დღეს ქუთაისის ტორპედო კატასტროფას გადაურჩა!..

459

ქუთაისის “ტორპედო” კვლავ მძიმე დღეშია. თითქოს ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ კლუბის გასხვისების (თუ იჯარით გადაცემის) საქმეში საბოლოო წერტილი უნდა დასმულიყო, მაგრამ… 20 დეკემბერს, ხოლო შემდეგ 26 დეკემბერს გადასახდელი თანხა, რაც კლუბისთვის ეროვნული ლიცენზიის მიღების საფუძველი უნდა გამოხდარიყო, ჯერ არ არის გადახდილი.

ფეხბურთის ფედერაცია მაქსიმალურად ცდილობს, “ტორპედო” უმაღლეს ლიგაში შეინარჩუნოს და სალიცენზიო თანხის გადახდა ახალი წლის შემდეგ გადაუვადა. ამ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, “ტორპედოს” მეოთხე ლიგაში დაქვეითება ელოდება…

ახლა საკითხავია, ვინ უნდა გადაიხადოს ეს ვალები? ახალმა პოტენციურმა ინვესტორმა (ეგრეთ წოდებულმა “იტალიელებმა”, რომლებიც ჯერ არავის უნახავს) თუ ზაალ ჩაჩავამ, რომელმაც ვალის ნაწილი კი აღიარა, მაგრამ ვალის აღიარება მის აპრიორი გადახდას არ ნიშნავს. ალბათ, ჩაჩავას ამისთვის გარკვეული დრო დასჭირდება…

ქუთაისის მერიასთან გულშემატკივრებისა და ფეხბურთელების ერთობლივი აქცია გაიმართა. როგორც გავიგეთ, ამ ეგრეთ წოდებულმა “იტალიელებმა”, იჯარის ნაცვლად, კლუბის შესყიდვა გადაწყვიტეს, რამაც მერიას ახალი საფიქრალი გაუჩინა…

ამ წუთისთვის ასეთი მდგომარეობა იკვეთება – “ტორპედო” წკიპზეა. შეიძლება ითქვას, რომ არა ფეხბურთის ფედერაციის კეთილი ნება, დღეს ქუთაისური კლუბი უკვე მეოთხე ლიგაში იქნებოდა. თუმცა, ასე როდემდე გაგრძელდება, კაცმა არ იცის…

წყარო: lelo.ge

SHARE