ბორჯღალოსნები კაციჭამიებში? რა არის ფიჯი?

624

ოკეანეთის კუნძულები ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა. კაპიტან კუკის ამბავი პირველად რომ მოვისმინე, კიდევ უფრო დავინტერესდი.

ამიტომ, “ფეისბუქის” გაჩენასთან ერთად დავიმეგობრე ჯიმ ნაივალულევუ, ინგლისური ენის პედაგოგი სუვას უნივერსიტეტში.

სულაც არ აღმოჩნდა საშიში, კეთილი ადამიანია. საუბარში თავად გამიქარწყლა აზრი, თითქოს კუნძულებზე კაციჭამიები ცხოვრობდნენ.

ამასობაში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებიც არაერთხელ ეწვია ფიჯის. როგორც ჰყვებიან, ფიჯიელები გულითადი ხალხია, ბუნება – ფანტასტიკური. ეს ფოტოც შარშანწინ, ფიჯიზე “ბორჯღალოსნების” სტუმრობისასაა გადაღებული:

კუნძული საქართველო

– მოცე, – ასე მომწერა ჯიმ ნაივალულევუმ “ფეისბუქზე” ჩემი შეტყობინება რომ ნახა.

გამოვეცნაურე და სიტყვა “მოცეს” მნიშვნელობაც ვკითხე.

– მოცე ფიჯის ენაზე გამარჯობაცაა და დამშვიდობებაც, როგორც იტალიურად “ჩაო”.

ენებში გაცნობიერებული კაცი აღმოჩნდა ჯიმი. მისი პროფესიით რომ დავინტერესდი, მიპასუხა:

– იაპონელ და კორეელ სტუდენტებს ვასწავლი ინგლისურს სუვას უნივერსიტეტში. შენ საიდან ხარ?

რომ შეიტყო, “ჯორჯიიდან” ვიყავი, გაუხარდა, ჩემსავით კუნძულელი ყოფილხარო.

ინტერნეტში მაშინვე მოვიძიე კუნძული ჯორჯია და ყინულებით შემოსილი, არგენტინასა და ანტარქტიდას შორის ვიპოვე.

ჯიმს ავუხსენი, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ვცხოვრობდი და მაშინვე მომწერა:

– I have friend from USA! (მე მყავს მეგობარი ამერიკიდან).

რუსეთი, როგორც ავსტრალია-ზელანდია

NO, USA – “ჯორჯია აღმოსავლეთ ევროპიდან”, – კიდევ ერთხელ შევუცვალე წარმოდგენა ჩემს წარმომავლობაზე. ბოლოს, ალბათ, რუკა “დაგუგლა” და რამდენიმე წუთის შემდეგ მომწერა:

– გამახსენდა, თქვენსა და რუსეთს შორის ომი იყო.

– დიახ, 2008 წელს.

– სხვათა შორის, ჩვენ მიმართაც არ არიან დიდი სახელმწიფოები კეთილგანწყობილნი – ფიჯელებს ავსტრალია და ახალი ზელანდია ვიზებს არ გვაძლევენ. სპორტშიც ვიჩაგრებით: ჩვენს მორაგბეებს ზელანდიასთან, ავსტრალიასთან, სამხრეთ აფრიკასთან და არგენტინასთან ერთ ლიგაში თამაში სურთ, მაგრამ ჯერ ვერ მივაღწიეთ, – შენიშნა ფიჯელმა და ქართველთა ბედით დაინტერესდა:

– ევროპის ექვს ერში რატომ არ ხართ, თქვენც გზღუდავენ?

“სმაილიკის” დახმარებით თავი დავუკარი და ჯიმს ჰაკაზე ვკითხე.

– ჰაკა ზელანდიელებს აქვთ. ჩვენს საბრძოლო ცეკვას ბოლე ჰქვია, რაც ფიჯიურად გამოწვევას ნიშნავს. სხვათა შორის, დიდი ხანი არ არის, რაც ბოლემ შეცვალა ციბი, რომელიც ბრძოლის შემდეგ, გამარჯვების აღსანიშნავად სრულდებოდა.

სპორტში ასეთი რიტუალის გადმოღება საბრძოლო განწყობას ამაღლებს. რაგბიც ხომ ბრძოლის ნაირსახეობაა.

ბეტელით შეშინებული ევროპელები

როგორც ჯიმი ამტკიცებს, ძველად ფიჯელები გამორჩეული მეომრები იყვნენ, ბოლომდე იბრძოდნენ, ვიდრე მეტოქეს მთლიანად არ გაანადგურებდნენ. მიკრონეზიულ ტომებს კი სხვა ტრადიცია ჰქონდათ: ერთმანეთს მედგრად ერკინებოდნენ და როცა ერთი ადამიანი დაიჭრებოდა, ბრძოლა წყდებოდა, დამჭრელი გამარჯვებულად ცხადდებოდა და ტერიტორია მის მფლობელობაში გადადიოდა.

მაშინ იარაღად ხის ხმლები და მშვილდ-ისრები ჰქონდათ. თუმცა ფიჯიზე ნამდვილი ომიც ნანახი აქვთ. როგორც ჯიმიმ მითხრა, პაპამისი მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა იაპონელების წინააღმდეგ.

– ომში ძალიან დაგვეხმარნენ ბრიტანელები, სწორედ მათ განდევნეს იაპონელები ფიჯიდან, ამიტომ დღესაც დიდ პატივს ვცემთ მათ. ამიტომაცაა ფიჯის დროშის კუთხეში “უნიონ ჯეკი” (ბრიტანეთის დროშა).

ჯიმთან ისეთი “ფეისბუქურთიერთობა” ჩამომიყალიბდა, არც იმის კითხვას მოვერიდე – ევროპელები ოკეანეთის კუნძულელებს კაციჭამიებად რატომ მოიხსენიებდნენ.

საფუძვლიანად და დამაჯერებლად ამიხსნა:

– ეს მცდარი შეხედულებაა. ოკეანეთის ხალხს ჩვეულებაში გვაქვს, ჭამის შემდეგ ბეტელის (მცენარეა) ღეჭვა, რის შემდეგაც პირი წითლდება და რჩება შთაბეჭდილება, რომ სისხლიანია. სწორედ ბეტელი აშინებდათ ევროპელებს და ათასგვარ ლეგენდას იგონებდნენ კაციჭამიებზე.

ჯიმს დავუჯერე. სურათები გადავათვალიერე, მართლაც საშიში სანახავია ბეტელნაჭამი ოკეანელი.

ორმაგი შტორმი
ჩემს ფიჯიელ მეგობარს მაშინაც შევეხმიანე, საქართველო სუვაში რომ იყო ჩასული. პასუხი ერთი დღის დაგვიანებით გამცა.

– ბოდიში, რომ პასუხი დაგიგვიანე. მთელი დღე კომპიუტერთან ვერ მივედი, ეზოს ვალაგებდი, ისეთი შტორმი იყო, ხეები მოწყვიტა, ეზოში ყველაფერი თავდაყირა დააყენა. თუმცა ჩვენ გადავრჩით.

შეწუხებული “სმაილიკი” რომ გავუგზავნე, მიპასუხა – არა უშავს, ასეთი წარღვნა ჩვენთან ყოველწლიურადაა…

ჯიმი ამჟამად იაპონიაშია, ფიჯის ნაკრების მატჩებს ესწრება. “ბორჯღალოსნებთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე მივწერე. პასუხი ჯერ არ მოუცია. ვნახოთ, თამაშის მერე როგორ ხასიათზე იქნება, იმედი მაქვს, საერთოდ არ ამომშლის მეგობრობიდან.

წყარო: lelo.ge

SHARE