როგორ მივიდეთ ბელარუსთან ეპოქალურ დაპირისპირებამდე

64

თვალის დახამხამებაში მოგვადგება მარტი, როცა საქართველოს ეროვნული ნაკრები, თავისი არსებობის ისტორიაში, უმნიშვნელოვანეს მატჩს ჩაატარებს თბილისში ბელარუსის უპირველეს გუნდთან. მოლოდინი წარმოუდგენლად დიდია.

ახლა ბევრი სვამს კითხვას – როგორ უნდა მივიდეთ ბელარუსთან ეპოქალურ მატჩამდე ისე, რომ ვლადიმირ ვაისის გუნდმა მოახერხოს შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენა

ტვინში მხოლოდ ბელარუსი!

საქართველოს ნაკრების ყველა ფეხბურთელი უნდა ეცადოს, რომ ბელარუსთან შეხვედრას სრულ საბრძოლო მყადყოფნაში შეხვდეს. აქსიომაა: ფეხბურთელი ნაკრებში კარგად სათამაშოდ კლუბში უნდა მოემზადოს. ასე მოუწევთ ჩვენს მოთამაშეებსაც. სხვა გზა, უბრალოდ, არ არის. ამხანაგურ თამაშს ვინ ჩივის, ბელარუსამდე, დიდი ალბათობით, ერთ სტანდარტულ შეკრებას თუ მოვასწრებთ.

ამ შემთხვევაში ძალიან იზრდება ფეხბურთელების პასუხისმგებლობა. კლუბში ნებისმიერი თამაშისას თუ ვარჯიშისას მათ უნდა იფიქრონ, რომ მაქსიმუმი გააკეთონ. ეს ხელს შეუწყობს ჩვენს მენაკრებეებს, ოპტიმალურ ფორმაში შეხვდნენ მარტის მთავარ ბრძოლას.

ამასთან, ფეხბურთელები მაქსიმალურად უნდა ეცადონ ტრავმების თავიდან არიდებას. გვესმის, თანამედროვე ფეხბურთში ტრავმები არნახულად გახშირდა, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ჯანმრთელი მოთამაშეები ქვეყნის მთავარ გუნდს ჰაერივით დასჭირდება. არ გვავიწყდება ისიც, რომ ვლადიმირ ვაისის ხელში საქართველოს ნაკრებს ოპტიმალური შემადგენლობით არასოდეს უთამაშია და, ვინძლო, ტრადიცია ახლა დაირღვეს…

ვერიდოთ წნეხს!

ქართულ საფეხბურთო საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ საქართველოს ნაკრებს უჭირს გადამწყვეტი შეხვედრების მოგება. მართალია, ჩვენი ქვეყნის პირველ გუნდს ბევრი ასეთი (გადამწყვეტი) მატჩის გამართვა არ არგუნა ბედმა, მაგრამ რაც ითამაშა, ვერაფერი მოიგო.

შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ თავის დროზე გერმანია გერმანიაში უნდა დაგვემარცხებინა. შესაძლოა, რთული წარმოსადგენია, მაგრამ იმ თამაშს თემურ ქეცბაიას გოლის წყალობით ვიგებდით, მაგრამ მერე ჩაირთო გერმანული მანქანა და ყველაფერი თავის ადგილას დადგა.

მეორე გადამწყვეტი თამაში გვქონდა რუმინეთთან, თბილისში. ეს ჩვენი “ოქროს თაობის” ბოლო შანსი იყო. თითქოს გუშინ მოხდა ყველაფერი. მაშინაც მარტის ბოლო იყო და ჯერ გვარიანად ციოდა. ჩემს თვალწინ, ერთი ბილეთის საფასურად, ახალგაზრდა ბიჭმა ახალი ველოსიპედი შესთავაზა ჭარმაგ მამაკაცს, მაგრამ… უარი მიიღო.

ის თამაში 0:2 წავაგეთ და, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, მეგონა, რომ ქვეყანა დაიქცა. მერე ისევ გვქონდა ერთი შანსი. თემურ ქეცბაიას მწვრთნელობისას შინ ხორვატიას მოვუგეთ და უნდა მოგვეგო ისრაელშიც, მაგრამ ვერ მოვიგეთ – სამდღიანი ინტერვალით ორი უმნიშვნელოვანესი თამაშის ერთ დონეზე ჩატარება ვერ შევძელით.

რატომ გავიხსენე ეს ამბები? ბოლოს და ბოლოს, ყველა უსიამოვნო ტრადიცია ერთ დღესაც მთავრდება და დროა, გადამწყვეტი თამაშ(ებ)ის მოგება ჩვენც ვისწავლოთ. ამისთვის საჭიროა, რაც შეიძლება, ნაკლები წნეხის ქვეშ მოვაქციოთ ჩვენი ფეხბურთელები. იმედი გვაქვს, მათ ისედაც კარგად აქვთ გასიგრძეგანებული ამ თამაშის მნიშვნელობა.

რა უნდა ვქნათ სტადიონზე?

არ შეიძლება, ამაში არ დაგვეთანხმოს ყველა ის გულშემატკივარი, რომელიც ერთხელ მაინც დასწრებია ცოცხლად საქართველოს ნაკრების თამაშს – ეროვნული გუნდის ფანკლუბი მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობს და ეს არის ის, რასაც მათ ვერანაირად ვერ დაუკარგავთ.

და რას აკეთებს ამ დროს ძირითადი მასა? როგორც წესი, თამაშის მსვლელობისას ხალხი მხოლოდ რამდენჯერმე “აფეთქდება” ხოლმე. ეს ძირითადად მაშინ ხდება, როცა საქართველოს ნაკრები მოწინააღმდეგის კართან სახიფათო მომენტს ქმნის, ან გოლი გააქვს…

ბელარუსთან მატჩი იმხელა მნიშვნელობისაა, რომ ასეთი მიდგომა ნამდვილად არ გამოგვადგება. ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა და სტადიონზე მისულმა თითოეულმა ქომაგმა ბოლომდე უნდა გაიმეტოს თავისი ხმა და წამითაც არ უნდა გაჩერდეს!..

ამასთან ერთად, ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია შეძლებს და სტადიონზე მისულ თითოეულ გულშემატკივარს სკამზე დაახვედრებს საქართველოს ჰიმნის ტექსტს. რა თქმა უნდა, დიდმა ნაწილმა ჰიმნი ზეპირად იცის, მაგრამ არის გამონაკლისებიც და ეს გამონაკლისი ახლა აღარ უნდა იყოს.

ამასწინათ, უკრაინის ნაკრების მატჩი ვნახე – ის მატჩი, რომლის შემდეგაც უკრაინელები ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ და ის, რაც ვნახე, ნამდვილი სასწაული იყო – ძალიან იშვიათად მინახავს ასე ერთ მუშტად შეკრული სტადიონი.

ეს ის შემთხვევაა, როცა როცა უკრაინელებისაგან მაგალითი უნდა ავიღოთ. ამ დღეს მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, მოგვწონს თუ არა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მუშაობა, ის, რაც ხდება დღეს ქართულ  ფეხბურთში, როგორ ვართ განწყობილები ვლადიმირ ვაისის მიმართ – ერთ მუშტად შეკრულმა სტადიონმა მსაჯის სასტვენიდან თამაშის ბოლომდე მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს ნაკრებს.

არამც და არამც არ უნდა მოხდეს ისე, რომ ჩვენი ნაკრების გულშემატკივრობის მთელმა სიმძიმემ ფანკლუბზე გადაიაროს. ასეთ შემთხვევაში, საშინაო კედლების უპირატესობიდან აღარაფერი დაგვრჩება.

მაქვს ერთი იდეა, რომელიც, ალბათ, უნდა დაექვემდებაროს განხილვას – ჩემი აზრით, ძალიან კარგი იქნება, თუ ნახევარფინალისათვის (და, იმედი გვაქვს, ფინალისათვის) ქართული გუნდების ფანკლუბები გაერთიანდებიან.

გვესმის, მათ შორის აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ ეს არის დღე, როცა ჩვენი ქვეყანა ჩვენს ერთად დგომას ითხოვს…

წყარო: lelo.ge

SHARE