული საწვავის ორთქლმა და გამონაბოლქვმა არა მხოლოდ დააზიანა ფილტვები თავისი მაღალი ტემპერატურით: ტოქსინებმა შეაღწიეს სისხლში და მრბოლელი მოწამლეს.

„ბოლო მოგონება რბოლაზე – ეს არის საბურავების შეცვლა და ის, როგორ გამოვდივარ ბოქსებიდან. შემდეგი გახსენება: ვერტმფრენის ხმა. შემდეგ: ვწევარ საწოლში, დაღლილი ვარ, ძილი მინდა, არაფერი ვიცი, მალე დასასრული იქნება, – იხსენებს ლაუდა თავის წიგნში „ჩები ბედი“. – მხოლოდ მეოთხე დღეს გაირკვა, რომ ვიცოცხლებდი. ბენზინის ორთქლის გადაყლაპვის გამო, ფილტვებმა და სისხლმა სერიოზული დაზიანებები მიიღო. ამას ემატებოდა დამწვრობა: სახეზე, თავზე და ხელებზე, მაგრამ ის არ იყო საშიში სიცოცხლისთვის, სამაგიეროდ, ნაიარევები სამუდამოდ დამრჩა“.

საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ, ნიკი კომაში ჩავარდა. ექიმები არასახარბიელო პროგნოზებს იძლეოდნენ, მაგრამ ავსტრიელი გამოძვრა.

„როცა საავადმყოფოში გონს მოვედი, ექიმების განხილვა მოვისმინე: „თუ მას ჟანგბადს მივცემთ, ის მოკვდება“. შემდეგ რაღაც ნაწყვეტები – კარგად დავიმახსოვრე მხოლოდ ეს მომენტი.

10 წლის შემდეგ, იმავე ექიმს შევხვდი ჰოკენჰაიმში და ვკითხე – სინამდვილეში რა მოხდა მაშინ ჩემს თავს. მან მიპასუხა: „შენ გარკვეული ხანი გონზე იყავი და არ დანებდი, არ დაიძინე. ამგვარად იქცევა ბევრი ადამიანი მსგავს გარემოებებში – უბრალოდ, ითიშებიან. და ექიმები მათ ვერაფერს აგებინებენ. შენ ის დაგეხმარა, რომ ჩვენ გელაპარაკებოდით“. ამაში იყო მთავარი საიდუმლო. მე ვრჩებოდი გონებაზე და ვცდილობდი მათი მითითებები შემესრულებინა. ჩემთვის მაშინ ცხადი იყო: ცოცხლად დარჩენის ერთადერთ ხერხი – თუ ექიმები შეძლებდნენ რაღაცის გაკეთებას. თავად არაფრის გაკეთება არ შემეძლო“.

ლაუდას ექსპერიმენტებით მკურნალობდნენ

იმის გამო, რომ ჩემპიონის სიცოცხლის მთავარი საფრთხე სწორედ ფილტვების დაზიანებისგან მოდიოდა, ექიმებმა სწორედ ამ ორგანოსთან მუშაობა გამოიტანეს პირველ პლანზე. ამ მომენტებს ნიკი ხშირად იხსენებდა.

„ფილტვის მკურნალობა, უბრალოდ, საშინელება იყო. ექიმებმა მითხრეს, რომ მხოლოდ ჟანგბადი არ მიშველიდა. და თუ პირდაპირ ფილტვში შეუშვებდნენ მილს და იქიდან დამწვარ ნაწილაკებს ამოტუმბავდნენ, ამას შეიძლება გადავერჩინე. ეს მეთოდი ახალი გამოგონებული იყო და ჩემამდე არასოდეს გამოეყენებინათ. მაგრამ მე მზად ვიყავი ყველაფრისთვის, რასაც მეტყოდნენ. კიდევ დაამატეს, რომ უფრო ხშირი პროცედურების შემთხვევაში, უფრო სწრაფი აღდგენა მოხდებოდა.

ისინი მილს უშვებდნენ ფილტვში და იქიდან ყველაფერს ტუმბავდნენ. ასეთ მომენტში ფილტვი ბოლომდე იკუმშებოდა, სუნთქვა შეუძლებელი იყო და იწყებოდა პანიკა. ძალიან მტკივნეული იყო, უბრალოდ, საშინელება. მაგრამ პირველი პროცედურიდან ნახევარ საათში გამეორება მოვითხოვე. „ძალიან ადრეა, – მიპასუხა ექიმმა. – მოიცადე, თორემ ამისგან შეიძლება მოკვდე“. შემდეგ ამას იმდენად ხშირად აკეთებდნენ, რამდენადაც შესაძლებელი იყო. სამი დღის შემდეგ მივხვდი, რომ გადავრჩებოდი.

ფილტვების გაწმენდიდან ხუთი-ექვსი დღის შემდეგ, სხვა კლინიკაში გადამიყვანეს კანის გადასანერგად. გადამინერგეს კანი შუბლზე, გვირგვინზე და მარჯვენა თვალის ქვედა ქუთუთოზე. კანი ჩემი ფეხიდან აიღეს.

გაღვიძებულმა, დიდ საწოლზე აღმოვაჩინე საკუთარი თავი. ზემოდან ნათურები მანათებდა, ხელები კი საწოლზე ძლიერად იყო მიბმული. გვერდით ექთანი მეჯდა და წიგნს კითხულობდა. მან თქვა, რომ მაკვირდებოდა სახეზე ხელი არ მომეკიდებინა – წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი წყალში ჩაიყრებოდა. სწორედ ამიტომაც დამაბეს – ძილის დროს გადანერგილ კანს შემთხვევით რომ არ უნდა შევხებოდი“.

ავარიის შედეგები

ნიკიმ გადაწყვიტა – თითქმის არაფერი შეეცვალა თავის ავარიისშემდგომ გარეგნობაში – მას საერთოდ არ ანაღვლებდა საკუთარი იერი.

„არ არსებობს კომპლექსის განცდის პატარა მიზეზიც კი, როცა ნახევარი ყური გაკლია, – დაწერა ლაუდამ თავის წიგნში. – ჩაიხედე სარკეში – აი, ასე გამოიყურები. თუ ვინმეს ასეთი არ მოსწონხარ, მით უარესი მისთვის. ჩემი სიმელოტისგან სარგებელიც კი ვნახე – ფულს ვიღებდი Parmalat-სგან მისი კეპის მუდმივად ტარებისთვის. და რბოლებიდან ჩემი წასვლის შემდეგაც, ჩემს კეპს შემოსავალი მოჰქონდა“.

ავსტრიელმა მხოლოდ ერთი დამატებითი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა – ფუნქციონირება რომ დაებრუნებინა დამწვარი ქუთუთოებისთვის.

„ექვსმა სხვადასხვა ექიმმა ექვსი სხვადასხვა აზრი გამოთქვა იმის შესახებ, როგორ უნდა გამეკეთებინა ოპერაცია, – ჰყვება ჩემპიონი თავის ბიოგრაფიაში. – მე ავირჩიე თვალის ქირურგი სენტ გალენიდან. მან აიღო კანი ყურის უკანა არედან და ის ქუთუთოდ გამოიყენა. ორი წელი ყველაფერი შესანიშნავად მუშაობდა, მაგრამ 1982 წლის ბოლოს დაიწყო პრობლემები მარჯვენა თვალზე. ქვედა ქუთუთო ბოლომდე არ იხურებოდა, ღამით თვალი ოდნავ ღიად მრჩებოდა და ანთება დამემართა. მე ავირჩიე ყველაზე სახელგანთქმული ადამიანი ამ სფეროში – ივა პიტანჟი, რომელსაც, როგორც გავიგე, „პლასტიკური ქირურგიის მიქელანჯელოს“ უწოდებდნენ. მისი თვალები აენთო ჩემი დანახვის შემდეგ. ჩემს პრობლემას – მარჯვენა ქვედა ქუთუთოს თითქმის არ შეხედა, სამაგიეროდ, ყველა დანარჩენი გაცილებით მეტად მოეწონა: ჩემი მარჯვენა ყურის ნახევარი, ჩემი წარბები, ნაიარევები დამწვრობისგან. „შესანიშნავია, – თქმა მან. – მარჯვენა ყურისთვის ჩვენ ავიღებთ ნეკნის ნაწილს, კეფაზე თმას წარბებისთვის და თან გამოვასწორებთ სიმელოტეს მარჯვენა მხრიდან…“ და ასე შემდეგ. ის ბედნიერი იყო.

მე დამჭირდა ნახევარი საათი იმის ასახსნელად, რომ სამი თვის შემდეგ იწყებოდა სარბოლო სეზონი და წესრიგში უნდა მომეყვანა მხოლოდ მარჯვენა ქუთუთო. საბოლოოდ, კანის ორი სანტიმეტრი კეფიდან ქუთუთოზე გადამინერგეს და სტატიკური მდგომარეობის უზრუნველსაყოფად ქვედა ქუთუთო ზედას მიაკერეს. გამოჯანმრთელების პროცესმა კარგად ჩაიარა, თვალმა კანის ახალი ნაჭერი მიიღო და ერთი კვირის შემდეგ ნაკერები მომხნეს. აქ კი ძალიან შემეშინდა: ვერაფერს ვხედავდი, საერთოდ ვერაფერს. თვალი ჩამიწითლდა, თითქმის დალპა. პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ პირველად ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ქუთუთო სწორად იხურებოდა და თვალი მას ცუდად ეხებოდა. მაგრამ ორ დღეში ყველაფერი ნორმაში ჩადგა და მას შემდეგ, თვალთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ მქონია.

ავარიის სხვა შედეგებზე – ყურზე, შუბლზე და თავზე – ოპერაციის ჩატარება არ მოვისურვე. სანამ ყველაფერი მუშაობს, დაე დარჩეს ყველაფერი ასე“.

ამ სიტყვებში მდგომარეობს მთლიანად ლაუდას ხასიათი. თუმცა, ზოგიერთი ნეგატიური შედეგი ათწლეულების შემდეგ გამოვლინდა. სისხლში მოხვედრილი ტოქსიკური პროდუქტები თირკმლებს გამოჰყავდა და, როგორც ჩანს, ამ მძლავრ დატვირთვას უშედეგოდ არ ჩაუვლია. 1997 წელს ავსტრიელის პრობლემები ამ ორგანოსთან დაკავშირებით იმდენად გაიზარდა, რომ საჭირო გახდა გადანერგვა. მას თირკმელი ძმამ ფაბიანმა შესწირა, მაგრამ პრობლემები დაბრუნდა რვა წლის შემდეგ. 2005 წელს დონორი გახდა მისი მომავალი მეუღლე ბრიგიტი, რომელიც ნიკის ავიაკომპანიაში სტიუარდესად მუშაობდა. მას შემდეგ, მას თირკმელებზე პრობლემები აღარ ჰქონია.

იმ საშინელი ინციდენტის შემდეგ, ნიკიმ 71 წლამდე იცოცხლა და ორი საჩემპიონო ტიტული მოიპოვა, დააარსა ორი ავიაკომპანია, ხუთ შვილი გაზარდა, მონაწილეობა მიიღო ფორმულა 1-ში „იაგუარის“ მართვაში და მოიგო „მერსედესთან“ ერთად ოთხი ტიტული. ამით სარბოლო სამყარომ მიიღო ამბავი, რომელიც ადამიანის სულის ძალას ამტკიცებს.

წყარო: lelo.ge

SHARE