სულუხიამ რუსი დადო, გაფრინდაშვილმა აზერბაიჯანელი, ორივემ – ოქრო!

113

ქუთაისელი მირზა სხულუხია (70) და თბილისელი ტარიელ გაფრინდაშვილი (79) 23-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. ჩვენმა ფალავნებმა ეს წარმატება ბუდაპეშტში მიმდინარე ასაკობრივ ჩემპიონატში მოიპოვეს, სადაც დღეს პირველი ფინალური დღე იყო. გამარჯვება და ოქრო თავისთავად ფასეულია, მაგრამ ამ მედლებს დამატებით სტიმულს ის გარემოება სძენს, რომ ფინალში ორივემ წმინდად გაიმარჯვა – ბეჭებზე დააწვინეს მეტოქეები. დღესვე ბრინჯაოს მედლისთვის მცხეთელი გივი მაჭარაშვილიც (97) იბრძოდა – მძიმე წონაში მეორე ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი, მაგრამ საბოლოოდ უმედლოდ დარჩა.

სხულუხია ფინალში ბეჭებით პირდაპირ დააკრა ლეიბს რუსთა ოსი ჩერმენ ვალიევი, ვისაც ამ დროს 7:5 უგებდა. არადა, თავიდან რუსი დაწინაურდა: ფეხიდან აიყვანა ქუთაისელი ფალავანი, ვინც ბევრს კი ეცადა გაქცევას, მაგრამ მეტოქემ ბოლოს მაინც გადაიყვანა და თან დაატრიალა კიდეც: 0:4. სხულუხიამ პირველივე პერიოდში შეამცირა ანგარიში, როცა რუსი ფეხში შესვლას ცდილობდა, მაგრამ ამან მოხერხებული და დროული მანევრით არა მარტო დაბლოკა მისი მცდელობა, არამედ ლეიბზე გაწოლილი მეტოქე იოლად გადაატრიალა და ბეჭებზე დადებამდეც სულ ცოტა დააკლდა: 2:4. თუმცა იქვე გაუმართლებლადაც მოიქცა, როცა ჩელენჯის შემოგდება მოითხოვა – მიიჩნია, რომ 4 ქულა ეკუთვნოდა, რაშიც ვერ დავეთანხმებით და აკი მსაჯებმა არც დაუმატეს ქულა.

პირიქით – წესისამებრ, რუსს მისცეს ერთი ქულა და ანგარიში 2:5 გახდა. სხვათა შორის, ამ ტურნირზე ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა ჩვენმა სპორტსმენმა მოითხოვა მსაჯთა გადაწყვეტილების გაპროტესტება, მაგრამ ყველა შემთხვევაში საქმე გაირთულეს, ქულა დაჰკარგეს. კიდევ კარგი, სხულუხია ამან ვერ გატეხა და უფრო გააძლიერა ზეწოლა ვალიევზე, შედეგად კი მეორე წრეში ჯერ წრიდან გაიყვანა და სხვაობა კვლავ ორ ქულამდე შეამცირა, შეხვედრის განახლებისთანავე კი სულაც გაათანაბრა ანგარიში, როცა ფეხიდან კარგად აიყვანა და ჩოქბჯენში გადაიყვანა. მართალია, იქ ვერ დაატრიალა, თუმცა 5:5-ზე თვითონ იგებდა ბოლო ქულების დამსახურებით. საბედნიეროდ, სხულუხია ამის იმედად არ დარჩენილა, კვლავ უტევდა და პოზიციურ ბრძოლაში აჯობა, ისევ გადაიყვანა ჩოქბჯენში და იქვე ბეჭებზეც დადო. ოსმა უხეირო მევალესავით უღიმღამოდ ჩამოართვა ხელი, ხოლო მისი სეკუნდანტის, ცხინვალში გაზრდილი ანატოლი მარგიევისთვის დანა რომ დაგერტყათ, სისხლი არ გადმოდინდებოდა.

გაფრინდაშვილმა კიდევ უფრო დრამატული და სასწაული ბრძოლა მოუგო აზერბაიჯანელ აბუბაქრ აბაკაროვს – 0:4 აგებდა, მაგრამ ბოლოს ისიც ბეჭებზე დააწვინა. აზერბაიჯანელმა ფეხიდან აიყვანა და დაატრიალა კიდეც, მაგრამ მისთვის აჯობებდა, ეს არ გაეკეთებინა, რადგან სწორედ იმ დატრიალებისას ამოუძვრა გაფრინდაშვილი, მაგრამ ამ ორ ქულას არ დასჯერდა და ისიც ბეჭებით გააკრა ხალიჩას. ამდენად, გაფრინდაშვილმა სეზონის მეორე უმთავრეს შეჯიბრებაზე მოიპოვა მედალი. შეგახსენებთ, რომ ის 23-წლამდელებში ევროპის წლევანდელი ბრინჯაოს პრიზიორია.

გამარჯვებასთან და ბრინჯაოს მედლის მოპოვებასთან ძალზე ახლოს იყო მცხეთელი მძიმეწონოსანი გივი მაჭარაშვილი. მან დამამშვიდებელი წრის პირველ შეხვედრაში ლიეტუველ ლუკას კრასაუსკასს წმინდად, 12:2 მოუგო, ბრინჯაოსთვის კი ბელარუს დზიანის კრამიანკოუს დაეჭიდა. აქ 5-5 ქულა ზუსტად ანალოგიურ სიტუაციაში გაკეთდა. ჯერ ბელარუსმა ფეხიდან აყვანით ჩაიყვანა დაბლა და იქ დაატრიალა, მერე კი იგივე მაჭარაშვილმა გააკეთა: 4:4. ამ დროს მაწარაშვილი იგებდა, რადგან ბოლოს ქულები მან მოიპოვა. მალე ის ანგარიშშიც დაწინაურდა, როცა მეტოქე წრიდან გაიყვანა: 5:4 მის სასარგებლოდ. თუმცა იქვე ბელარუსმაც ანალოგიურად მოიპოვა ერთი ქულა, რითაც ანგარიშიც გაათანაბრა, რაც უკვე ისევ და ისევ ბოლო ქულის გამო მას აძლევდა გადამწყვეტ უპირატესობას. ბოლოს მაჭარაშვილი კიდევ ერთხელ შეცდა, როცა მეტოქე ფეხში შესვლას ცდილობდა, ამან კი გდების თავს უკან გაგრძელება მოუნდომა, მაგრამ ვერ გადაიტანა და ბელარუსმა ორი ქულა მოიპოვა: 7:5 მის სასარგებლოდ. ჩვენებმა ეპიზოდი გააპროტესტეს, რადგან მიიჩნევდნენ, რომ იმ მცდელობისას ბელარუსიც შეეხო ლეიბს და გდება მაჭარაშვილსაც უნდა ჩათვლოდა, მაგრამ მსაჯებმა ვიდეოგამეორების შემდეგ გადაწყვეტილება არ შეცვალეს და ქულა კრამიანკოუს დაუმატეს: 5:8.

დღეს გაიმართა წინასწარი ეტაპის შეხვედრები დანარჩენ ხუთ წონაში და გაირკვა, რომ ხვალ ბრინჯაოსთვის ჩვენი გუნდის კიდევ სამი წევრი გააგრძელებს ბრძოლას. ამათგან ორნი – ქუთაისელი გიორგი სულავა (74) და მცხეთელი ზურაბ ურთაშვილი (125) დამამშვიდებლის ფინალში არიან გასულები და ხვალ საღამოს პირდაპირ ბრინჯაოსთვის იასპარეზებენ, ხოლო სამტრედიელი დემურ მეგენეიშვილი (92) დამამშვიდებელ წრეშია გადასული და ამ ეტაპის ფინალში გასვლამდე (რაც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლებას იძლევა) კიდევ ორი პაექრობა უნდა მოიგოს. სულავასა და მაჭარაშვილის მეტოქეებიც ხვალ გამოვლინდებიან.

ჯერჯერობით ზურაბ ჭიღლაძის შეგირდთა ანგარიშზე 2 ოქრო და დიდებული დასაწყისია. ვნახოთ, გაამდიდრებენ თუ ვერა მისი შეგირდები ამ მონაგარს, ჯერჯერობით კი საქართველო მეორეზეა გუნდურ ჩათვლაში აზერბაიჯანის შემდეგ.

SHARE