გოგა ბითაძე: ვუახლოვდები თანაგუნდელებს, ვსწავლობ და 100%-ით ვიხარჯები

467
საქართველოს ნაკრებისა და “ინდიანა პეისერსის” ცენტრმა გოგა ბითაძემ კლუბის ტელევიზიას მცირე კომენტარი მისცა და ესაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ მიდის მისი საქმეები ახალ გუნდში.

 

“მთელი ზაფხული თითქმის სულ აქ გავატარე, მხოლოდ 1 კვირით ვიყავი საქართველოში ჩასული ჩემს ოჯახთან. ასე რომ, უკვე დიდი ხანია აქ ვარ. ყველასთან ერთად ვივარჯიშე. მაილსისა და დომანტასის გარდა, ყველა მოთამაშე გუნდშია და ახალი სეზონისთვის ვემზადებით.

 

ვარჯიშები ძალიან კარგად მიმდინარეობს. ნელ-ნელა ვუახლოვდები ჩემს თანაგუნდელებს, ვსწავლობ მათ. ვცდილობ, გავიგო, რა არის მათი ძლიერი მხარეები. მომწონს მათთან ერთად ყოფნა,

ძალიან კარგი ადამიანები არიან. პარკეტს მიღმაც გავუგეთ ერთმანეთს და დავახლოვდით.

 

მათი თამაშის შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათთან ერთად უნდა ვითამაშო და ეს ყველას გამოგვადგება.

 

მე ცდას არ ვაკლებ, ყოველ ვარჯიშსა თუ თამაშზე 100%-ით ვიხარჯები. საკუთარ თავზე ვერ ვისაუბრებ, რას ვაკეთებ კარგად და რამდენად კარგად, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ თავს კარგად ვგრძნობ. მომწონს თანაგუნდელებთან ერთად თამაში და ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია”, – თქვა გოგამ.

 

გოგა ბითაძე “ინდიანა პეისერსმა” 2019 წლის NBA-ს დრაფტზე მე-18 ნომრად აიყვანა. NBA-ს წლევანდელი სეზონი კი დაახლოებით 1 თვეში, 22 ოქტომბერს დაიწყება და პირველ ტურში “ინდიანა” “დეტროიტ პისტონსს” შეხვდება.

 

იქამდე კი, ბითაძის გუნდი წინასასეზონო 2 მატჩს ინდოეთში, მუმბაიში “საკრამენტო კინგსის” წინააღმდეგ 4 და 5 ოქტომბერს გამართავს.
წყარო: sportall.ge
SHARE