ელენე სიყმაშვილი: მინდა ჩემპიონის ქამარი საქართველოში ჩამოვიტანო

474

ელენე სიყმაშვილი, პროფესიონალი მოკრივე, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალი მოკრივეთაგანია საქართველოში. 2019 წლის დეკემბერში, თბილისში პრომოუტერული კომპანია Boxing Group Promotion-ისა და საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის ორგანიზებით გამართულ სარეიტინგო ბრძოლაში მან ბულგარელი ბორისლავა გორანოვა დაამარცხა და 2020 წელს ევროპის კრივის კავშირის (EBU)  ეგიდით, ევროპის ჩემპიონის ქამარზე ბრძოლის უფლება მოიპოვა.

ელენეს მეტოქე გამოცდილი სანა ტურენენია და ბრძოლა ამ გაზაფხულზე ჰელსინკიში უნდა შემდგარიყო, თუმცა მსოფლიო პანდემიამ გეგმები შეცვალა და დაპირისპირების თარიღმა ამჯერად აგვისტოში გადმოიწია. როგორი იქნება სიტუაცია აგვისტომდე, არავინ იცის, თუმცა ელენე, არსებული ვითარების გათვალისწინებით, მაქსიმალურად მონდომებით ვარჯიშობს.

“პანდემიის გამო სპორტული დარბაზები ბოლო დრომდე დაკეტილია, რაც სრულფასოვანი მზადების საშუალებას არ მაძლევს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ინდივიდუალური რეჟიმით ინტენსიურად ვვარჯიშობ. მეხმარებიან მეგობარი სპორტსმენებიც, რათა ღია სივრცეში მაინც შევძლო „თათებზე“ ვარჯიში და სპარინგების გამართვა. ასე მზადება ძალიან ძნელია, თუმცა ვცდილობ, მაქსიმალურად ვიყო ფორმაში.
ეს ბრძოლა ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. მაქვს შანსი და ნამდვილად შემიძლია ევროპის ჩემპიონის ტიტული მოვიგო, მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა მეტოქის ქალაქში ტარდება“, – ამბობს ელენე.

– რას იტყოდი შენს მეტოქეზე, რამდენად იცნობ მის შესაძლებლობებს და როგორ შეაფასებდი მას?
– ჩემს მეტოქეს კარგად ვიცნობ, რადგან შარშან ერთხელ უკვე მქონდა 6-რაუნდიანი სარეიტინგო ბრძოლა მასთან. იმ შეხვედრაში, სამწუხაროდ, დავმარცხდი, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ არ ვიყავი სათანადოდ განწყობილი და მომზადებული. ახლა ჩემი შეცდომებიც კარგად მაქვს გაანალიზებული და რევანშისთვის სრული სერიოზულობით ვემზადები. მეტოქე რინგზე, ძირითადად, ძალის ხარჯზე მოქმედებს, მოძრაობასა და სიმაღლეშიც მე მაქვს უპირატესობა. წინა ბრძოლაც ნამდვილად თანაბარი იყო და მინიმუმ ფრეს მაინც ვიმსახურებდი და მოგებაც შემეძლო. თუმცა მაინც საკუთარ მომზადებაში ხარვეზებს დავაბრალებდი ყველაფერს.

– ამჯერად რამდენად ხარ მოტივირებული ამ ბრძოლის მოსაგებად და რას ჰპირდები ქართული კრივის ქომაგს?

– ამჯერად მოტივაცია უმაღლეს დონეზე მაქვს. უკვე კარგად ვიცი მისი შესაძლებლობები და საკუთარი ხარვეზების აღმოფხვრაზეც გამუდმებით ვმუშაობ. მინდა ჩემი გულშემატკივრები გავახარო, მათი იმედები გავამართლო და ეს ქამარი საქართველოში ჩამოვიტანო! რაც გულით გინდა და რისკენაც მონდომებით ისწრაფვი, ის აუცილებლად მოხდება!

– რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ აგვისტომდე საზღვრები არ გაიხსნა და ფრენები არ აღდგა?

– ამ ეტაპზე ბრძოლა ჩანიშნულია 8 აგვისტოს, თუმცა ვირუსთან დაკავშირებული აკრძალვების გამო თუ ფრენები არ აღდგა, დაპირისპირება კვლავ გადაიდება, რადგან მოგეხსენებათ, ფინეთში ფეხით ვერ წავალ. თუმცა ეს არ არის დიდი პრობლემა, პირიქით, ახლა აქ უკვე არის საუბარი სპორტული დარბაზების გახსნის შესაძლებლობაზე და ბრძოლის გადადების შემთხვევაში დარბაზში უფრო სრულყოფილად მოვემზადები ჩემს მწვრთნელ მინდია ნოზაძესთან ერთად. ადრე იქნება თუ გვიან, ბრძოლა შედგება – მთავარია, მე სრულ მზადყოფნაში ვიყო!

– დაბოლოს, რას ნიშნავს შენთვის, რომ იყო ქალი და იყო მოკრივე? რას გაძლევს შენი პროფესიონალი მოკრივეობა ცხოვრებაში?

– იყო ქალი და თანაც მოკრივე, ეს დიდი შესაძლებლობაა დამოუკიდებლად და ღირსეულად ცხოვრებისათვის! წარმოიდგინეთ, ხარ ქალი, აკეთებ ყველა საქმეს, რაც გჭირდება, ზრუნავ ოჯახზეც და ამასთან, გრძნობ საოცარ ძალას და ენერგიას; შეგიძლია როგორც საკუთარი თავის დაცვა, ისე შენ გვერდით მყოფის! შენ შეგიძლია დამოუკიდებლად გაუმკლავდე ყველა დაბრკოლებას ცხოვრებაში. ეს ნიშნავს როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ სიძლიერეს – რაც განიჭებს თავისუფლებას!

წყარო: sportall.ge

SHARE