გოჩა ჯამარაულის გზა და მატჩები ლეგენდებთან

670

გოჩა ჯამარაული – გასული საუკუნის 90-იანი წლების გამორჩეული ფეხბურთელი, ვის შესანიშნავ, მაღალტექნიკურ თამაშს მაყურებელი სტადიონზე მრავლად მიჰყავდა. წლები გადის, ჯამარაულის თამაში კი არ ეძლევა დავიწყებას, ის დროს უძლებს და ვფიქრობთ, თუნდაც იმ ძველ და კარგი ფეხბურთელებით მდიდარ წლებში ბევრი არ ყოფილა “ჯამარას” დარი ოსტატი.

საინტერესოა მის მიერ განვლილი საფეხბურთო გზა. საინტერესოა მისი ნააზრევი წარსულზე. მას არასოდეს აკლდა გულშემატკივართა სიყვარული და გვჯერა, ქომაგი ამ წერილსაც დიდი ინტერესით წაიკითხავს

საიდან მოვიდა ეს ტექნიკა? მე ეზოს ფეხბურთს დავაბრალებდი…

– ათი წლის ვიყავი, რუსთავში ფეხბურთზე რომ შევედი. შეიძლება, დაგვიანებული იყო, არ ვიცი, გააჩნია, როგორ შევხედავთ. მანამდე სულ ვთამაშობდი ეზოშიS. ადრე, ეზოს ფეხბურთს საქართველოში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა… ამაზე მერე კიდევ ვიტყვი…

ჩემი პირველი მწვრთნელები იყვნენ თამაზ დოდაშვილი და მურმან გოგოლაძე. 14 წლის ვიყავი, ყველასთვის ცნობილ 35-ე საფეხბურთო სკოლაში რომ გადავედი. იქ შიო ბოკუჩავა და ალიკა ილიადი მავარჯიშებდნენ…

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მწვრთნელებში ძალიან გამიმართლა. ჯერ ერთი, თავისი საქმის პროფესიონალები იყვნენ და ფეხბურთელს ხასიათსაც უყალიბებდნენ. მერე მეორე – არ გვიშლიდნენ ჩვენი საუკეთესო თვისებების წარმოჩენას. თუ შეგეძლო ინდივიდუალურად კარგად თამაში, არავინ გზღუდავდა. ეს ძალიან გამომადგა ჩემს კარიერაში.

პირობები? არ იყო მაშინ ასეთი პირობები, ახლა რომ აქვთ მოზარდ ფეხბურთელებს. ქვიშის მოედანზე, ეგრეთ წოდებულ “გარევოიზე” გაიზარდა ჩვენი თაობა. ბუნებრივ საფარზე თუ შევიდოდით, ეს რაღაც განსაკუთრებული მოვლენა იყო ჩვენთვის…

მაშინ, საიდან მოვიდა ის ტექნიკა, რომელიც ჩვენს თაობას ჰქონდა? – იკითხავთ ალბათ. მე ყველაფრის თავი და თავი ეზოს ფეხბურთი მგონია. რასაც ეზოში თამაშის დროს ისწავლი, იმას სხვაგან ვერ ისწავლი. ახლა სხვა დრო დადგა. თვით იოჰან კრუიფიც ჩიოდა ამის თაობაზე და ვეთანხმები მას – კომპიუტერმა ბავშვები ეზოს მოსწყვიტა…

ძალიან ნიჭიერი იყო ჩვენი თაობა. 35-ე სკოლაში ერთად გავიზარდეთ მე და მიხეილ ყაველაშვილი. უნიჭიერესი მეკარე იყო გურამ ლორთქიფანიძე… სამწუხაროდ, სულ ახალგაზრდა, 19 წლისა გარდაიცვალა… ბევრი იყო ძალიან ნიჭიერი. თუნდაც, ვასილ მაისურაძე…

უტკინმა დაგვცინა კიდეც…

– 1988 წელს თბილისის “დინამოს” დუბლებში მივედი. რა თქმა უნდა, ეს ოცნების ასრულება იყო ჩემთვის. დათო ყიფიანმა ითამაშა ამაში უდიდესი როლი. გერმან ზონინი რომ გაუშვეს, მაშინ მივედით რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი გუნდში…

ჩემამდე, გიორგი ნემსაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა ითამაშეს “დინამოს” ძირითად შემადგენლობაში. ისე მოხდა, რომ მე ძირითად გუნდში არ მომიწია თამაში, სანამ დამოუკიდებელი საქართველოს ჩემპიონატი არ დაიწყო…

ძალიან კარგად მახსოვს ჩემი პირველი თამაში “დინამოს” დუბლშემადგენლობაში. ეს იყო დონეცკის “შახტიორის” (მაშინ ასე ვეძახდით) წინააღმდეგ გამართული შეხვედრა. დუბლები კი ერქვა, მაგრამ სტაჟიან გულშემატკივრებს ძალიან კარგად ემახსოვრებათ, როგორი აჟიოტაჟი იყო მაშინ ამ თამაშებზე, ივსებოდა სტადიონი. მაშინ მივხვდი, რომ ჩემთვის სრულიად ახალი საფეხბურთო ცხოვრება დაიწყო. საჭირო იყო, იმაზე ერთი თავით სწრაფად მეკეთებინა ყველაფერი, ვიდრე აქამდე ვაკეთებდი…

“დინამოს” ბოლომდე ვუერთგულე. წასვლაც შემეძლო, მაგრამ არ წავედი და ამაზე მერე მოვყვები. არაერთი დასამახსოვრებელი თამაში ჩავატარე. მე მაინც მოსკოვის “ტორპედოსთან” გასვლით შეხვედრას გამოვარჩევდი.

მაშინ არველაძეები და გიო ქინქლაძე უკვე წასულები იყვნენ “დინამოდან”, მაგრამ გვყავდა ძალიან კარგი ახალი თაობა – კალაძე, დემეტრაძე, იაშვილი… ამას დავამატოთ გამოცდილი ფეხბურთელები და ძალიან კარგი გუნდი ვიყავით.

როგორც გახსოვთ, ეს იყო უეფას თასის მატჩი. მანამდე “დინამოს” ფავოტიტად არავინ მიიჩნევდა. მახსოვს, ცნობილმა ტელეკომენტატორმა ვასილი უტკიბნმა, ცოტა არ იყოს, დაგვცინა კიდეც… თანაც პირველ, მოსკოვურ შეხვედრას ძალიან რთული ამიდი დაემთხვა. თითქოს, “დინამოს” შანსები ამან უფრო შეამცირა, ჩვენ ხომ ტრადიციულად გვიყვარს ბურთის გაგორება…

არადა, თამაში ვისაც ახსოვს, აშკარად ვაჯობეთ საკმაოდ ძლიერ მოწინააღმდეგეს. ძალიან მაგრად ვითამაშეთ მოსკოვში, მეც წამივიდა თამაში… მერე იყო თბილისური მატჩი, რომელიც ფრედ მორჩა (ამ მატჩში ჯამარაულმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა 30 მეტრიდან – რედ) და გავედით შემდეგ ეტაპზე…

ვეტერანებში ვთამაშობდი და… ჩივაძემ ბულგარეთთან დამაყენა!..

– რატომ ვერ მიაღწია ჩვენმა თაობამ ნაკრებში იმ წარმატებას, რომლისთვისაც ლოგიკურად უნდა მიეღწია? მე ამაზე ჩემი აზრი მაქვს. ქვეყანაში იყო სამოქალაქო ომი. ამას დაერთო ომი აფხაზეთში. ასე მგონია, დღევანდელი პირობები რომ ყოფილიყო, წარმატებას უსათუოდ მივაღწევდით.

კი, ჩვენი ფეხბურთელების ნაწილი თამაშობდა ძლიერ უცხოურ კლუბებში, მაგრამ ასე თუ მივუდგებით, 13-14 კაცს მაინც უნდა ეთამაშა ძლიერ უცხოურ გუნდებში… ახლა შეიძლება ბევრმა არ დაიჯეროს, მაგრამ იყო ხოლმე შემთხვევები, როცა წყალი არ გვქონდა, რომ დაგვებანა.

როცა შენ წარმოადგენ ასეთ ვითარებაში მყოფ ქვეყანას, როცა ნერვიულობ სამშობლოზე, ოჯახზე, ყველაზე… პროცესში აუცილებლად გაგიჭირდება. კი, შეიძლება, ერთი ან ორი თამაში ძალიან კარგად ითამაშო, მაგრამ ასე ვერ ითამაშებ მთელ ციკლს. სტაბილურობას შესაბამისი ფსიქოლოგიური მომზადება სჭირდება…

ზოგი მწვრთნელების კვალიფიკაციას აბრალებს ყველაფერს. მე არ ვიზიარებ ამ აზრს. ალექსანდრე ჩივაძე და დავით ყიფიანი ძალიან ძლიერი მწვრთნელები იყვნენ, ფეხბურთის მაგარი ცოდნით… აღარაფერს ვამბობ მათ დიდ ავტორიტეტზე. ავიღოთ თუნდაც ბოსკამპი, ჟირესი… ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე დაბალი დონის მწვრთნელი იყო.

ერთ საინტერესო ამბავს გავიხსენებ. ბულგარეთთან თბილისური შეხვედრა ერთ-ერთი საუკეთესოა ჩემს კარიერაში. არადა, თავისუფლად შეიძლებოდა, იმ მატჩში საერთოდ ვერ მეთამაშა.

იმ მატჩის წინ შეგუებული ვიყავი, რომ თამაში უნდა გამომეტოვებინა. ტრავმა ბოლომდე არც კი მქონდა მოშუშებული და ვეტერანებთან ვვარჯიშობდი. ჩივაძემ მნახა ამ თამაშზე და მითხრა: შენ შეძლებ თამაშს, უნდა ითამაშო!.. როცა მთხოვ შეცვლას, ეგრევე შეგცვლი, ოღონდ, უნდა ითამაშოო… მართლა მაგრად ვითამაშე (შოთა არველაძემ თამაშის დასაწყისშივე ჯამარაულის ბრწყინვალე რეიდისა და პასის შემდეგ გახსნა ანგარიში – რედ) ბულგარეთთან. თან, გვახსოვს, რა შემადგენლობა ჰყავდათ!.. თუ მწვრთნელი არ ხარ, იმას ვერ გააკეთებ, რაც ჩივაძემ გააკეთა…

…სხვათა შორის, ორიოდე დღის წინ ვუყურე ძალიან საინტერესო ფილმს. იოჰან კრუიფმა გააკრიტიკა რინუს მიხელსი იმის გამო, რომ ევროპის 1988 წლის ჩემპიონატზე წაიყვანა მარკო ვან ბასტენი. მაშინ ტრავმა აწუხებდა ვან ბასტენს, მაგრამ როგორ ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე და რა გოლი გაიტანა ფინალში, ყველამ კარგად ვიცით!..

რომელი ერთი გამოვარჩიო…

– ძალიან ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ კარიერის განმავლობაში არაერთი შესანიშნავი პარტნიორი მყოლია. მაგალითად, მე და მიხეილ ყაველაშვილი მართლაც რომ თვალდახუჭულები ვუგებდით ერთმანეთს. ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა დავით ყიზილაშვილთან ერთად თამაში…

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში დიდებული იყო გიო ქინქლაძესთან, გიორგი მემსაძესთან, არველაძეებთან ერთად თამაში. იმდენი შესანიშნავი პარტნიორი მყავდა, რომ არც კი ვიცი, რომელი ერთი გამოვარჩიო. ვერავის ვერ გამოვარჩევ…

მაშინ კიოლნში რომ წავსულიყავი…

– უცხოეთში პირველად 1996 წელს წავედი და ჩემი პირველი უცხოური გუნდი იყო ვლადიკავკაზის “ალანია”. მეორე ადგილზე გავედით რუსეთის ჩემპიონატში. ისე მოხდა, რომ ცოლი მყავდა ახალმოყვანილი და აქეთ-იქეთ ამდენი სიარული არ გამოდიოდა.

“ტრაბზონსფორში” წამიყვანა შენოლ გიუნეშმა. მას მოსწონდა ჩემი თამაში, მაგრამ მალევე შეცვალეს. წარმატებულად მიმაჩნია პერიოდი, როცა “ციურიხსა” და დონეცკის “მეტალურგში” ვითამაშე…

სხვათა შორის, სულ ახალგაზრდას “კიოლნში” წასვლის შესანიშნავი შანსი მქონდა. მაშინ ჩვენ მინი ტურნირი ვითამაშეთ გერმანიაში. მორტენ ოლსენი იყო ბუნდესლიგური “კიოლნის” მთავარი მწვრთნელი. რეზი არველაძის, ჩემი და გიო ნემსაძის წაყვანა უნდოდა. მაშინ არ წავედი. ჩვენში ცოცხალი იყო ოცნება “დიდ დინამოზე”. მერაბ ჟორდანია იყო კლუბის პრეზიდენტი. ქინქლაძე და ტყუპები უკვე წასულები იყვნენ. ჩვენც რომ წავსულიყავით, გუნდი ჩამოიშლებოდა. ევროთასებისთვის დაგვიბრუნდნენ ბიჭები…

მეორედაც მქონდა ბუნდესლიგაში თამაშის შანსი. “ფრაიბურგს” უნდოდა ჩემი გადაყვანა, სადაც ჩვენი ბიჭები შესანიშნავად თამაშობდნენ, მაგრამ მაშინ ჩავთვალე, რომ უკვე ასაკში ვიყავი და აღარ გავრისკე. მინდოდა, თბილისთან უფრო ახლოს მეთამაშა და დონეცკის “მეტალურგში” გადავედი…

გასკოინი იყო… გენერალი!

– აღარც კი ვიცი, რომელი ვარსკვლავი ჩამოვთვალო, იმდენის წინააღმდეგ მითამაშია – დელ პიერო, ტოტი, კლინსმანი, ჰესლერი, ბაჯო, სტოიჩკოვი, ბალაკოვი… თუნდაც ნიგერიას რომ ვეთამაშეთ ამხანაგური მატჩი – ამოკაჩი, ოკოჩა, ამუნიკე, ფინიდი და სხვები… აქეთ ინგლისელი ვარსკვლავები…

მე მაინც პოლ გასკოინს გამოვარჩევდი, თუ ამაზე მიდგება საქმე. ინგლისის ნაკრებთან თბილისურ შეხვედრაში ჩვენი ნახევარდაცვა, უბრალოდ, ვერ გაინძრა. ამაში გასკოინის წვლილი უდიდესი იყო. შეიძლება, ტრიბუნიდან არ ჩანდა და არ გამოჩნდებოდა მით უმეტეს ტელეეკრანიდან, მაგრამ მინდორზე მან მართლაც უდიდესი შთაბეჭდილება დატოვა – ნამდვილი “გენერალი” იყო!..

წყარო: lelo.ge

SHARE