სარეკორდო 13 და გამარჯვება „ვაშინგტონთან“ – როგორ აგდებს ბითაძე ყველა წერტილიდან

59

“ინდიანა პეისერსის” ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 13 ქულის სახით პირადი რეკორდი დააფიქსირა. ინდიანელებმა კი “ვაშინგტონ ვიზარდსს” უმასპინძლეს და 121:106 დაამარცხეს. ეს გახლდათ “ინდიანას” მე-4 გამარჯვება მე-8 მატჩში და ამ შედეგით ბითაძის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა.

გოგამ 20 წუთი ითამაშა და ამ დროში ქართველმა ცენტრმა 4-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. როგორც ხედავთ, ბითაძე საკმაოდ აქტიური იყო სამწამიან ზონაში, რადგან მას 8-ჯერ მოუწია საჯარიმოს სროლა. “ვიზარდსთან” მატჩში კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მრავალმხრივი მოთამაშეა: მან მოედანზე შესვლისთანავე სტყორცნა შორეული ორქულიანი და ჩააგდო, ამას სამიანი მიაყოლა, ფარქვეშ ხომ მის შეჩერებას მხოლოდ ჯარიმებით ახერხებდნენ. არც ჯარიმების ჩაგდება გასჭირვებია (ზოგიერთი ცენტრისგან განხვავებით). მხოლოდ ერთხელ დაკარგა ბურთი და 3 პერსონალური შენიშვნა მიიღო (წინა ორ შეხვედრაში 6-6 ფოლით გავარდა). სამწუხაროდ, შეწყდა მისი საოცარი სერია დაფარებებში (ზედიზედ სამ მატჩში 4-4 დაფარება), ვაშინგტონთან მას ბლოკ-შოტი არ ჰქონია.

“ინდიანას” წინა ხაზის ხუთეულის წევრი დომანტას საბონისი გამოჯანმრთელდა და მან სასტარტო ცენტრის პოზიციაზე ითამაშა. 20 წლის ქართველმა ახალბედამ კი სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა, თუმცა მოედანზე პირველივე მეოთხედში გამოჩნდა.

გოგამ შესანიშნავად ითამაშა პირველ ნახევარში – 8:31 წუთში 11 ქულა ჩააგდო (1 სამქულიანი), რასაც თითო მოხსნა და პასი მიუმატა. პირველ ორ მეოთხედში გოგა მხოლოდ მაკდერმოტს (17 ქულა) ჩამორჩა. ინდიანამ პირველი ნახევარი 8 ქულის სხვაობით მოიგო.

გოგა მოედანს მესამე მეოთხედის დასრულებამდე 5 წუთით ადრე დაუბრუნდა. მეორე ნახევარში ქართველმა ოდნავ მეტი ითამაშა, თუმცა მონაგარს ბევრი ვეღარ შემატა.

“ინდიანას” რიგებში 22 ქულა ტი ჯეი უორენმა ჩააგდო, 19 – დაგ მაკდერმოტმა, 18 – აარონ ჰოლიდეიმ. საბონისის ანგარიშზე 13 ქულა, 17 მოხსნა და 7 პასია. დამარცხებულთა რიგებში ბრედლი ბილმა 30 ქულა მოაგროვა, ხოლო გოგას ვიზავიმ თომას ბრაიანტმა 20 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.

მომდევნო მატჩს “ინდიანა” საკუთრ არენაზე, 9 ნოემბერს, ჩვენი დროით დილის 04:00 საათზე, “დეტროიტ პისტონსთან” გამართავს.

წყარო: lelo.ge

SHARE