როგორ დაკომპლექტდა ერთა ლიგის პლეი ოფი

128

ევრო 2020-ის დასრულების შემდეგ, თითქმის გაირკვა ერთა ლიგის პლეი ოფის ნახევარფინალური წყვილები. გაისად, მარტში სწორედ ამ მინი-ტურნირის შემდეგ უნდა გამოვლინდეს ევროპის ჩემპიონატის დარჩენილი ოთხი საგზურის მფლობელი. ნახევარფინალური წყვილები ასე გამოიყურება:

A ლიგა
ისლანდია-ბულგარეთი/ისრაელი/უნგრეთი/რუმინეთი
ბულგარეთი/ისრაელი/უნგრეთი/რუმინეთი-ბულგარეთი/ისრაელი/უნგრეთი/რუმინეთი

B ლიგა
ბოსნია-ჩრ. ირლანდია
სლოვაკეთი-ირლანდია

C ლიგა
შოტლანდია-ბულგარეთი/ისრაელი/უნგრეთი/რუმინეთი
ნორვეგია-სერბეთი

D ლიგა
საქართველო-ბელარუსი
მაკედონია-კოსოვო

A ლიგაში შექმნილი სიტუაცია ახსნას საჭიროებს. ერთა ლიგაზე ქვეყნები დაყოფილნი იყვნენ ოთხ დივიზიონად – ელიტური A-დან უსუსტეს D-მდე. თითო დივიზიონს ევრო 2020-ის თითო საგზური ეკუთვნოდა. ეს საგზურები უნდა გაეთამაშებინათ დივიზიონებში ჯგუფების გამარჯვებულებს.

იმ ნაკრებებიდან, რომლებიც A დივიზიონში იყვნენ, პირდაპირ ევრო 2020-ზე ვერ გავიდა მხოლოდ ისლანდია. მაგრამ წესი ისეთია, რომ ამ გუნდს არ შეუძლია უბრალოდ აიღოს საგზური – მას ნებისმიერ შემთხვევაში უწევს ნახევარფინალისა და ფინალის თამაში, ხოლო მეტოქეები იქნებიან გუნდები ქვედა დივიზიონებიდან.

არსებობს მნიშვნელოვანი წესი: გუნდები, რომლებმაც მოიგეს თავიანთი ჯგუფები (მაგალითად, ბოსნიამ B დივიზიონში), ვერ მიიღებენ მეტოქედ უფრო ძლიერ გუნდს ზედა დივიზიონიდან (იმავე ისლანდიას A-დან), რადგან ასეთ შემთხვევაში, უფასურდება ჯგუფში მოგების ღირებულება. ჯგუფის გამარჯვებულებთან მიდიან მხოლოდ გუნდები იმავე დივიზიონის მეორე-მესამე ადგილებიდან ან ქვედა დივიზიონებიდან.

B ლიგიდან ევროზე ვერ გავიდა მხოლოდ ოთხი გუნდი: ბოსნია (მოიგო ჯგუფი), სლოვაკეთი, ირლანდია და ჩრდილოეთ ირლანდია (ისინი ჯგუფებში მესამეები, ანუ ბოლოადგილოსნები იყვნენ). ბოსნიამ, როგორც დივიზიონის საუკეთესო გუნდმა, ნახევარფინალში მეტოქედ მიიღო ყველაზე სუსტი ჩრდილოეთ ირლანდია (ნული ქულა ერთა ლიგაზე), მეორე და მესამე გუნდები კი მეორე ნახევარფინალურ წყვილს შეადგენენ (სლოვაკეთი – 3 ქულა, ირლანდია – 2 ქულა).

A დივიზიონის ისლანდიას არ დარჩა თავისუფალი მეტოქეები არც თავის დივიზიონში და არც B-ში. ამიტომაც, ის ითამაშებს C დივიზიონის რომელიმე მეორეადგილოსანთან: ეს იქნება ერთ-ერთი გუნდი ამ ოთხეულიდან – რუმინეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, ისრაელი. ამავე ოთხეულიდან უნდა შედგეს მეორე ნახევარფინალური წყვილი A დივიზიონში.

C დივიზიონის გამარჯვებულები ერთმანეთში ითამაშებენ ნახევარფინალში (ამ დივიზიონიდან პირდაპირ ევროზე მხოლოდ ფინეთი გავიდა და მას შეცვლის ერთი გუნდი უკვე ნახსენები ოთხეულიდან – რუმინეთი/უნგრეთი/ბულგარეთი/ისრაელი).

რუმინეთი, უნგრეთი, ბულგარეთი და ისრაელი წყვილებში წილისყრის შედეგად განაწილდებიან.

D დივიზიონში ყველაფერი ცხადია: ჯგუფების გამარჯვებულები – საქართველო, ბელარუსი, კოსოვო და მაკედონია ვერ გავიდნენ ევროზე, ამიტომაც ერთი საგზურის ბედს ერთმანეთში გადაწყვეტენ. საქართველო პირველ ნომრად არის განთესილი და შეხვდება მეოთხე ნომერს ბელარუსს. მეორე განთესილი მაკედონია კი შინ მიიღებს მესამე განთესილ კოსოვოს.

პლეი ოფის რაუნდები ერთმატჩიანია. ნახევარფინალში მასპინძლები იქნებიან რეიტინგით უფრო მაღალი გუნდები, ფინალის მასპინძლები კი 22 ნოემბერს დანიშნული წილისყრით გაირკვევა.

ერთა ლიგის პლეი ოფი 2020 წლის 26 მარტს დაიწყება.

წყარო: lelo.ge

SHARE