ქულა ბრძოლაში – ირლანდის ვაჯობეთ, მაგრამ ვერ მოვუგეთ

140

ნავსი არ გატყდა, საქართველოს ნაკრებმა ირლანდიას მეთერთმეტე ჯერზეც ვერ მოუგო, თუმცა ამჯერად ფრეს გამორჩა და კელტები ერთობ ფასეული ორი ქულის გარეშე დარჩნენ.

ეს იყო ზედიზედ მეორე ნულოვანი ფრე თბილისში, რადგან ერთი თვის წინ დანიასთანაც ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა. საერთოდ, თამაშის სურათი პრაქტიკულად იდენტური იყო. „ჯვაროსნებს“, როგორც მაშინ, ახლაც ძალიან გაუჭირდათ რეალური საგოლე შანსის შექმნა ირლანდიელთა კარსი დარაჯი დარენ რენდოლფი პრაქტიკულად საქმეში არ გვინახავს. სამაგიეროდ, არც გიორგი ლორიას დადგომია დიდი ჯაფა, 90-ე წუთზე კონოლის დარტყმულს გაუმკლავდა აუღელვებლად. იმავე კონოლის ორი წუთის შემდეგ კიდევ ერთი შანსი შეექმნა, როდესაც „ჯვაროსანთა“ დაცვა პირველად ჩავარდა მთელი თამაშის განმავლობაში, მაგრამ სუსტად და რაც მთავარია, არაზუსტად დაარტყა. ირლანდიას ამ ეპიზოდების გარდა, მე-3 წუთზე ჰქონდა რეალური შანსი, როცა შეინ დაფმა ძელს გაარტყა.

საქართველოს ნაკრები კი თამაშს მთელ რიგ ეპიზოდებში აკონტროლებდა, ბურთსაც ფლობდა და კარგადაც გადადიოდა შეტევაში, მაგრამ აი, დამაგვირგვინებელ ფაზაში მართლაც ჭირდა ბოლო ნაბიჯის გადადგმა და ამიტომაცაა, რომ 100%-იანი საგოლე მომენტის გახსენება მართლაც ძნელია.

მთლიანობაში საქართველოს ნაკრებმა იბრძოლა და ყველაფერი გააკეთა, რომ დადებითი შედეგისთვის მიეღწია. სამწუხაროდ, ირლანდიელებთან გამარჯვება არც ამჯერად გამოვიდა, მაგრამ მონდომებას ნამდვილად ვერ დავუკარგავთ ჩვენი ქვეყნის მთავარ გუნდს. შედეგად, „ჯვაროსნებმა“ ჯგუფში 6 მატჩის შემდეგ 5 ქულას მოუყარეს თავი და კვლად მეოთხე ადგილზე არიან. თბილისში კი, ორი ძვირფასი ქულა დანიის ნაკრების შემდეგ ირლანდიელებმაც დატოვეს, რაც შესაძლოა მიკ მაკარტის გუნდს წინ დაუხვდეს.

საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 15 ოქტომბერს, სტუმრად გიბრალტარის წინააღმდეგ ჩაატარებს.

საქართველო – ირლანდია 0:0 (0:0)

თბილისი, „დინამო არენა“

საქართველო (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, ტაბიძე; კანკავა, კიტეიშვილი (აბურჯანია 89); ოქრიაშვილი (ლობჯანძე 79), ანანიძე, ყაზაიშვილი; ქვილითაია (შენგელია 73)

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

ირლანდია (4-3-3): რენდოლფი; კოულმენი, დაფი, ეგანი, დოჰერტი; ჰენდრიკი, ველენი, ჰურიჰანი (უილიამსი 90); რობინსონი (ბროუნი 73), კოლინსი (კონოლი 78), მაკლინი

მწვრთნელი: მიკ მაკარტი

გაფრთხილება: გრიგალავა (88) – ველანი (65)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (0) – 6 (3) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 5:3 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: მარკო გუიდა (იტალია)

წყარო: worldsport.ge

SHARE