აქამდე უცნობი ამბავი – ციციპასი და საქართველო! თბილისიდან დაწყებული აღმავლობის გზა

987

მტკვრის სანაპიროზე იმ ადგილას, სადაც დღეს იუსტიციის სამინისტროა წამოჭიმული, უწინ „დინამოს“ კორტები ამშვენებდა. ვინ იცის, რამდენ სახელოვან ჩოგბურთელს გამოუცდია იქ მკლავისა და მუხლის ძალა.

2010 წლის ივნისში ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე 14 და 16-წლამდელი გოგო-ბიჭები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს თბილისის თასზე. მაშინ 14-წლამდელებში შოთა მეფარიძემ და ალექსანდრე ბაკშიმ წყვილთა ფინალში 12 წლის სტეფანოს ციციპასსა (საბერძნეთი) და მაქსიმ ბულატს (მოლდოვა) მოუგეს – 6:1, 7:6 და მთავარი პრიზი მოიპოვეს.

მერე ჩოგბურთელებმა „დინამოს“ სარბიელზე გადაინაცვლეს. იქ „რენას და დათოს“ თასი გათამაშდა რენა აბჟანდაძის 70 წელთან დაკავშირებით. ციციპასისა და ბულატის დუეტი ამჯერად გადამწყვეტ პაექრობაში მიქაელ ავეტისიანისა (სომხეთი) და ბორის პოკოტილოვის (რუსეთი) ტანდემთან დამარცხდა – 4:6, 3:6…

იმ შეჯიბრებას მრავალი სტუმარი ჰყავდა. ერთ-ერთი გახლდათ ჩოგბურთში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებისა და საერთაშორისო ტურნირების არაერთგზის პრიზიორი იულია სალნიკოვა. სწორედ მისი ვაჟი გახლდათ სტეფანოს ციციპასი, კაფანდარა ბიჭი, რომელმაც სპეციალისტებისა და ქომაგების ყურადღება შეჯიბრების პირველი დღეებიდანვე მიიპყრო. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მან 14-წლამდელებში იასპარეზა და წყვილებში ორი მეორე ადგილიც დაიკავა. სამი წლის შემდეგ მან უტრეხტის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ირაკლი მეტრეველს სძლია.

თავად იულია ცნობილი საბჭოთა ფეხბურთელის, საკავშირო ნაკრებისა და მოსკოვის „სპარტაკის“ მოთამაშე სერგეი სალნიკოვის ქალიშვილია. საკავშირო ჩემპიონატებში იგი ლეილა მესხსაც უწევდა მეტოქეობას, 80-იანი წლების მიწურულს კი ისინი წყვილებში ერთად ავიდნენ საერთაშორისო ტურნირის კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ტალინში.

„რენას და დათოს“ თასის გათამაშებისას ქალბატონ იულიასგან ინტერვიუ ავიღე, რომელიც 2010 წლის 30 ივნისის გაზეთ „ლელოში“ დაიბეჭდა. ვფიქრობ ცხრა წლის წინანდელი საუბრის გახსენება მკითხველებისთვის ინტერესმოკლებული არ იქნება, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც მისმა ვაჟა ასეთ სიმაღლეებს მიაღწია…

– ლეილა მესხი ჩოგბურთელი დების – ირინა და მარინა მალაციძეების მეშვეობით გავიცანი, – მითხრა იულიამ. – მართალია, ოთხი წლით უმცროსია, მაგრამ ჩვენი მეგობრობისთვის ამას ხელი არ შეუშლია. თუმცა კორტებზე უშეღავათო მეტოქეები ვიყავით. თუ არ მეშლება, დადებითი ბალანსი ჩემს მხარს უნდა იყოს. ერთხელ ერევანში საბჭოთა კავშირის თასის გათამაშებისას დავუპირისპირდით ერთმანეთს. მახსოვს, ბურთს რომ ვაწოდებდი, კორტზე უეცრად უშველებელმა ვირთხამ გადაირბინა. ლეილამ შიშისგან შეჰკივლა, მე კი ხელები ჰაერში გამიშეშდა, მაგრამ მალევე მოვეგე გონს. როგორც უფროსმა, შიშიც მალე დავძლიე და ის მატჩიც მოვიგე. მერე და მერე ლეილა უფრო დაწინაურდა. არა მარტო საბჭოეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც გაითქვა სახელი, ოლიმპიური თამაშების პრიზიორიც გახდა. ყოველთვის მიხაროდა მისი წარმატებები.

– სხვა ქართველ ჩოგბურთელებთან თუ გქონიათ ურთიერთობა?

– როგორ არა. როგორც გითხარით, ნაცნობობა მალაციძეებით დაიწყო. ალექსანდრე მეტრეველი მოსკოვში რომ ჩამოდიოდა სათამაშოდ, გოგოები სპეციალურად მივდიოდით კორტებზე მის საყურებლად. შესანიშნავი პიროვნება და ჩოგბურთელი გახლდათ თეიმურაზ კაკულია. დღემდე ვინარჩუნებ მეგობრულ ურთიერთობას მალაციძეებთან, ლეილა მესხთან, ლალი ზერეკიძესთან, სხვებთანაც. საერთოდ, ძალიან მსიამოვნებს ქართველებთან ურთიერთობა. თბილისში თავს შინაურულად ვგრძნობ.

– როგორც ვიცი, წყვილებში უფრო ტყუპისცალთან ერთად ამჯობინებდით ასპარეზობას…

– დიახ, ასე იყო. არბიტრებსა და მეტოქეებს უჭირდათ ჩვენი გარჩევა. ჩემს დას უფრო ძლიერი მოწოდება ჰქონდა, ამიტომ ხშირად მივმართავდით სპორტულ ეშმაკობას – ბურთს უფრო ალა აწვდიდა, რაც მეტოქეთა ბანაკში გაუგებრობას და უკმაყოფილებას იწვევდა. არბიტრები სხვადასხვა ფერის წინდების ჩაცმას გვთხოვდნენ.

– შეყვარებულებსაც ხომ არ ეშლებოდით ერთმანეთში?

– (ეცინება). გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად საბერძნეთში გავთხოვდი. ოთხი შვილი მყავს. ორი ვაჟი ჩოგბურთს თამაშობს. აი, სტეფანოსი ამ შეჯიბრებაზე სხვებზე უმცროსია, მაგრამ ერთი პრიზი უკვე დაიმსახურა. იმედია, მომავალში ბიჭები უფრო დიდ სიმაღლეზე ავლენ…

პროფესიონალი დედა არ შემცდარა – სტეფანოსმა მართლაც არაჩვეულებრივ სიმაღლეს მიაღწია. სხვა წარმატებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ამას წინათ ლონდონში ATP-ის შემაჯამებელი ტურნირი მოიგო – ნახევარფინალში როჯერ ფედერერი, ფინალში კი დომინიკ ტიმი დაამარცხა და მსოფლიოს კლასიფიკაციაში 5 300 ქულით მე-6 ადგილზეა.

შეიძლება ითქვას, რომ მწვერვალისკენ საგულისხმო ნაბიჯები მაშინ 12 წლის სტეფანოს ციციპასმა თბილისშიც გადადგა.

წყარო: lelo.ge

SHARE