გენოს ტრიუმფი!

412

ბათუმში მიმდინარე მოჭიდავეთა საქართველოს თასის გათამაშებაში დღეს ბერძენ-რომაელებიც ჩაებნენ, 55, 63, 72, 82 და 97 კილოგრამების ათლეტები. თუმცა მანამდე მედალოსნები გაარკვიეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა, ეგრეთ წოდებული, „მეორე ხუთეულის“ წონებში. ფინალურმა ბლოკმა აქაც სენსაციების გარეშე ჩაიარა, თუმცა კი იყო რამდენიმე საინტერესო წყვილი და ფრიად დაძაბული პაექრობებიც.

61 კილოგრამში გორელმა თეიმურაზ ვანიშვილმა გაიმარჯვა, ვინც ფინალში აშკარად აჯობა აჭარის ნაკრების წევრ თორნიკე ქათამაძეს: 11:1. ვანიშვილმა პირველი პერიოდი 5:0 მოიგო, როცა ჯერ ილეთის გაკეთება არ დაანება 30 წამით დაჯარიმებულ მეტოქეს, მერე კი დაბლა ჩაიყვანა და თან დაატრიალა. მეორეშიც იგივე გააკეთა – ფეხიდან აყვანილი იოლად ჩაიყვანა ჩოქბჯენში, იქ კი სამჯერ დაატრიალა.

დაძაბული გამოდგა 70 კილოგრამის ფინალი ქუთაისელ მირზა სხულუხიასა და ხაშურელ ლევან ქელეხსაშვილს შორის. ქელეხსაშვილმა აქტიურად დაიწყო შეხვედრა და მეტოქეს ორჯერ ჩაურთეს 30-წამიანი საჯარიმო დრო და ამით ორჯერვე ქელეხსაშვილმა ისარგებლა – პირველად არ დაანება ილეთი, მეორედ კი შეტევაზე გადმოსული მეტოქე თვითონ აიყვანა ფეხიდან და ორქულიანზე გადააგდო. ქელეხსაშვილი 3:0 დაწინაურდა, თუმცა სხულუხიამ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ ბოლო ქულების დამსახურებით გამარჯვება მას დარჩა.

საგარეჯოელმა ზურაბ ერბოწონაშვილმა მთლიანობაში იოლად 8:2 მოუგო თბილისელ ტარიელ გაფრინდაშვილს, მაგრამ პირველი ქულა მან დაკარგა: პასიურობისთვის დრო ჩაურთეს, 30 წამში კი ქულა ვერ მოიპოვა. სამაგიეროდ, მერე ხან ფეხიდან აყვანილი გადააგდო, ხან ზურგიდან მოუარა, ხან ჩოქბჯენში ჩაიყვანა, ხანაც წრიდან გაიყვანა და გაიმარჯვა.

92-ში ევროპის მედალოსანმა ირაკლი მწითურმა 2:0 მოუგო თანაქალაქელ დავით ფირუზაშვილს. მისი უპირატესობა ანგარიშში არ ასახულა, თორემ მთელი შეხვედრა ინიციატივას ფლობდა, აი, მძიმე წონაში კი გენო პეტრიაშვილმა პირწმინდად, 10:0 დაამარცხა ზურიკო ურთაშვილი. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა და ოლიმპიურმა პრიზიორმა ჩვეულ სტილში პირველად მაშინ იფეთქა, როცა ურთაშვილმა ფეხში შესვლა „გაუბედა“ – პეტრიაშვილმა ილეთი დაუხურა, ჩოქბჯენში გადაიყვანა და თან ორჯერ დაატრიალა: 6:0. მეორე პერიოდში ისევ გააკეთა ანალოგიური კომბინაცია – ჩაყვანა-დატრიალება და წმინდა მოგებაც დააფიქსირა.

61 კგ.

  1. თეიმურაზ ვანიშვილი (გორი); 2. თორნიკე ქათამაძე (აჭარა); 3. გიორგი ღონიაშვილი (თბილისი), გოდერძი ძებისაშვილი (გორი).

70 კგ.

  1. მირზა სხულუხია (ქუთაისი); 2. ლევან ქელეხსაშვილი (ხაშური); 3. ვლადიმერ გამყრელიძე (ამბროლაური), კონსტანტინე ხაბალაშვილი (გორი).

79 კგ.

  1. ზურაბ ერბოწონაშვილი (საგარეჯო); 2. ტარიელ გაფრინდაშვილი (თბილისი); 3. ვლადიმერ კაკოშვილი (თბილისი, ორც), ბაგრატ გაგნიძე (ქუთაისი).

92 კგ.

  1. ირაკლი მწითური; 2. დავით ფირუზაშვილი; 3. ბექა ჭელიძე (სამივე – თბილისი), მირიან მაისურაძე (ონი).

125 კგ.

  1. გენო პეტრიაშვილი (გორი); 2. ზურიკო ურთაშვილი (მცხეთა); 3. ალექსი ჟორჟოლიანი (ქუთაისი), როლანდ ანდრიაძე (ხონი, ორც).

წყარო: lelo.ge

SHARE