დღემდე 7000 მეტრზე ყინულის საუფლოში განისვენებს… – 96 წლის წინ 28 აგვისტო: ქართული ალპინიზმის დასაბამი

2101

მთავარ ფოტოზე ჯუმბერ მეძმარიაშვილი, იოსებ კახიანი და მიხეილ ხერგიანი

ქართული ალპინიზმის დასაბამად 1923 წელი მიიჩნევა – 96 წლის წინათ 28 აგვისტოს მყინვარწვერზე 18-კაციანი ექსპედიცია ავიდა, რომელსაც ქართველი მათემატიკოსი, მეტალურგი, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი, სპორტსმენი და სპორტის მოღვაწე გიორგი ნიკოლაძე ხელმძღვანელობდა.

მას შემდეგ ქართველ ალპინისტებს – დაუდგრომელი სულის ადამიანებს მრავალი თვალშეუდგამი მწვერვალი დაულაშქრავთ, არაერთხელ მოუპოვებიათ უმაღლესი ჯილდო სასიმაღლო და ტრავერსების კლასში. მათ არ იცოდნენ, რა იყო შიში და ბედთან შეგუება.

მთის რომანტიკამ, სამწუხაროდ, არაერთი ქართველის სიცოცხლე შეიწირა. ჩვენი ბიჭებისთვის ტრაგიკული აღმოჩნდა 1961 წელს „გამარჯვების პიკის“ (7439 მ) ოდისეა.

ეს მწვერვალი ყირგიზეთისა და ჩინეთის საზღვარზე – კოკშააალთაუს ქედზე მდებარეობს და მუხანათობით არის ცნობილი. 1955 წელს მასზე ასვლისას 11 უზბეკი მთამსვლელი დაიღუპა, 1960 წელს თურქმენეთის ექსპედიციის 10 წევრი შეიწირა, 1961 წელი კი სამი ქართველი ვაჟკაცისთვის აღმოჩნდა საბედისწერო.

ამ ექსპედიციის ერთ-ერთმა წევრმა, საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა ოთარ ხაზარაძემ რამდენიმე წლის წინათ ჩემთან საუბრისას ის ტრაგიკული დღეები გაიხსენა.

მინდა, იმ ინტერვიუდან რამდენიმე ამონარიდი შემოგთავაზოთ: „ტიან-შანში“ პირველ აგვისტოს საქართველოს 30-მა მთამსვლელმა მოიყარა თავი ოთარ გიგინეიშვილის ხელმძღვანელობით. მწვერვალისკენ ორი ჯგუფი გაეშურა – ერთი საკავშირო პირველობაზე ტრავერსების კლასში, მეორე – სასიმაღლო ასვლაში… 26 აგვისტოს ჯუმბერ მეძმარიაშვილი, მოსკოველი კირილ კუზმინი, თეიმურაზ კუხიანიძე და ილია გაბლიანი მთავარ ქედზე გავიდნენ, მაგრამ თოვასა და ქარბუქში ერთმანეთს ასცდნენ…

27 აგვისტოს დილით, როცა გამოიდარა, მეძმარიაშვილმა და კუზმინმა აღმოაჩინეს, რომ კუხიანიძე და გაბლიანი მათ ზემოთ არიან და ძლივს ეშვებიან ძირს. გამოირკვა, რომ მთავარი ქედიდან უკან დაბრუნებისას თემომ და ილიკომ ზურგჩანთები ვერ იპოვეს, ამიტომ ღამე წერაყინებით გამოჭრილ პატარა მღვიმეში საძილეებისა და კარვების გარეშე გაათიეს, რასაც მათთვის უკვალოდ არ ჩაუვლია – ორივეს ხელები და ფეხები მოეყინა…

ოთხივემ უნაგირაზე კარავი გაშალა. ილიკოს მთელი ღამე არ უძინია – ღვიძლის ტკივილს უჩიოდა და გამუდმებით წყალს ითხოვდა. 28 აგვისტოს დილით იგი დაუხმარებლად ჩაცმას ვერ ახერხებდა. ბიჭებმა კარვიდან გამოიყვანეს და იქვე მზეზე გასათბობად ჩამოსვეს. 15 წუთის შემდეგ ილიკო აღარ სუნთქავდა…

ძალაგამოლეულ მეგობრებს 7000 მეტრიდან მისი საბაზო ბანაკამდე ჩამოყვანა არ შეეძლოთ, ამიტომ ციცაბოზე, საძილეში მოათავსეს, კარავში გაახვიეს და კლდეზე მიაბეს.

ჯუმბერ მეძმარიაშვილმა მას ჯიბეში წერილი ჩაუდო: „გვაპატიე“, ახლა ვერ შევძლებთ შენს ქვემოთ ჩაყვანას, მაგრამ გპირდებით, აუცილებლად ჩაგიყვანთ.

29 აგვისტოს ბანაკში დაშვებისას ხელფეხმოყინული კუხიანიძე თოკს მოსწყდა და ყინულოვანი ღარით ათასმეტრიან უფსკრულში გადაიჩეხა. ჯუმბერი შეეცადა, განსაცდელში ჩავარდნილ მეგობარს დახმარებოდა, თოკიდან თავი ჩაიხსნა და ყინულის ღარის გადაჭრა გადაწყვიტა. საუბედუროდ, ფეხი დაუცურდა, წერაყინით თავის შეკავება ვერ შეძლო და ისიც უფსკრულში გადაეშვა. ბანაკში მარტო კუზმინი დაბრუნდა.

30 აგვისტოს მიხეილ ხერგიანი, ჯოკია გუგავა, ჯუმბერ კახიანი და გივი ქართველიშვილი „ზვიოზდოჩკაზე“ გმირი ბიჭების მოსაძებნად გავიდნენ.

მყინვარზე ჯერ კუხიანიძის ზურგჩანთა იპოვეს, შემდეგ – დაღუპულები. ორივე ვაჟკაცის ნეშტი 13 სექტემბერს თბილისში ჩამოასვენეს. ილიკო გაბლიანი კი დღემდე 7000 მეტრზე ყინულის საუფლოში განისვენებს…

„თეიმურაზ კუხიანიძე და ჯუმბერ მეძმარიაშვილი შედარებით მისადგომ ადგილას დაიღუპნენ და მათი ჩამოსვენება მოხერხდა. ილია გაბლიანის ცხედარი კი თითქმის შვიდი ათას მეტრზეა. – მითხრა ერთხელ ცნობილმა მთამსვლელმა, ევერსტის დამპყრობმა ბენო ქაშაკაშვილმა. – მასთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის რამდენიმე წარმომადგენელიც ასვენია.

1997 წელს მერაბ ხაბაზმა, ირაკლი უგულავამ, ლევ სარქისოვმა, ბიძინა გუჯაბიძემ და მე გაბლიანის საფლავი მოვინახულეთ და ამ ლაშქრობაზე დოკუმენტური ფილმიც გადავიღეთ, რომელმაც საერთაშორისო ფესტივალზე პრიზიც კი დაიმსახურა. პატივი მივაგეთ გაბლიანის ხსოვნას და მისი ცხედრის ჩამოსვენებაზეც კი ვიფიქრეთ, მაგრამ იმდენად სახიფათოა, რომ ვერ გავრისკეთ.

 

წყარო: lelo.ge

SHARE