ნიკოლოზ ბასილაშვილის ურთულესი ბადე პეკინის ტურნირზე და ბრძოლა ტიტულის დასაცავად

73
დღეს, 30 სექტემბერს დაიწყო ჩინეთის ღია ჩემპიონატი ჩოგბურთში, რომლის 2018 წლის გამარჯვებულიც ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი გახლავთ, რომელმაც ფინალში არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს 2 სეტში მოუგო – 6:4, 6:4.

 

შარშან ნიკოლოზმა საჩემპიონო გზაზე ჯეკ სოკს (17), ფერნანდო ვერდასკოს (28), მალეკ ჯაზირის (61), კაილი ედმანდს (16) და ბოლოს დელ პოტროს (4) მოუგო.

 

წელს კი ნიკოლოზს უფრო რთული ბადე აქვს. პირველ წრეში არგენტინელ გუიდო პელას (22) შეხვდება, რომელთანაც აქამდე 2018 წლის ამერიკის ღია ჩემპიონატზე აქვს ნათამაშები და დაამარცხა კიდეც სამხრეთამერიკელი 4 სეტში – 6:3, 6:4, 1:6, 7:6.

 

პელას დამარცხების შემთხვევაში ნიკოლოზი მსოფლიოს მე-7 ჩოგანს, ბერძენ სტეფანოს ციციპასს შეხვდება. შემდეგ კი ბასილაშვილის მხარეს არიან მონფილსი ან ისნერი, ზვერევი, ბაუტისტა აგუტი, შვარცმენი, ტიაფო, ოჟე ალიასიმი. ტიტულისა და 500 სარეიტინგო ქულის დაცვის გზაზე ნიკოლოზს ტოპ 10-ისა და ტოპ-20-ეულის ჩოგბურთელები ჰყავს პოტენციურ მეტოქეებად. ამას დამატებული ტრავმა და, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია.

 

თუმცა ნიკოლოზს სჩვევია წარმატებული თამაშის მაშინ ჩვენება, როცა ამას მისგან არავინ ელოდება. იმედია, ამ შემთხვევაშიც ასე იქნება.

 

წელს პეკინის ტურნირზე განსაკუთრებით ბევრი ვარსკვლავი თამაშობს. ტოპ-10-ის 5 ჩოგბურთელია, შემდეგ მე-11, მე-12, მე-13 ნომრებიც. ამის მიზეზი ტოპ-8-ში არსებული მჭიდრო განლაგებაა. 1 500-იანი კატეგორიის ტურნირის მოგებამ შესაძლოა ლონდონის შემაჯამებელ ტურნირზე მოხვედრა გაუნაღდოს ჩოგბურთელებს. აღსანიშნავია, რომ შეჯიბრებაში მონაწილეობას ენდი მარეიც კი მიიღებს.

 

პეკინის ტურნირი სწორედ 500-იანი კატეგორიის შეჯიბრება გახლავთ. მისი საპრიზო ფონდი 3, 515, 225 დოლარია. გამარჯვებული 733, 990 დოლარსა და 500 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

 

ნიკოლოზი აღნიშნულ შეჯიბრებაზე პირველ მატჩს ხვალ, 1-ელ ოქტომბერს, თბილისის დროით 07:00 საათზე გამართავს.
წყარო: spotall.ge
SHARE