პირველ რიგში, ოლიმპიადა – ინტერვიუ გოგიტა არქანიასთან

33

იაპონიის დედაქალაქში 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მედლები პირველად გათამაშდება კარატეში (WKF): ქალ-ვაჟთა სამ-სამ წონაში 10-10 სპორტსმენი გამოვა. მამაკაცები 67, 75 და +75 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოსინჯავენ ძალებს.

აქედან გამომდინარე, სპორტის ამ სახეობის ტურნირებს, განსაკუთრებით – სუპერლიგის შეჯიბრებებს, მეტი ფასი დაედო, რადგან სწორედ აქ შეიძლება სარეიტინგო ქულების მოგროვება და ტოკიოს თამაშების საგზურების მოპოვება.

მძიმე წონაში ოლიმპიადაზე მოხვედრის რეალური კანდიდატია მსოფლიოს ექსჩემპიონი გოგიტა არქანაია, რომელმაც ორი კვირის წინ მინსკში მეორე ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

ოჩამჩირეში დაიბადა და გაიზარდა. კარატეში ვარჯიში 11 წლისამ დევნილობისას დაიწყო ზუგდიდში გელა გოგოხიას და მალხაზ პაჭკორიას ხელმძღვანელობით. ამჟამად ნიკოლოზ წურწუმიასა და თათია მელუასთან იმაღლებს ოსტატობას.

ქართველმა სპორტსმენმა საერთაშორისო სარბიელზე პირველ დიდ წარმატებას 2002 წელს კიევში მიაღწია – შოტოკან კარატეში მსოფლიოს თასზე მესამე ადგილი დაიკავა. 2009 წელს ამავე სახეობის ინტერნაციონალური ფედერაციის მიერ ორგანიზებულ მე-10 საიუბილეო მსოფლიოს ჩემპიონატზე შვიდი მეტოქე დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

გოგიტა არქანიამ მნიშვნელოვან წარმატებებს მაინც კარატეს ოლიმპიურ დისციპლინაში – WKF-ში მიაღწია: 2003 წელს სტამბოლში 20-წლამდელთა ბოსფორის თასი მოიგო.

ამის შემდეგ კვარცხლბეკს გაუშინაურდა – 2005 წელს ესპანეთში ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი ერგო. კონტინენტის პირველობებზე კიდევ ორჯერ – 2013 და 2018 წლებში დაიკავა მესამე ადგილები. ასევე მესამე იყო 2008 წელს ტოკიოში მსოფლიოს აბსოლუტურ ჩემპიონატში.

ქართველმა კარატისტმა ყველაზე დიდი გამარჯვება 2014 წელს გერმანულ ბრემენში იზეიმა: 84 კილოგრამ წონით კატეგორიაში ყველა მეტოქე დაამარცხა, მათ შორის, ფინალში იაპონიის წარმომადგენელ რიუტარო არაგას 4:1 მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. იგი პირველი ქართველი კარატისტია, რომელმაც WKF-ის ვერსიით პლანეტის უძლიერესის სახელი დაიმსახურა. მას შემდეგ მან არაერთი ტურნირი მოიგო და ახლა ოლიმპიურ მარათონში მძიმეწონოსანთა შორის რეიტინგით მე-11 ადგილზეა.

-საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ოლიმპიადაზე წონაში ქვეყნიდან ერთ სპორტსმენზე მეტი ვერ გამოვა, – გვითხრა გოგიტა არქანიამ. – მე კი მსოფლიოს კლასიფიკაციაში სამი ირანელი და ორი თურქი მისწრებს. ასე რომ, რეალურად მერვე ადგილზე ვარ, თანაც კონკურენტები არც ისე ბევრით მისწრებენ.

– რეიტინგით რამდენი სპორტსმენი მოხვდება ტოკიოს თამაშებზე?

– ალბათ, ექვსი, ერთი ადგილი მასპინძელს ექნება. სამი ლიცენზია კი გაისად 9-11 მაისს პარიზის ტურნირზე გათამაშდება. სარეიტინგო ქულების ათვლა შარშან სექტემბერში დაიწყო. პირველივე შეჯიბრებაზე პრემიერლიგაში მეორე ვიყავი – ფინალი ირანელ საჯად განჯზადენთან დავთმე. მერე იაპონიაში ვიყავი მეორე – მასპინძელმა ჰიდეიოში კაგავამ მაჯობა.

– სამაგიეროდ, წლევანდელი სეზონი გამოდგა უფრო წარმატებული…

– იანვარში პარიზის პრემიერლიგა მოვიგე. გადამწყვეტ შეხვედრაში ირანელ სალეხ აბაზარს ვძლიე, მაგრამ სალიცენზიოდ 1000-ის ნაცვლად 500 ქულა ჩამერიცხა, რადგან თებერვლამდე სარეიტინგო ქულები შუაზე იყოფოდა.

– ყველაზე მეტად რომელმა შეჯიბრებამ დაგწყვიტა გული?

– ევროპის ჩემპიონატმა – მეხუთე ადგილი დავიკავე. შანხაის პრემიერლიგა უნდა მომეგო, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო მესამე ადგილს დავჯერდი.

– მეორე ევროპულ თამაშებზე რას იტყვი?

– საინტერესო შეჯიბრება იყო. ჩვენთან წონაში მხოლოდ რვა-რვა საუკეთესო გამოდიოდა. +84 კილოს B ჯგუფის სტარტზე ბელარუს ალიაქსეი ვოდჩიცს მოვუგე 3:2. შემდეგ ორი ორთაბრძოლა სერბ სლობოდან ბოტევიჩსა და ხორვატ ანჯელო კვესიჩთან ნულოვანი ფრით დავასრულე. ორივე შეხვედრაში თავს შებოჭილად ვგრძნობდი. ალბათ, იმან იმოქმედა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ორივესთან წავაგე და უმედლოდ დავრჩი. მართალია, მინსკში გამოსვლითაც არ ვარ კმაყოფილი, მაგრამ ევროპული თამაშების ბრინჯაო და ტოკიოს სალიცენზიო ქულები ურიგო მაინც არ არის.

– სამომავლოდ რას აპირებ?

– უპირველესი საზრუნავი ტოკიოს ოლიმპიადაზე მოხვედრაა. პირველი აგვისტოდან ვარჯიშებს განვაახლებ, რადგან სექტემბრიდან წლის ბოლომდე პრემიერლიგის სამი მნიშვნელოვანი ტურნირი მელის და რაც შეიძლება მეტი სარეიტინგო ქულა უნდა ავიღო. საქართველოს კარატეს ფედერაცია და მისი პრეზიდენტი სენსეი კახა ბასილია ყოველმხრივ მეხმარებიან, პირობებს მიქმნიან და მეც მიზნის მისაღწევად და ქომაგების გასახარებლად არაფერს დავიშურებ.

წყარო: lelo.ge

SHARE