რატომ გვწყინს და რა ელის შენგელიას მოსკოვში

108

თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერი ისეთი ამბავია – ბოლო დღეებსა თუ კვირებში ყველამ ვიცოდით, რომ ეს უნდა მომხდარიყო, თუმცა ბოლომდე ამის დაჯერება არავის გვინდოდა. ქართველი გულშემატკივრებისთვის მარტივად გასაგები მიზეზების გამო, ეს ძალიან მტივნეული ამბავია. მტკივნეული, თუმცა კომპლექსური – ამ ამბავს მარტივად ვერ შეხედავ. ბევრი მხარე და ასპექტი აქვს.

რა არ უნდა გავაკეთოთ

ეს ქვეყანა დამოუკიდებელი სახით 30 წელია არსებობს და თუკი ამ წლების განმავლობაში რამე ვისწავლეთ, პირველი ის არის, რომ ერთმანეთს იარლიყები და ეპითეტები იოლად არ უნდა მივაწებოთ. ჩვენს უახლოეს წარსულში ბევრი იყო ერთმანეთისთვის ‘აგენტის’ და ‘მოღალატის’ ძახილი და ამან კარგი არაფერი მოგვიტანა. შენგელიას შემთხვევაშიც ასეა. ეს თუ შევძელით, ნიშნავს, რომ როგორც საზოგადოება, ერთი ნაბიჯით გავიზარდეთ.

შენგელიამ ბასკონიაში 6 სეზონი გაატარა

მეორე მხრივ, რაც არ უნდა გვინდოდეს, სპორტის და პოლიტიკის ბოლომდე გამიჯვნა არ გამოვა. საკალათბურთო ცსკა გუნდურ სპორტებში რუსეთის მთავარი და ყველაზე წარმატებული კლუბია. თორნიკე შენგელია ბოლო წლების ქართული სპორტის ერთ-ერთი მთავარი აქტივია. რუსეთის არმიის სპორტულ კლუბში რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი არ გვინდა თამაშობდეს, ეს ბუნებრივი რეაქციაა.

ზოგადად, ორსაუკუნოვანი რუსული ოკუპაციის პერიოდში ზედმეტად ხშირად ხდებოდა ხოლმე, რომ ყველაზე წარმატებულ ქართველებს რუსეთის იმპერიის საქმეების კეთება უწევდათ. მათი ნიჭი და ენერგია ამაში იხარჯებოდა. ეს ჩვენი ისტორიული ტრავმაა და არც არის გასაკვირი, რომ ასეთი ამბები მტკივნეულად მივიღოთ. ისტორიულ კონტექსტს თავი რომ დავანებოთ, რუსული ოკუპაცია მხოლოდ ისტორიული კონფლიქტი არ არის, ეს ჩვენი დღევანდელი პრობლემაა. სულ ცოტა ხნის წინ ვიომეთ და ახალ-ახალ ტერიტორიებსაც ყოველდღე ვკარგავთ.

რატომ გვწყინს შენგელია განსაკუთრებულად

ვიღაც შეიძლება შემომედავოს. ქვეყანაში, რომლის ეკონომიკა დღემდე მნიშვნელოვნად არის მიბმული რუსულ ბაზარზე და რუსულ კაპიტალზე, სადაც რუსული ტურიზმი შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა და ქართულ კომპანიებს დღემდე უჭირავთ თვალი ჩრდილოურ ბაზარზე, მაინცდამაინც თორნიკე შენგელიაზე გადავტეხოთ ჯოხი, სწორი არ იქნება. ეს არგუმენტიც მისაღებია. ამიტომაც დავწერე ზემოთ, რომ იარლიყების და ეპითეტების მიწებება არასწორი საქციელი იქნებოდა. უბრალოდ იმიტომ, რომ ჩვენთ თვითონ ვერ ვართ ხშირად ისეთი პრინციპულები, როგორც ვისურვებდით, რომ ვყოფილიყავით. ამიტომაც, შენგელიასგან გმირული უარის და ჰეროიკული პრინციპულობის მოთხოვნის უფლებაც არცთუ ისე ბევრი გვაქვს.

საერთოდაც, შორს რომ არ წავიდეთ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ რუსეთში თამაშობდა და თამაშობს, ცსკა-ში იყო მანუჩარ მარკოიშვილი, თავისი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი, რუსეთში გვყავს მორაგბეები და რატომ მაინც და მაინც შენგელია?!

მით უმეტეს, რომ ცსკა მხოლოდ რუსული კლუბი არ არის, ეს ისეთივე მასშტაბის საკალათბურთო გრანდია, როგორც ფეხბურთში რეალი და ბარსელონა. ცსკა ბოლო 20 წლის ყველაზე სტაბილური გუნდია და მასში მუდამ ევროპული კალათბურთის საუკეთესოები თამაშობენ.

თუმცა შენგელიას აქვს ის, რაც სხვებს არ აქვთ და ამის გამო გვწყდება გული. არჩევანის თავისუფლება! ახლავე განვმარტავ, რისი თქმა მინდა: როცა მანუ მარკოიშვილი ცსკა-ში წავიდა, ყველას გვიხაროდა, იმიტომ, რომ ქრონიკული ტრავმების შემდეგ ეს მისი შანსი იყო, ევროპული კალათბურთის ელიტაში დაბრუნებულიყო. შენგელიას შანსი კი არა, არჩევანი აქვს. ის ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და ცსკა-ს გარდა, დარწმუნებული ვარ, თითქმის ყველა ევროპული გრანდი ხელს მოაწერდა მის გუნდში აყვანაზე. სწორედ ამიტომ არის საწყენი. თორნიკე შენგელია იმდენად მაგარია, რომ შეეძლო, სხვა გზით წასულიყო. მას არჩევანი ჰქონდა. შეიძლება გვეშლება, მაგრამ გარედან ასე ჩანს.

როგორც აღვნიშნე, ეს საკითხი კომპლექსურია. გარედან რაც ჩანს, ერთი ამბავია და შიგნიდან როგორ არის, ეს კიდევ სხვა ფაქტორი.

ნათელია, რომ შენგელია ბასკონიადან უნდა წასულიყო. 28 წლის ასაკში ის ბასკონიას დონეს გაცდა და იდეალური დრო და სიტუაცია აქვს, კარიერის ყველაზე დიდ კონტრაქტს რომ მოაწეროს ხელი. NBA-ში დაბრუნება თითქოს დაგვიანდა და გამოირიცხა. ისე ჩანს, არც შენგელიას უნდა იქ 5-10 წუთისთვის თამაში. პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, რამდენი ევროპული გრანდი იცით, შენგელიას კალიბრს რომ აკმაყოფილებს და სათანადო რესურსები აქვს. ბერძნულ და თურქულ კლუბებს ფინანსური პრობლემები აქვთ და ამ ფონზე ასეთი მთელ ევროპაში მხოლოდ სამი გუნდი მახსენდება – რეალი, ბარსელონა და ცსკა. ბარსას თორნიკეს პოზიციაზე ნიკოლა მიროტიჩი ჰყავს და ეს ვარიანტი გამოირიცხა. რეალის დაინტერესების შესახებ წერდნენ, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ რეალის სამწამიანში ედი ტავარესი თამაშობს.

ესპანური კარიერა საჩემპიოო ტრიუმფით დასრულდა

გასათვალისწინებელია ფინანსური ფაქტორიც. სპორტსმენებს ამ საკითხზე ბევრი საუბარი არ უყვართ, თუმცა მათი კარიერის პიკი მაქსიმუმ 10 წელია და შესაძლოა, მოსკოველებმა თორნიკეს კარიერის პიკში ფინანსურად ყველაზე უკეთესი პირობებიც შესთავაზეს. გარედან კრიტიკა იოლია, თუმცა რამდენიმე მილიონზე უარის თქმა, როცა ეს შენი კარიერის მთავარი კონტრაქტია? არცთუ ისე მარტივი საქმე.

ყველა შემთხვევაში, ალბათ სასურველი იქნებოდა, რომ თავად თორნიკეც დეტალურად მოუყვეს ქართველ გულშემატკივარს მისი სიტუაციის და მისი არჩევანის შესახებ. ეს სამართლიანი იქნებოდა.

ისიც ფაქტია, რომ ცსკა-ს ისე ვერ ვუგულშემატკივრებთ, როგორც ბასკონიას თამაშებს ვუყურებდით და ისიც აღარ განმეორდება, რეალის ტავარესს სამიოდე თვის წინ ბოლო წამებზე კისერი რომ კინაღამ მოტეხა და მეორე დღეს მთელი ქვეყანა ამ ეპიზოდზე ლაპარაკობდა.

გული ნამდვილად დაგვწყდა.

რა ელოდება თორნიკეს მოსკოვში

ცსკა ახალ ცხოვრებას, განვითარების ახალ ეტაპს იწყებს. გასული სეზონის ბოლოს ევროლიგაში გამარჯვების შემდეგ, გუნდიდან ლიდერები, ნანდო დე კოლო, სერხიო როდრიგესი და კორი ჰიგინსი წავიდნენ, ამ სეზონში მათ კაილ ჰაინსი მიყვა, ტრავმის გამო მთელი სეზონი გამოტოვა უილ კლაიბერნმა. მოკლედ, ცსკამ თითქმის ყველა ლიდერი დაკარგა და ახალი ცხოვრების დაწყება სცადა.

ამ სეზონში, რომელიც პანდემიამ შეწყვიტა, ეს არცთუ ისე კარგად გამოვიდა. წლევანდელი ცსკა ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილური იყო და პირველად აღარ შედიოდა ევროპის სამ საუკეთესო კლუბს შორის. ახალმა ლიდერებმა, მათ შორის მაიკ ჯეიმსმა, სტაბილურად ცსკა-ს დონეზე თამაში ვერ შეძლეს.

ამ სიტუაციაში მიდის იქ თორნიკე შენგელია, რომელიც მოსკოველთა ახალი ლიდერი უნდა გახდეს. ამ სეზონში ცსკა-ს ძალიან უჭირდა სამწამიანიდან შეტევა. კუფოსმა და ფოიგტმანმა ავანსები ვერ გაამართლეს, ჰაინსი და ვორონცევიჩი უკვე ვეტერანები არიან და მოსკოველების ქულების დიდ ნაწილს გარდები (ჯეიმსი, ჰაკეტი) აგროვებდნენ. ცსკა პერიმეტრიდან შეტევაზე აკეთებდა აქცენტს. შენგელია სამწამიანში მთავარი ოპცია იქნება.

თორნიკე ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა სამწამიანში თამაშში

მოსკოვში მას თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ევროპელი მწვრთნელი, დიმიტრის იტუდისი ელოდება. იტუდისი აქცენტს კომბინაციურ და კოლექტიურ თამაშზე აკეთებს. ანუ ცსკა ერთპიროვნულად შენგელიას გუნდი მაინც არ იქნება, იტუდისს თამაშის აქცენტების, ქულების და სროლების განაწილება უყვარს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ იტუდისს შენგელია დიდი ხანია მოსწონს. მისი ძველი ინტერვიუ მახსენდება, სადაც აღნიშნავს, რონ ევროპაში ზურგით, ე.წ. პოსტში თამაშში საუკეთესოდ სწორედ შენგელიას მიიჩნევს.

ცსკა ბასკონიაზე ძლიერი და ამბიციური გუნდია, თუმცა თორნიკეს ესპანეთის ჩემპიონატი აუცილებლად დააკლდება. რუსეთის შიდა პირველობა და VTB ლიგა ვერც კონკურენციის ხარისხით და ვერც საკალთბურთო ატმოსფეროთი ესპანეთის ჩემპიონატთან ახლოს ვერ მივა. მთავარი ამოცანა შემდეგ სეზონში ევროლიგაზე გამარჯვება იქნება.

წყარო: popsport.ge

SHARE