როცა ბერნში უნგრეთმა და ბრაზილიამ იომეს

62

„ბერნის ომი“ 1954 წლის მუნდიალის მეოთხედფინალში უნგრეთსა და ბრაზილიას შორის გამართულ მატჩს ჰქვია, რომელიც ვანკდორფის სტადიონზე, შვეიცარიაში, ქალაქ ბერნში, გაიმართა და უნგრელების გამარჯვებით, ანგარიშით 4:2 დასრულდა.

თამაშის უხეშმა მანერამ ინგლისელი არბიტრი არტურ ელისი აიძულა მოედნიდან 3 ფეხბურთელი გაეძევებინა, რაც მაშინ ხშირად არ ხდებოდა. გუნდებს შორის დაპირისპირება კი მატჩის შემდგომ, გასახდელშიც გაგრძელდა.

ბრაზილიას პირველ ორ მატჩში ექვსი გოლი ჰქონდა გატანილი, უნგრეთს კი 17. ბრაზილიელებს მიმზიდველი, შემტევი ფეხბურთით ჰქონდათ თავი გამოჩენილი, როცა მექსიკა 5:0 დაამარცხეს, იუგოსლავიასთან კი ფრედ, 1:1 ითამაშეს. იუგოსლავიამ და ბრაზილიამ ჯგუფი თანაბარი ქულებით დაასრულეს, თუმცა, გადამწყვეტი ფაქტორი ბურთების სხვაობა არ ყოფილა, ჯგუფის გამარჯვებული კენჭისყრით გადაწყდა, ბრაზილიელებს კი პირველი ადგილი ამოუვიდათ. უნგრეთის ნაკრებმა საფეხბურთო და სამწვრთნელო ტაქტიკების რევოლუცია მოახდინა, მათი გახსნილი და ადაპტირებადი ფეხბურთი „ტოტალური ფეხბურთის“ ადრინდელი ნაირსახეობა იყო, ისინი კი ბოლო 4 წლის განმავლობაში დაუმარცხებლები იყვნენ. უნგრეთს ჯგუფიდან გასვლა არ გასჭირვებია, მათ სამხრეთ კორეას 9:0, დასავლეთ გერმანიას კი 8:3 მოუგეს.

მატჩი კოკისპირულ წვიმაში გაიმართა, რამაც მოთამაშეების ფეხის დაცურება და მოლიპული ბურთი განაპირობა. უნგრეთმა ანგარიში მესამე წუთზე გახსნა, ოთხი წუთის შემდეგ კი სხვაობა გააორმაგა. ათ წუთში ბრაზილიელებმა პენალტი გაიტანეს და პირველი ტაიმი ანგარიშით 2:1 დასრულდა.

მეორე ტაიმში პენალტი ბრაზილიის კარში დაიდო და ლანტოშმა სხვაობა ისევ გააორმაგა. თუმცა, პენალტი ბრაზილიელი ჟურნალისტების მიერ მოედანზე შევარდნის გამო დაინიშნა, რომელთა გასაყვანადაც პოლიცია გახდა საჭირო. მატჩი სულ უფრო და უფრო უხეში ჯარიმების სერიად იქცა, ტაქტიკა კი აღარცერთ გუნდს ახსოვდა. 65 წუთზე ჟულინიომ გოლის გატანა მოახერხა და სხვაობა შეამცირა. ამის შემდეგ ნილტონ სანტოსმა იოჟეფ ბოჟიკი მოჩეხა, რის შედეგაც ფეხბურთელებმა ჩხუბი დაიწყეს, არბიტრმა კი ორივე მოედნიდან გააძევა.

შანდორ კოჩიშმა მეოთხე გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში 4:2 დააფიქსირა. მატჩის ბოლო წუთები ფეხბურთის გარდა ყველაფერს ჰგავდა, 79-ე წუთზე უმბერტო ტოციმ უნგრელ ფეხბურთელს წიხლი ჩაარტყა და მორიგი წითელი დაიმსახურა.

ჯამში მატჩში 42 ჯარიმა და 2 პენალტი დაიდო, 4-მა ფეხბურთელმა ყვითელი ბარათი მიიღო, 3 კი მოედნიდან გააძევეს.

მდგომარეობა არც მატჩის შემდეგ გაუმჯობესებულა, როცა ბრაზილიელი ფეხბურთელები უნგრელთა გასახდელში შევარდნენ და ჩხუბი გააგრძელეს. ორივე მხრიდან აშკარა ძალადობის მიუხედავად, ფიფამ არანაირ სადისციპლინო ღონისძიებას არ მიმართა და ინციდენტი სრულად დააიგნორა.

მატჩის შემდეგ არბიტრმა არტურ ელისმა განაცხადა: „მეგონა, რომ ეს ყველა დროის საუკეთესო მატჩი იქნებოდა, უბედნიერესი ვიყავი. არ ვიცი პოლიტიკა და რელიგია რამდენად დიდი ფაქტორი იყო, მაგრამ ფეხბურთელები ცხოველებივით იქცეოდნენ. ეს სამარცხვინო იყო, საშინელი მატჩი. დღევანდელი მსაჯები ასეთ დროს იმდენ ფეხბურთელს გააგდებდნენ, რომ თამაში ჩაიშლებოდა. არ ვიცი ამ დაპირისპირების 90-ე წუთამდე მიყვანა როგორ შევძელი.“

უნგრეთის მწვრთნელ, გუსტავ სებესს, მატჩის შემდეგ ოთხი ნაკერი დასჭირდა. „4-2 მოვიგეთ, მაგრამ ამით არაფერი დასრულებულა. ბრაზილიელი ფანები და ფოტოგრაფები მოედანზე ჩვენს საცემად შემოვარდნენ და მხოლოდ პოლიცია გვიცავდა. გასახდელში კი პატარა ომი გაიმართა, ყველა ერთმანეთს ურტყამდა, ფეხბურთელებიც და სამწვრთნელო შტაბებიც.“

წყარო: adjarablog.com

SHARE