ჯენარო გატუზო: „მსგავსი შეკითხვები მაღიზიანებს!“

44

იტალიური „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო „სპეციასთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს გაუბრაზდა. იტალიელი სპეციალისტი შეკითხვამ გააღიზიანა, რომელიც „ნაპოლიდან“ მის შესაძლო წასვლას ეხებოდა.

გატუზოს განცხადებით, ამ ეტაპზე არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ნეაპოლიტანური გუნდი უნდა დატოვოს და მსგავსი შინაარსის კითხვები მისთვის გამაღიზიანებელია.

„ჩემი გადადგომის შესახებ შეკითხვები მაღიზიანებს. არ მესმის, რატომ უნდა გავაკეთო ეს. სისტემატურად ითხოვენ ჩემს გადადგომას და მიზეზს ვერ ვხედავ. ყოველთვის მესმის გატუზოს კრიტიკა. აქ ვარ, დილიდან საღამომდე სისხლს ვღვრი. რატომ არავინ ამბობს, რომ ეს ჩემი ზედიზედ მეოთხე ნახევარფინალია იტალიის თასზე? არავინ ამბობს, რომ ამდენი ფეხბურთელი გვაკლია. ჩვენ ძლიერი გუნდი ვართ.

მერტენსი და ოსიმენი კონდიციებში უნდა დაბრუნდნენ, რადგან ასე გამოდის, რომ 9 ფეხბურთელით ვთამაშობთ, რადგან ახლა თავიანთი პოტენციალის 30-40%-ის ჩვენება შეუძლიათ. დაახლოებით ისეა, მილანის „ინტერს“ ლუკაკუ და ლაუტარო რომ გამოაკლო“, – თქვა გატუზომ.

აქვე გეტყვით, რომ „ნაპოლი“ იტალიის თასის ნახევარფინალში ბერგამოს „ატალანტას“ დაუპირისპირდება.

https://www.worldsport.ge/ge/page/204513_djenaro-gatuzo-msgavsi-shekitxvebi-magizianebs

SHARE