აი, რატომ წავიდა ცეცაძე!.. ახლა ისევ ჭიაბრიშვილი თუ… დევდარიანი?

363

გუშინ დილით “საბურთალოს” ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელიც გვამცნობს, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა გია ცეცაძემ. ის სულ ცოტა ხნის წინ მივიდა ერთ-ერთ საუკეთესო ქართულ გუნდში და ისე წავიდა, ერთი ოფიციალური მატჩიც კი არ ჩაუტარებია. როგორ განვითარდა მოვლენები “საბურთალოში”? ჩვენი წერილი სწორედ ამის გაანალიზების მცდელობაა

ოფიციალური განცხადება

“საფეხბურთო კლუბ “საბურთალოსა” და უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელ გია ცეცაძეს შორის, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი შეწყდა. ჩვენი კლუბი მადლობას უხდის გია ცეცაძის გაწეული შრომისთვის და მომავალში წარმატებებს უსურვებს!

რაც შეეხება დღევანდელ (განცხადება გუშინდელ ამხანაგურ მატჩამდეა გაკეთებული – რედ) შეხვედრას, რომელიც “საბურთალოს” ესპანურ “ალკოიანოსთან” ელის, გუნდს გამოცდილი სპეციალისტი თემურ შალამბერიძე უხელმძღვანელებს.

თუ ვინ იქნება მომავალში “საბურთალოს” მთავარი მწვრთნელი, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. გუნდი ესპანური შეკრებიდან სამშობლოში ხვალ (პარასკევს – რედ) დაბრუნდება”, – აცხადებს კლუბი.

რატომ?

გია ცეცაძე “საბურთალოში” ახალმისულია. ამის მიუხედავად, ვრცელდებოდა ხმები იმის თაობაზე, რომ მწვრთნელმა კლუბში რადიკალური ცვლილებების გატარება გადაწყვიტა. ქართულ მედიაში დაიწერა ისიც, თითქოს, კლუბის აკადემიის აღზრდილ გიორგი კოხრეიძეს 10-ნომრიანი მაისურა უნდა დაეთმო გუნდის ახალწვეულ გიორგი ჭანტურიასთვის, ვინც გუნდში სწორედ ცეცაძის ინიციატივით მივიდა. რა თქმა უნდა, ამ საკითხის წამოწევამ კლუბში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

კიდევ ერთი ინფორმაციის თანახმად, ცეცაძე გუნდში კაპიტნის შეცვლასაც აპირებდა. ამის პარალელურად, ვრცელდებოდა ინფორმაციები იმის თაობაზეც, თითქოს ახალ მწვრთნელს თავიდანვე არცთუ იდეალური ურთიერთობა ჩამოუყალიბდა “საბურთალოს” საფეხბურთო აკადემიის აღზრდილებთან.

როგორც ჩანს, კლუბის ხელმძღვანელობამ რეალურად დაინახა გუნდის ორად გახლეჩვის საფრთხე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის “საბურთალოს” ცხოვრებაში ქირურგიული მეთოდით არ ჩაერეოდა…

საერთოდ, კლუბის პრეზიდენტ ტარიელ ხეჩიკაშვილს არ სჩვევია მწვრთნელების ცხვირსახოცებივით ცვლა და რომ არ ყოფილიყო ძალიან სერიოზული მიზეზი, ის ამ ნაბიჯს არ გადადგამდა.

ზოგადად, საქმეში ჩახედული ადამიანები გვიმტკიცებენ, რომ ბოლო დროს “საბურთალოში” კლიმატი გაუარესდა. საქართველოს სუპერთასი და ჩემპიონატის სტარტი მოახლოვდა და ამას სასწრაფოდ სჭირდება გამოსწორება.

როცა დრო აღარ ითმენს…

დრო მართლაც აღარ ითმენს და “საბურთალოს” მალე უნდა დაუნიშნონ ახალი მთავარი მწვრთნელი. კაცმა რომ თქვას, რატომ არ შეიძლება, “საბურთალო” გია ჭიაბრიშვილის დაბრუნებაზე დაფიქრდეს?

ჭიაბრიშვილმა ბევრი გააკეთა გუნდისთვის. მას შეუძლია, ისევ შეკრას “საბურთალო” და შედეგებს რაც შეეხება, მის ხელში გახდა გუნდი საქართველოს ჩემპიონი, მოიგო თასი… ჩავარდნები ყველა მწვრთნელს აქვს და რა ვუყოთ, რომ ჭიაბრიშვილსაც ჩაუვარდა “არარატ-არმენიასთან” დუელი?

სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ამ ეტაპზე საქართველოში აღარც კი დარჩა თავისუფალი სხვა მწვრთნელი, რომელიც ასე თუ ისე პასუხობს უმაღლეს მოთხოვნებს. რა თქმა უნდა, არ უნდა დავივიწყოთ გიორგი დევდარიანიც, ვისთვისაც “საბურთალო” ნამდვილად არ არის უცხო.

მოკლედ, დაველოდოთ და ყველაფერს მალე გავიგებთ. არ გვგონია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში უცხოელმა მწვრთნელმა გაამართლოს. ჯერ ხომ გუნდშია სიტუაცია დასალაგებელი…

წყარო: lelo.ge

SHARE