ორი ქართული კლუბი ევროპა ლიგაზე – მოლოდინები და შანსები

42

დღეს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართება, სადაც ქართული კლუბებიც ასპარეზობენ.

“დინამო თბილისი” სტუმრად უელსურ “ქონაჰს” დაუპირისპირდება, “ლოკომოტივი” კი შინ “დინამო მოსკოვს” დაუხვდება.

“დინამოს” შემდეგ ეტაპზე გასვლის მეტი შანსი აქვს, რადგან მეტოქე სუსტია, თუმცა “ლოკომოტივმა” წინა ეტაპზე დაგვანახა, რომ შეუძლებელი არაფერია და ამ ბარიერის დაძლევაც შეუძლიათ.

გია ჭიაბრიშვილის თქმით, გუნდი სრულ მზადყოფნაშია, არცერთ ტრავმირებული არაა და მზად არიან, მაქსიმუმი ჩადონ. “ლოკომოტივი” ამ მატჩს კარგ განწყობაზე ხვდება, რამდენიმე დღის წინ “ჩიხურა” დაამარცხეს, “დინამო მოსკოვმა” კი “რუბინთან” წააგო.

“კრაიოვას თამაშის გაშიფვრა ადვილი იმიტომ იყო, რომ სულ ერთი და იგივე ტაქტიკით და სქემით თამაშობდნენ, მოსკოველები კი სულ სხვადასხვა სქემას ირჩევენ და მათი შესწავლა არც ისე ადვილია. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ, რომელიმე გუნდი ევროპა ლიგის ჯგუფში შევიდეს. როცა რომელიმე გუნდი ამას გააკეთებს, შემდეგ ყველაფერი გაადვილდება. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი გუნდი იქნება ეს. მათი გუნდის დირექტორის განცხადებებზე კომენტარს არ გავაკეთებთ. ჩვენთვის სულ ერთია, დინამო მოსკოვს ვეთამაშებით, თუ მანჩესტერს. ჩვენი მთავარი მიზანია გავიმარჯვოთ და ხალხი გავახაროთ” – განაცხადა ჭიაბრიშვილმა.

“მეტოქის თამაში სრულად შესწავლილი გვაქვს. კარგი გუნდია, ადვილი თამაში არ იქნება და ჩვენ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ბრძოლა მოგვიწევს. მოხარულები ვართ, რომ თბლისში ჩამოვედით. პოლიტიკა? – აქ მხოლოდ ფეხბურთის სათამაშოდ ვართ ჩამოსულები. ჩვენი მიზანი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშია და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ”, – განაცხადა “დინამო მოსკოვის” თავკაცმა.

ბუკმეიკერები “ლოკომოტივის” შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსებს 20%-ით აფასებენ. სამწუხაროდ, გულშემატკივარი ამ მატჩსაც ვერ დაესწრება, თუმცა ლაივ რეპორტაჟის ხილმა “სილქ უნივერსალის” ეთერში შეეძლებათ.

სავარაუდო შემადგენლობა: მამარდაშვილი, უბილავა, გაბაძე, გურეშიძე, სანდოხაძე, შონია, სამურკასოვი, დარცმელია, ომარი, კირკიტაძე, სიხარულიძე.

გადავიდეთ “დინამო თბილისზე.” ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა ყველას გული დაგვწყვიტა და “ტირანასთან” წააგო, თუმცა იმის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის მწვრთნელი. როგორც ჩანს, “დინამო” ჩისკოსთან და ჩისკოს გარეშე სულ სხვა გუნდია. ესპანელმა სპეციალისტმა პირველივე მატჩში “დინამო ბათუმი” უშანსოდ დაამარცხა და “ქონაჰთანაც” იმავეს აპირებს.

უელსურ გუნდში კორონავირუსის ეპიდემიაა, რის გამოც კლუბის სტაფი და რამდენიმე ფეხბურთელი იზოლაციაშია. შესაბამისად, “დინამოს” წინააღმდეგ ისინი მხოლოდ 14 ფეხბურთელით წარსდგებიან, რაც ჩვენს შანსებს კიდევ უფრო ზრდის.

გასულ კვირას, “დინამო” 2 ფეხბურთელით გაძლიერდა. გუნდში დაბრუნდა ვიქტორ მონხილი. ასევე, დაიმატეს ჰოლანდიელი როდნი კლოსტერი.

ბუკმეიკერები “დინამოს” შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსებს 83%-ით აფასებენ და იმედია, დედაქალაქელები ფავორიტის სტატუსს გაამყარებენ.

სავარაუდო შემადგენლობა: კვასხვაძე, იაშვილი, ბენიო, მონხილი, კობოური, პაპავა, კუცია, ზარია, ქავთარაძე, ბუღრიძე, გაბედავა.

წყარო: goal.ge

SHARE