„ჩვენი ოცნებები შეიძლება რეალობად იქცეს, თუკი მათთვის საბრძოლველად სიმამაცე გვეყოფა“

36
ინგლისის ჩემპიონატის ბოლო ტურში “ლესტერმა” საკუთარ მოედანზე წააგო და ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა, მაგრამ ყველაზე ლამაზი ისტორია შაბათს უკვე მოხდა. “ლესტერმა” FA Cup მოიგო – ისტორიაში პირველად, 4 წაგებული ფინალის შემდეგ, თანაც, 21 000 მაყურებლის თვალწინ.

 

გულშემატკივრები 1 წელია სტადიონზე აღარ არიან და მათი ტრიბუნაზე ხილვა ცოტა უცნაურიც იყო. უფრო მეტად სასიამოვნო დასანახი “უემბლის” ის გორაკი იყო, სადაც მეტროა განთავსებული. გზა სტადიონიდან შესანიშნავად ჩანს. თასის ნახევარფინალზე 4 000 ადამიანი დაუშვეს, თუმცა სტადიონთან მაინც დუმილი სუფევდა. ფინალზე კი გულშემატკივრის ხმა არენამდე შორიდანვე აღწევდა. ამ დროს ერთ-ერთმა სპორტულმა ჟურნალისტმა თქვა: “სტადიონს სული დაუბრუნდა!”

 

Sportall.Ge

გამოყოფილი 21 ათასი ბილეთიდან 6 ათასი კლუბების გულშემატკივრებს ერგოთ, 9 ათასი – FA-ს პარტნიორებს, “უემბლისთან” მცხოვრებ ხალხსა და ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემას. მიუხედავად ამისა, მატჩამდე 2 საათით ადრე “უემბლისთან” მხოლოდ “ლესტერის” გულშემატკივრები ჩანდნენ.

 

“მელიების” ქომაგები ავტობუსებით ორგანიზებულად ჩამოვიდნენ და დრო ადგილობრივ პაბებსა და კაფეებში გაჰყავდათ. შემდეგ სუპერმარკეტის რიგში 15-20 წუთით ჩადგომა მოუწიათ, ლუდი კიდევ იყიდეს და მატჩამდე ისიამოვნეს.

 

საცოდაობა იქნებოდა, ეს ფინალი “ლესტერს” რომ არ მოეგო. “ჩელსი” ჩემპიონთა ლიგის ფინალშია, “ლესტერი” ჩემპიონატის ტოპ 4-ში ვერ მოხვდა, მაგრამ მათთვის სეზონის მთავარი თამაში “უემბლიზე” იყო. გულშემატკივრები ამას ამბობდნენ: “5 წლის წინ ჩემპიონატი მოვიგეთ, მაგრამ ეს უფრო ემოციური დღეა.”

 

Sportall.Ge

 

Sportall.Ge

 

ამ გუნდისა და FA CUP-ის ისტორია ტკივილითა და იმედგაცრუებებითაა სავსე. “მელიები” ფინალში 4-ჯერ გავიდა და ოთხივეჯერ წააგო. “ლესტერისთვის” ყველა დროის ყველაზე დიდმა ფეხბურთელმა გარი ლინეკერმა მატჩის წინ ისაუბრა: “1969 წელს მე და მამაჩემი “უემბლიზე” ვიყავით. მახსოვს, ამ წელს ამერიკელებმა ფეხი მთვარეზე დადგეს, მაგრამ ჩემთვის მთავარი ფინალი იყო. ლონდონში პირველად ვიყავი. მოლოდინი ამ ფაქტმა უფრო გაამძაფრა. “სიტისთან” 0:1 წავაგეთ, როდესაც სახლში მატარებლით ვბრუნდებოდით, ვტიროდი. მამაჩემმა დამამშვიდა: “ნუ წუხხარ, ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით და მოვიგებთ.”

 

შემდეგი დრო 52 წლის შემდეგ მოვიდა. ამ ნანატრი თასის გარდა, “ლესტერმა” ყველაფერი მოიგო და მწვრთნელებსაც საყვედურობდნენ, რომ ამ ტურნირს სერიოზულად არ იღებდნენ: კლოდ პიუელს კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატყდა, რადგან ამ თასზე ყოველთვის მეორე შემადგენლობას ათამაშებდა. ბრენდან როჯერსმა სცადა, შეცდომები აღარ დაეშვა და სეზონის განმავლობაში მუდმივად იმეორებდა: “მე ვიცი, FA თასი გულშემატკივრებისთვის რას ნიშნავს და ყველაფერს გავაკეთებთ, ის მოვიგოთ.”

 

მატჩის დღეს ქომაგები სოციალურ ქსელებში ოჯახური მოგონებებით ცხოვრობდნენ: “ბაბუაჩემი 1961 წლის ფინალში იყო, – თქვა “დეილი მეილთან” “ლესტერის” გულშემატკივარმა ჯეიმს შარპმა, – როცა ჩვენმა გუნდმა წააგო. ის ლოცულობდა, რომ მსგავსი გრძნობა აღარასდროს გამოეცადა, მაგრამ ის 1963 და 1969 წლების ფინალებზეც იყო. არ უნახავს, პრემიერლიგა როგორ მოვიგეთ. დღეს ჩვენ მათ მაგივრადაც გავიხარებთ, ვინც ცოცხლები აღარ არიან!”

 

რთულად გასაგები იყო, მნიშვნელობით მეორე ინგლისური ჯილდო უფრო მნიშვნელოვანი გულშემატკივრებისთვის რატომ იყო, ვიდრე ინგლისში სენსაციურად გაჩემპიონება. ჯეიმსმა ყველას აზრი გაახმოვანა: “ვერავინ წარმოიდგენდა, რომ პრემიერლიგას მოვიგებდით. FA თასი ოცნება იყო, რომელზეც “ლესტერის” ყველა გულშემატკივარი ფიქრობდა!”

 

გულშემატკივარი ტრიბუნაზე მატჩამდე ერთი საათით ადრე შეიკრიბა. ჯიხურებიდან ყავასა და ლუდს ასხამდნენ, რომლის ნახევარიც ძირს იღვრებოდა. აქ გრძელი სიმღერები იყო, რომლებსაც პანდემიამდელი ფეხბურთის ნოსტალგია მოჰქონდა. ვინც მატჩზე მივიდა, კოვიდზე ყველას უარყოფითი პასუხი ჰქონდა. ამიტომ სოციალურ დისტანციასა და ნიღბებს ყურადღებას არავინ აქცევდა.

 

ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ გულშემატკივრები ტრიბუნაზე ისხდნენ. როდესაც გასახდელიდან “ლესტერი” გამოვიდა, შმეიხელმა ქომაგებს ტაში დაუკრა, რომელსაც ათასობით ფანმა მქუხარე ოვაცია მოაყოლა. მცირე დეტალებმა ზოგიერთი ფეხბურთელი ცრემლებამდე მიიყვანა: მატჩის დაწყებამდე ისინი ტრიბუნაზე თვალებით ოჯახის წევრებს ეძებდნენ. როდესაც ხედავდნენ, ბავშვებივით უხაროდათ და ხელს უქნევდნენ. როდესაც “ჩელსის” შემადგენლობაში კანტესა და ჩილველის გვარები გამოაცხადეს, “ლესტერის” გულშემატკივრებმა ტაში დაუკრეს.

 

“უემბლი” ისეთი ნაგებობაა, რომელსაც ორმაგი ატმოსფერო აქვს. შესაძლოა, თამაშამდე ყველაზე უსიცოცხლო არენა იყოს, მაგრამ როდესაც კლუბები მოედანზე გამოდიან, სტადიონზე სკამები ისეა განლაგებული, რომ ის მაშინვე ორად იყოფა. გუნდებიც მოედანზე ერთად გამოვიდნენ და არა ცალ-ცალკე, როგორც მანამდე, სამედიცინო პროტოკოლის გათვალისწინებით.

 

შემდეგი 90 წუთი მინდორზე ზუსტად ის იყო, რაც Fa თასის ფინალში უნდა ყოფილიყო. “ლესტერი” ნერვიულობდა, “ჩელსიმ” მომენტები გაანიავა, წვიმა მოვიდა და გულშემატკივრებმაც სიმღერები 1-წლიანი “დასვენების” შემდეგ ომახიანად შემოსძახეს. შემდეგი იური ტილემანის ჩადოსნური გოლი იყო და ნახევარი უემბლის გამაყრუებელი ყვირილი, მათ შორის, გარი ლინეკერის, რომელიც სტუდიაში შეურაცხადი შევარდა.

 

შმეიხელის რამდენიმე წარმოუდგენელი სეივი და 89-ე წუთზე ჩილველის გოლი ამ თამაშის კინემატოგრაფიას გადასარევად მოერგო. ყოფილმა ლესტერელმა, რომელმაც წინა დღის ინტერვიუში თქვა, რომ ამ მატჩის მოგებაზე მეტად არაფერი სურდა, ახალი გუნდის ფანებთან მიირბინა და გოლი აღნიშნა. “ლესტერის” გულშემატკივრებისგან კუთვნილი სტვენა და გინებაც მიიღო.

 

“ლესტერის” ფეხბურთელები ძირს დაემხნენ, მაგრამ აქამდე ასე მიდლენდსში ვარ-ი არ დაუფასებიათ: გოლი მინიმალური თამაშგარეს გამო გაუქმდა. სტადიონის ლესტერულმა ნახევარმა იხმაურა, იმაზე მეტად, ვიდრე თავისი გუნდის გოლის დროს, თავად ბრენდან როჯერსი კი თავისი ფეხბურთელებისთვის ხმის გაგონებას ცდილობდა: იშვიათად თუ ნახავთ მწვრთნელს, რომელიც ასეთ ნერვიულ მატჩშიც კი ლამის თითოეულ მოთამაშეს მექანიკურად მართავდა, ყოველ ხუთ წუთში ერთ-ერთ ფეხბურთელს თითებით უხსნიდა ტაქტიკასა და მოქმედების მიმართულებებს.

 

საფინალო შტურმი “ჩელსის” არ გამოუვიდა: 96-ე წუთზე კი შეხვედრის მთავარმა მსაჯმა თამაში დაასრულა. მოთამაშეები გაზონზე განერთხნენ, როჯერსი თავის შტაბს ეხუტებოდა, ათასობით გულშემატკივარი ტიროდა. ბევრი მნიშვნელოვანი თამაში ყოფილა ემოციურად ზიგზაგისებური, თუმცა ეს ფინალი, ალბათ, ყველაზე ემოციურად დამამახსოვრდება: ტკივილისა და იმეგაცრუების 72 წელი (პირველი წაგებული ფინალის შემდეგ) როგორღაც დასრულდა.

 

Sportall.Ge

 

შემდეგ აღნიშვნა მიკრომომენტებად გაგრძელდა. “ლესტერის” ფეხბურთელები ერთმანეთს ეხვეოდნენ, შემდეგ ტრიბუნებისკენ დაიძრნენ. რთული ლოკდაუნის შემდეგ ინგლისი კოვიდის ფერფლიდან იღვიძებს და “მელიების” ფანები, რომლებსაც საყვარელი გუნდი 2020 წლის მარტის შემდეგ არ უნახავთ, ვერ წყვეტდნენ ყვირილს, აპლოდისმენტებსა და ტირილს.

 

მაყურებლებს შორის Kasabian-ის მუსიკოსი სერჟ პიცორნოც აღმოჩნდა: როცა ცნობილი Fire ჩართეს, ლესტერის ორი ყველაზე ცნობილი სიმბოლო (მუსიკალური და საფეხბურთო) ერთ წერტილში აღმოჩნდა.

 

ფეხბურთელები ახლობლებს ტრიბუნებზე ეძებდნენ, როჯერსი ენდი კინგს ესალმებოდა, შმეიხელმა კი BBC-ს უთხრა, რომ “უემბლიზე” შვილები დააკლდა (უსაფრთხოების გამო სტადიონზე მხოლოდ ზრდასრულები დაუშვეს).

 

საუკეთესო მომენტი კი ერთობლივი აღნიშვნა იყო: ფეხბურთელები შეიკრიბნენ, საცეკვაოდ ემზადებოდნენ, მხოლოდ ჯეიმი ვარდი აკლდათ, რომელიც ინტერვიუზე გავიდა. კასპერმა ვერ მოითმინა, ფორვარდთან მიირბინა და ეთერიდან, პირდაპირი მნიშვნელობით, მოიპარა: “ლესტერში” არცერთი წვეულება არ იმართება ვარდის გარეშე. თან, ჯეიმიმ, დიდი ალბათობით, დაუძლეველი რეკორდი დაამყარა – კარიერის მანძილზე ინგლისის თასის ყველა, 13-ვე რაუნდში ითამაშა.

 

კლუბის ლეგენდები – 2015/16 წლების ინგლისის პრემიერლიგის ჩემპიონები, განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ. სანამ ახალგაზრდები ირგვლივ ტრიალებდნენ, შმეიხელი, ვარდი, მორგანი, ოლბრაიტონი და განაცხადში ვერმოხვედრილი ფუხსი მოედნის გარშემო დადიოდნენ და თასს ერთმანეთს გადასცემდნენ.

 

ბოლო წერტილი კი მოედანზე გამოსულმა კლუბის მფლობელმა აივატ სრივადჰანაპრაბჰამ (ტაილანდელი) დასვა, რომელსაც გუნდში უბრალოდ “ტოპს” ეძახიან. ძნელი გასაგები არ უნდა იყოს, რატომაც. 2018 წელს ავიაკატასტროფაში დაღუპული მამის ადგილის დაკავების შემდეგ ფეხბურთელებსა და მწვრთნელებთან ისეთი თბილი ურთიერთობა ჩამოაყალიბა, პრემიერლიგის ნებისმიერ კლუბს შეშურდება. ტოპმა ყველა ფეხბურთელი გადაკოცნა, ჩაეხუტა, განსაკუთრებით ემოციურად კი როჯერსს მიულოცა; შემდეგ მოედანს წრე დაარტყა, “ლესტერის” გულშემატკივრებთან მივიდა და მათი ოვაციებიც დაიმსახურა.

 

letic-ის გამოკითხვაში ხელმძღვანელობის კმაყოფილების კუთხით “ლესტერმა” პირველი ადგილი დაიკავა. სხვა მფლობელების მიმართ არსებული პროტესტის ფონზე, სუპერლიგით უკმაყოფილებისა და სხვადასხვა სკანდალის გამო, როგორებიც “ვესტ ჰემსა” და “ნიუკასლში” ხდება, “ლესტერის” შიგნით ქიმია გასაოცარი ჩანს.

 

ბევრმა “ლესტერიდან” გამარჯვება გარდაცვლილ ვიჩაი სრივადჰანაპრაბჰას მიუძღვნა. ჰარი მაგუერიერმა კი, როცა ყოფილ თანაგუნდელებს “ინსტაგრამიდან” მიულოცა.

 

“უემბლის” ერთ-ერთ ტრიბუნაზე მთელი მატჩის განმავლობაში იყო ყოფილი მფლობელის გამოსახულებით გამოფენილი ბანერი, რომელზეც ვიჩაის სიტყვები ეწერა: “ჩვენი ოცნებები შეიძლება რეალობად იქცეს, თუკი მათთვის საბრძოლველად სიმამაცე გვეყოფა”.

 

“ლესტერი” იდეალური გუნდი არაა, მაგრამ ბოლო 5 წელში მომხდარი ამბები ამტკიცებს, რომ მათი ოცნებები ერთიმეორის მიყოლებით სრულდება.
SHARE