საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრეს დასჯერდა

67

პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით, თუმცა მშვიდად, კლასის ხარჯზე სძლია ესტონეთს, მაგრამ ჩრდილოეთ მაკედონია სულ სხვა დონის მოწინააღმდეგეა და მწვრთნელმა ვაისმა განაცხადა, რომ შეიძლებოდა ჩაკვეტაძე ან ოქრიაშვილი არ დაეყენებინა ძირითად შემადგენლობაში. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ მოედანზე სჭირდებოდა უფრო ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მეტ „შავ სამუშაოს“ შეასრულებდა, დაცვას მეტად დაეხმარებოდა და თავისუფალი ზონების პრობლემა ნაკლებად შეიქმნებოდა, რადგან ჩრდილოეთ

მაკედონიას უყვარს სწრაფად თამაში, რის შესაძლებლობასაც, სავარაუდოდ, „ჯვაროსნები“ არ მისცემდნენ. მათმა თავკაცმა ანგელოვსკიმ უთუოდ უყურა ჩვენი გუნდის უკანასკნელ თამაშს და საინტერესო იყო, რას მოიფიქრებდა შეტევის ხაზში ჩვენი ლიდერის, კვარაცხელიას გასანეიტრალებლად. მოკლედ, ეს ორი დაახლოებით თანაბარი კლასის მეტოქის მწვრთნელთა დუელიც გახლდათ, სადაც ბევრი რამ იღბალზეც იყო დამოკიდებული და არაერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი . სამწუხაროდ, იმის გამო, რომ შეხვედრას მაყურებელი არ ესწრებოდა, საქართველოს ნაკრებმა ფაქტიურად დაკარგა საკუთარი მოედნის უპირატესობა.

ვაისმა ესტონეთთან შეხვედრისგან განსხვავებით სასტარტოში ჯიღაურის, ჩაკვეტაძისა და კაჭარავას ნაცვლად მალი, დავითაშვილი და ქვილითაია დააყენა. შესაძლოა, ეს ტალინურ მატჩამდე ჰქონდა კიდეც გადაწყვეტილი.

თამაშის წინ მოსული ნალექი დრენაჟმა ვერ გაატარა, მოედანზე ალაგ-ალაგ გუბეებიც დადგა და გაზონი დამძიმდა. საწყისი 10 წუთის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა სახიფათოდ შეუტია, საჯარიმოში კვარაცხელია ალიოსკიმ წააქცია და პენალტით ჩვენი გუნდი ოქრიაშვილმა დააწინაურა.

24-ე წუთზე დავითაშვილი ფლანგზე მეურვეს გაექცა, მეკარესთან პისიპირ გავიდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა გოლის გატანა არ დაანება.

34-ე წუთზე მალის შეცდომას სტუმართა იერიში და რისტოვსკის გოლი მოჰყვა. არადა, იქამდე მეტოქეს მომენტი არ ჰქონია. შეიძლება ითქვას, პირველი ტაიმი ლოგიკური შედეგით დასრულდა.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრების უხიფათო იერიშებით დაიწყო, კონტრშეტევაზე ხოჭოლავამ გვიხსნა, ხოლო მერე კანკავასთან უხეშობისათვის მსაჯმა მუსლიუ გააძევა და ჩრდილომაკედონიელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ.

ვაისის შეგირდებმა შეუტიეს და კანკავას დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. შემდეგ შეცვლაზე შესული შენგელიას თავურიც ოდნავ არაზუსტი იყო. 85-ე წუთზე ვაისმა კვეკვესკირი კაჭარავათი შეცვალა. ბოლოს შენგელიას ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და – 1:1 სტუმართა სასარგებლოდ.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო – ჩრდ. მაკედონია 1:1
გოლები: 1:0 ოქრიაშვილი (13, პენ), 1:1 რისტოვსკი (34)
გაძევება: მუსლიუ (64)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვერკველია, ხოჭოლავა, მალი (შენგელია 75), კანკავა, კვეკვესკირი (კაჭარავა 85), დავითაშვილი, ოქრიაშვილი, კვარაცხელია, ქვილითაია (ჩაკვეტაძე 62)

ჩრდ. მაკედონია: შიშკოვსკი, ალიოსკი, მუსლიუ, ველკიოსკი, რისტოვსკი, ადემი (ნიკოლოვი 59), სპიროვსკი, ელმასი, ბარდი, ტრაიკოვსკი, პანდევი (ბეიტულაი 78)

წყარო: sportall.ge

SHARE