გოჩა სვანიძე: საქართველო-რუსეთის მატჩის ჩაშლა რუსების პრობლემაა, ვეძებთ შემცვლელს

514

ხაზს ვუსვამ, რომ საქართველოში ნებისმიერი საერთაშორისო მატჩი, ნებისმიერ დონეზე უსაფრთხოდ ჩატარდება, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ, საქართველოსა და რუსეთის ჩაშლილი სარაგბო მატჩის შესახებ კომენტირებისას განუცხადა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ახლა, მსოფლიო ჩემპიონატისთვის ახალ მეტოქეს ეძებს, რადგან მისი თქმით, “საქართველოს ნაკრები ვერ დარჩება მატჩის გარეშე მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელ სტადიაზე”.

გოჩა სვანიძე თავს იკავებს რუსეთის მორაგბეთა ნაკრების გადაწყვეტილების პოლიტიკური შეფასებისგან და განმარტავს, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მათთან კარგი ურთიერთობა აქვს.

“საქართველოს ნაკრები ვერ დარჩება მატჩის გარეშე მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელ სტადიაზე, ამიტომ 27-ში ჩვენ ვეძებთ ძალიან ინტენსიურად უკვე ახალ მეტოქეს ვის ვეთამაშებით. თუ ვინ იქნება მეტოქე, ამას მაშინვე გაიგებთ. რაც შეეხება უსაფრთხოებას, ხაზს ვუსვამ, რომ საქართველოში, ნებისმიერი საერთაშორისო მატჩი, ნებისმიერ დონეზე უსაფრთხოდ ჩატარდება. არ მინდა მე რუსების მოქმედების ანალიზი გაავკეთო. პატივს ვცემთ ჩვენ ერთმანეთს, კარგი ურთიერთობა გვაქვს. ეს გადაწყვეტილება უკვე მათი პრობლემაა, მაგრამ გახდა ჩვენიც, იმიტომ რომ მეტოქე მოსაძებნი გვყავს”, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” გოჩა სვანიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებებს შორის მატჩი 27 აგვისტოს უნდა გამართულიყო. თუმცა რუსულმა მხარემ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების მომიზეზებით საქართველოში ჩამოსვლაზე უარი განაცხადა.

წყარო: lelo.ge

SHARE