ტოჩინოშინი: საუკეთესო ფორმაში ვარ

51

10 ნოემბერს წლის უკანასკნელი, კიუშუს ბაშო იწყება, რომელზეც სეკივაკე ტოჩინოშინის (ლევან გორგაძე) მთავარი ამოცანა ოძეკის ტიტულის დაბრუნება იქნება. ამისთვის ქართველმა სუმოისტმა ბაშოზე 15-დან 10 ორთაბრძოლა მაინც უნდა მოიგოს. ამ შემთხვევაში ის წლის განმავლობაში მეორედ დაიბრუნებს ჩემპიონის რანგს.

შემოდგომის ტურნე დასრულებულია და სუმოისტები ბაშოსთვის ინტენსიურად თავიანთ კლუბებში ემზადებიან, თუმცა სხვადახვა კლუბის წარმომადგენელთა სპარინგებიც არ არის იშვიათი.

გუშინ 5 სეკიტორი შეიკრიბა და სპარინგები გამართა. მათ შორის ორივე სეკივაკე იყო, ტოჩინოშინი და მიტაკეუმი. ასევე კომუსუბი ასანოიამა და თითო მაეგაშირა და ჯურიოს წარმომადგენელი.

ტოჩინოშინს ბრწყინვალე შედეგი ჰქონდა – 10 მოგება და 4 მარცხი. ტოჩინოშინი ასანოიამას 5-ჯერ შეხვდა და 4-ჯერ მოუგო.

„თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ასე კარგად დიდი ხანია არ ვყოფილვარ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მუხლების მდგომარეობა გამიუმჯობესდა. ვფრთხილობ, ცაში ფრენას არ ვაპირებ“, – განუცხადა იაპონურ მედიას ტოჩინოშინმა.

წყარო: sportall.ge
SHARE