გიორგი დემეტრაძე: ვაისს არ უყვარს რისკი და შეცვლებსაც აგვიანებს…

377

გიორგი დემეტრაძემ ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების გამოსვლა შეაფასა – საქართველოს პირველი არხის გადაცემა “ტაიმ აუტში” სტუმრობისას, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა კიდევ არაერთ საინტერესო თემაზე ილაპარაკა...

“ძალიან ძლიერ ჯგუფში მოვხდით – შვეიცარიასთან, დანიასა და ირანდიასთან მიღებული გამოცდილება გუნდს ძალიან წაადგება, რადგან ეს დიდი სკოლაა… შვეიცარია და დანია მაინც გრანდები არიან. თუმცა, ჩვენი საფიქრალი მაინც ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსთან მატჩია. ერთა ლიგაში ჩვენ სუსტი მეტოქეები გვყავდნენ და დამაჯერებლად გამოვედით. მაგრამ ევროშესარჩევში ვნახეთ ჩვენი ნაკლი და გამოჩნდა, მთავარმა მწვრთნელმა და გუნდმა რაზე უნდა იმუშაო, – ამბობს გიორგი დემეტრაძე.

ის ფიქრობს, რომ ლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრები უფრო შემტევი ტაქტიკით უნდა ათამაშოს: “ძნელი სათქმელია, როგორც უნდა ითამაშოს გუნდმა და თავდმსხმელმა, მეტი რომ გაიტანონ. ეს თავდამსხმელის ნიჭზეა დამოკიდებული. ალბათ, მწვრთნელმა შეტევას მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს. აქ ბელარუსი შეტევაში არ ითამაშებს და მეორე ნომრად” იქნება. აქედან გამომდინარე, ვაისმა ბელარუსთან სწრაფი ფეხბურთელები უნდა დააყენოს. მას ჰყავს დავითაშვილი, კვარაცხელია რაც შეეხება ქვილითაია , ის მაინც გამოკვეთილი ცენტრფორვარდია”.

დემეტრაძის აზრით, ბელარუსთან საქართველო ფავორიტია: მატჩი თბილისში  გაიმართება, ალბათ, სავსე ტრიბუნების წინ და, რა თქმა უნდა, ფავორიტები ვქნებით. ეს თამაში უნდა მოვიგოთ, ევროპის ჩემპიონატზე რომ მოვხდეთ. დარწმუნებული ვარ, ბელარუსს გავცდებით. მათ თამაშს ჰოლანდიასა და გერმანიასთან ვუყურე. ამ გუნდს პრობლემების შექმნა შეუძლია. ასე რომ, ხელწამოსაკრავი ნაკრები არ არის, კონტრშეტევებზე ითამაშებენ, ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან საერთო ჯამში, ეს არის საშუალოზე საშუალო ნაკრები, რომელსაც შანსი არ უნდა მისცე, თორემ პრობლემებს ჩვენც შეგვიქმნის”.

რამდენად დააკლდა შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებს გიორგი ჩაკვეტაძე და რამდენად არიან “ჯვაროსნები” მის თამაშზე დამოკიდებულები? დემეტრაძემ ამაზეც ილაპარაკა: “ერთა ლიგაზე გამოჩნდა, რომ ჩაკვეტაძე ლიდერი იყო. 2-3 თამაში მან მოგვაგებინა. ასე რომ, ის ძალიან დიდი ძალაა, ჩვენი ნაკრების ამომავალი ვარსკვლავია... მე არ ვიცი, რამდენად მოახერხებს ბელარუსამდე ფორმაში შესვლას. მას ყველაზე რთული ტრავმა ჰქონდა – ჯვარედინი იოგები დაუზიანდა, რაც ფეხბურთელისთვის ყველაზე ძნელად მოსარჩენია. ჩემი აზრით, ვაისი მას გამოიძახებს და გიორგი დაგვეხმარება, რადგან ეს თამაში ჩვენი ნაკრებისთვის გადამწყვეტი იქნება”.

გიორგი დემტრაძემ ვაისზეც ილაპარაკა: “ძირითადად, უფრო დადებითი შთაბეჭდილება დატოვა. ჩემი აზრით, ვაისის მინუსია, რომ ძალიან ფრთხილი მწვრთნელია, შეტევაში კარდინალურ ნაბიჯების გადადგმას ერიდება და, ვფიქრობ, შეცვლებსაც აგვიანებს. მაგრამ მთლიანობაში, მაინც დადებითი შთაბეჭდილება დამრჩა”.

უნდა მიაქციოს თუ არა ვაისმა ეროვნულ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებს მეტი ყურადღება? ხომ არ უგულებელყოფს ჩვენი ჩემპიონატის ფეხბურთელებს და თუნდაც უცხოეთში მოთამაშე ბუდუ ზივზივაძეს? დემეტრაძე ამას სხვაგვარად ხსნის:

“არა მგონია, ასე იყოს. ვაისი საქართველოს ჩემპიონატს თამაშებს ესწრება და ფეხბურთელებს არჩევს – ალბათ, რამდენიმე მათგანი თავის მონახაზშიც ჰყავს. მაგრამ ჩემი აზრით, ვერ რისკავს ისინი ლეგიონერების ნაცვლად რომ იწვიოს. ალბათ, ჩვენს ჩემპიონატს მაინც მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს და მეტი ფეხბურთელი გამოიძახოს. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ბოლო დროს ისეთი სანაკრებო კალენდარია, ეროვნულ გუნდს სულ ოფიციალური თამაშები აქვს, ამხანაგური შეხვედრებისთვის დრო აღარ რჩება, მწვრთნელს კი ფეხბურთელების გასინჯვის საშუალება ნაკლებად აქვს.

დემეტრაძემ კომენტარი ახალგაზრდულ ნაკრებზეც გააკეთა: “ეროვნული გუნდისგან განსხვავებით, ახალგაზრდული უფრო შემტევ და შედეგზე ორიენტირებულ ფეხბურთს თამაშობს. შეუძლიათ მომენტების შექმნა და ბევრიც გააქვთ, მაგრამ ბევრსაც უშვებენ. საერთო ჯამში კარგი ნაკრებია”.

მან გია ცეცაძეზეც ილაპარაკა, რომელიც ნიტრაში ახალგაზრდული ნაკრებების ევროშესარჩევი ციკლის ბოლო შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან მეტოქის სამწვრთნელო შტაბის წევრებთან ჩხუბისთვის გააძევეს: “მსაჯმა საფრანგეთთან თამაში გააფუჭა და პრეტენზიები იყო, მაგრამ რაც ცეცაძეს ეს არ უნდა გაკეთებინასაერთოდ, მწვრთნელ ამას არ უნდა აკეთებდეს... ის ძალიან კარგი მწვრთნელია, მაგრამ სლოვაკეთში მომხდარსალბათ, სერიოზული პრობლემები მოჰყვება”.

დემეტრაძის თქმით, ქართულ ფეხბურთში წინსვლა არის: “რა თქმა უნდა, წინსვლა არის. თუმცა, გულშემატკივარი მეტს ითხოვს. ითხოვს შედეგს ნაკრებებისა და კლუბებისგან. არიან ქვეყნები, სადაც ჩვენზე უარესი მდგომარეობაა, მაგრამ ევროპისა და ჩემპიონთა ლიგების ჯგუფებში ხვდებიან. ასე რომ, ჩვენ შედეგს მოვითხოვთ. იმედია, მდგომარეობა გამოსწორდება”.

წყარო: lelo.ge

SHARE