არჩილ არველაძე: ასეთი თამაშით ერთა ლიგის პლეი ოფებს მოვიგებთ

438

საქართველოს ნაკრებმა ვერც ამჯერად მოუგო ირლანდიას. “სამყურებთან” ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა “ჯვაროსნებისთვის” კვლავ კოშმარულია. გვანუგეშებს მხოლოდ ცალკეული პოზიტივები. მატჩის შეფასება ვთხოვეთ საქართველოს ნაკრების ყოფილ შემტევს არჩილ არველაძეს:

– როგორსაც ველოდი, ზუსტად ისეთი მატჩი გამოვიდა. მნიშვნელოვანია, რომ თამაშში აშკარად ვაჯობეთ ირლანდიელებს. კარგია ისიც, რომ ის ფეხბურთელები, რომლებიც ბოლო დროს სულ გვაკლდნენ, ასე ვთქვათ, “ცოცხლდებიან” – ოქრიაშვილი, ვაკო და ჯანო უახლოვდებიან ოპტიმალურ ფორმას. დაცვაში კარგად ვიდექით და საყრდენებმაც კარგად ითამაშეს. ორიოდეჯერ გამოძვრა ირლანდია სახიფათო შეტევაში. ვისურვებდი, რომ ჩვენი მარცხენა მცველი ჯიმი ტაბიძე უფრო ხშირად ერთებოდეს შეტევებში, თორემ დაცვაში მან მშვენივრად ითამაშა.

– და მაინცკარის ჩარჩოში ერთხელაც ვერ დავარტყით

– არ ვამბობ, რომ ეს კარგია. რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ ასე გამოვიდა. კარის მიმართულებით არაერთხელ დავარტყით, ჩარჩოში ვერ მოვახვედრეთ ბურთი… არ უნდა დავივიწყოთ, რომ თორნიკე ოქრიაშვილი ცოტა ხნის წინ გამოჯანმრთელდა. ასევეა გიორგი ქვილითაია. ჯანო თანდათან იბრუნებს ფორმას, არ გვყავდა გიორგი ჩაკვეტაძე. ჩემი აზრით, ერთა ლიგის პლეი ოფებში თუ ასეთი ხარისხის ფეხბურთს ვითამაშებთ, ორივე თამაშს მოვიგებთ…

– ირლანდიაზე რას იტყვით?

– რა თქმა უნდა, შემოქმედებითად ვერ ითამაშა და ამით არც გამოირჩევა, თუმცა პირველ ადგილზეა ჯგუფში და ამით ბევრი რამაა ნათქვამი. რამდენიმე ფეხბურთელი კი აკლდათ, მაგრამ ინგლისში არაერთი მოთამაშე ჰყავთ და დაშავებულების შეცვლა შეუძლიათ. ვფიქრობ, ირლანდიის ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი იყო შეინ დაფის გამოჯანმრთელება.

წყარო: lelo.ge

SHARE