ვლადიმერ ბოისა მიუნხენიდან: აი, რამ გადაწყვიტა ევრობასკეტის მასპინძლობის საქართველოსთვის მინიჭება!

619

ევრობასკეტის მასპინძლად საქართველოს არჩევის შემდეგ მიუნხენში დავუკავშირდით ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ, საქართველოს ნაკრების ყოფილ კალათბურთელ ვლადიმერ ბოისას, რომელმაც საკუთარი შთაბეჭდილებები ტრადიციულად, ემოციურად გაგვიზიარა.

– გემახსოვრებათ, 2010 წლის 5 სექტემბერს ფიბამ გამოაცხადა, რომ ევრობასკეტზე გუნდების რაოდენობა 24-მდე გაიზარდა და იქ პირველად ითამაშებდა საქართველო. ეს იყო მნიშვნელოვანი დღე, თუმცა ამაზე მნიშვნელოვანია 2019 წლის 15 ივლისი – სწორედ ამ დღეს გადაწყდა, რომ ევროპის ჩემპიონატი საქართველოში გაიმართება.

კარგად ვიცი, რა ხდებოდა 2013 წელს სლოვენიაში, სადაც ევრობასკეტი გაიმართა და თამამად ვიტყვი, რომ ასეთი დონის შეჯიბრების შენს ქვეყანაში ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ კალათბურთისთვის, არამედ ზოგადად სპორტისთვის და საერთოდ ქვეყნისთვის. აქამდე ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობით ეკონომიკურად ყველა მასპინძელმა იხეირა. დარწმუნებული ვარ, ასე იქნება საქართველოს შემთხვევაშიც.

მინდა აღვნიშნო ერთი დეტალი: ზოგიერთისგან მომისმენია – კალათბურთის ფედერაციაში პიარი არ არის სათანადო დონეზეო. პასუხად ვიტყვი: ჩვენ ვაკეთებთ საქმეს. ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა ერთ დღეში არ გადაწყვეტილა, ეს კალათბურთის ფედერაციის მიერ გაწეული სერიოზული, მრავალწლიანი მუშაობის შედეგია. იმდენი სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ ბოლო წლებში, რომ ეროპაში დიდი პატივისცემა მოვიპოვეთ. არაერთი ფედერაციის წარმომადგენელს ვიცნობ, ხორვატებს, სლოვენიელებს, სხვებს… ყველა დიდ პატივს გვცემს.
დიდი მადლობა მთავრობას, კერძოდ პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს, რომელმაც პირობა მოგვცა, რომ ევრობასკეტისთვის აგვიშენებს 15-ათასიან დარბაზს. მადლობა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც აქ, გერმანიაში ჩამოვიდა და გვერდში დაგვიდგა მასპინძლის არჩევისას. ასეთი პირის დასწრება ძალიან ბევრს ნიშნავს და ბევრს წყვეტს.

ყველა ბიჭს დიდი მადლობა, ვინც წლების განმავლობაში ნაკრებში თამაშობდა, რომელთა ბრძოლის შედეგადაც საქართველომ ზედიზედ ოთხჯერ ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე. მათ სხვა დონეზე ასწიეს ქართული კალათბურთი.

– როგორ ეტყობოდა: საქართველოსთვის ევრობასკეტის ჯგუფის მასპინძლობის მონიჭება პრეზენტაციის შემდეგ გადაწყდა, თუ მანამდეც კეთილად იყვნენ განწყობილები?

– ეს არ არის ერთი დღის ამბავი – რამდენიმე წლის შრომის შედეგია. ყველამ კარგად იცის, რა დონეზეა საქართველოში კალათბურთი, რა დონის ნაკრები გვყავს და ზოგადი აზრი უკვე შექმნილი იყო. პრეზენტაციაზე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლამაც იმოქმედა… მან დაახლოებით ხუთი წუთი ილაპარაკა, მე წუთნახევარი მქონდა, ისაუბრა თორნიკე შენგელიამაც, რომელიც ევროპაში ძალიან პატივსაცემი კალათბურთელია. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა პრეზენტაციას – ბოლოს ყველა აღიარებდა, რომ ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე კარგი პრეზენტაცია გვქონდა.

– რომელმა ქვეყანამ რამდენი ხმა მიიღო, ცნობილი ხომ არ არის?

– არა. არ გაცხადებულა, თუმცა ახლა ამას მნიშვნელობა არა აქვს – მთავრია საქართველო ევრობასკეტის მასპინძელია.

– სლოვენიელებს აწყობილი ინფრასტრუქტურა აქვთ, როგორ მიიღეს წილისყრაში დამარცხება?

– სლოვენიელები ჩემი ძალიან ახლობლები არიან, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი, ვინ როგორ მიიღო. მხოლოდ ის ვიცი, რომ პირველებმა გერმანელებმა მოგვილოცეს, რადგან ჩვენს უკან ისხდნენ. იტალიელებმაც გულითადად მოგვილოცეს და რა თქმა უნდა, ჩეხებმაც, რომლებსაც ჩემი მეგობარი ირჟი ველში ახლდათ.

წყარო: lelo.ge

SHARE