რეკორდი, რომელიც ვერავის უნდა მოეხსნა – ლეო მესი პელეს უახლოვდება

58

ლა ლიგის შეხვედრაში სევილიასთან გატანილი საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბარსელონას მთავარ ლიდერ ლიონელ მესის მხოლოდ 39 გოლი აშორებს პელეს დიად მიღწევამდე – ერთი კლუბის მაისურით ყველაზე მეტი გოლი.

ფეხბურთის ლეგენდამ, ედსონ არანტეს დო ნასიმენტომ, ცნობილმა, როგორც პელემ, ბრაზილიურ სანტოსში 18 წელიწადი ითამაშა და 643-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ამ მიღწევას საფრთხე არ ემუქრებოდა.

თუმცა, ახლა ლეო მესის მხოლოდ 39 გოლი აშორებს პელეს დიად მაჩვენებლამდე…

ასპარეზზე მესის გამოჩენამდე სანტოსის ყოფილი ფეხბურთელის რეკორდს 18 წელიწადი ვერავინ უახლოვდებოდა. ერთადერთი, ვინც მას მიუახლოვდა, გერდ მიულერი იყო, რომელმაც ბაიერნისთვის 1964-დან 1979 წლამდე პერიოდში 565 გოლი დააგროვა.

თუმცა, ახლა, კიდევ უფრო ახლოს არის არგენტინელი ლეო მესი, რომლისთვისაც სევილიასთან სეზონის პირველი გოლი ბარსაში რიგით 604-ე გამოდგა.

საინტერესოა, რომ უკანასკნელი 10 სეზონის განმავლობაში, თითოეულ ჯერზე, მესიმ, სულ მცირე, 40 გოლის გატანა მოახერხა. ამ შედეგის კიდევ ერთხელ დაფიქსირების შემთხვევაში, ლეოს ბრაზილიელის რეკორდის გაუმჯობესება ამ სეზონშივე შეუძლია.

ბარსელონაში მესის დებიუტი 2004 წელს შედგა და მას მერე, არგენტინელმა ლა ლიგაში 420, ჩემპიონთა ლიგაზე 112, კოპა დელ რეიზე 51, ესპანეთის სუპერთასზე 13, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე 5 და უეფას სუპერთასზე 3 გოლი გაიტანა.

წყარო: sport.adjara.com

SHARE