ქართული სამსაჯო სკოლის აღიარება უეფასგან – ევროპა ლიგაზე ქართველები იმსაჯებენ

50

ქართველები ევროპალიგის მატჩს განსჯიან. მეხუთე ტურის შეხვედრები 29 ნოემბერს გაიმართება. საქართველოს წარმომადგენლები კი ტრონჰეიმის “ლერკენდალზე” იმუშავებენ, ნორვეგიული “რუსენბორგი” ავსტრიულ “ლინცს” უმასპინძლებს. მატჩის არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება, რომელსაც ასისტენტობას ზაზა მენთეშაშვილი და გიორგი ელიკაშვილი გაუწევენ. უეფამ ამ შეხვედრის მეოთხე მსაჯადაც ქართველი – გიორგი ვადაჭკორია გაამწესა.

მიმდინარე სეზონში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ქართველი მსაჯები ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის მატჩს განსჯიან. 7 ნოემბერს IV ტურის მატჩი სენტ გალენის “კიბუნპარკზე” (სადაც ამასწინათ საქართველო შვეიცარიას შეხვდა) შვეიცარიული “ლუგანოსა” და შვედურ “მალმიოს” შორის ასევე ყრუაშვილს მიანდეს, მეოთხე მსაჯი მაშინაც ვადაჭკორია იყო, მაგრამ სხვანი იყვნენ ლაინსმენები – ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია.

ყრუაშვილი ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში 2019 წელს დაწინაურდა და მეორე კატეგორიის არბიტრებს შეუერთდა. ქართული ფეხბურთის ისტორიაში ის მეორე არბიტრია ლევან ფანიაშვილის შემდეგ, რომელმაც ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში ამ დონეს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ უეფამ ქართველი მსაჯები ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის მატჩზე 12-წლიანი პაუზის შემდეგ დანიშნა. ბოლოს ეს 2007 წლის 29 ნოემბერს მოხდა, როცა ჰოლანდიური “ალკმაარისა” და ბერძნული “ლარისას” დაპირისპირება ლევან ფანიაშვილმა განსაჯა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ყრუაშვილი 2018 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტრადიციულ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სეზონის საუკეთესო მსაჯად აღიარეს.

წყარო: lelo.ge

SHARE