თორნიკე ოქრიაშვილი: ჩვენ ყველაფერი დავდეთ…

331

კვიპროსულ რადიო “აქტივთან” ინტერვიუში თორნიკე ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ “ანორთოსისში” აღარ დარჩება და არც ის დამალა, რომ უფრო ძიერ ლიგებსა და გუნდებში იწვევენ.

მას ჯერ საბოლოოდ არ აქვს გადაწყვეტილი, სად გააგრძელებს კარიერას. ლაპარაკობს შემოთავაზებებზე, რომელიც ფამაგუსტური კლუბის კონკურენტებისგან მიიღო...

ამას გარდა, როგორც თავად ამბობს, აქვს წინადადებები რუსეთის, თურქეთის და საუდის არაბეთის კლუბებისგან და რომ გადაწყვეტილებას მაისის ბოლოს მიიღებს...

– “ანორთოსისთან” თქვენი ხელშეკრულება თვის ბოლოს იწურება. გსურთ დარჩენა?

– ახლა მე კლუბის ოფისიდან გელაპარაკებით. პრეზიდენტ ხამპულასს ჩემი მომავლის შესახებ ველაპარაკე. რამდენიმე შემოთავაზება მაქვს, მაგრამ დაკონკრეტება არ მიყვარს, სანამ კონტრაქტს ხელს არ მოვაწერ. ალბათ, “ანორთოსისში” არ დავრჩები, სავარაუდოდ, არც კვიპროსში, მაგრამ კვიპროსი მომენატრება.

– შემოთავაზებები რუსეთიდან მიიღეთ?

– რუსეთიდანაც, თურქეთიდანაც, საუდის არაბეთიდანაც, კორეიდანაც… სხვათა შორის, არის წინადადებები კვიპროსული კლუბებისგანაც. ეს 6-7 წინადადებაა და უნდა განვიხილო.

– თქვით, რომ კვიპროსის გუნდებისგან გაქვთ შემოთავაზებები. მაგალითად, “ომონიასგან“?

– დიახ, “ომონიასგანაც” და აპოელ-ისგანაც. მე კონტრაქტი არცერთთან არ გამიფორმებია. ახლა წავალ საქართველოში, სადაც ჩვენი ეროვნული ნაკრების შეკრებაა და მაისის ბოლომდე გადავწყვეტ, სად წავალ სათამაშოდ.

– “ომონიასა” და აპოელსგან ოფიციალური შეთავაზებები თუ უბრალო ინტერესი?

– ვფიქრობ, ეს ოფიციალური წინადადებებია.

– თქვით, რომ მაისის ბოლომდე დაელოდებით. რას დაელოდებით?

– დიახ, საქართველოს ნაკრებს ორი შეხვედრა ექნება და ამის შემდეგ ვიტყვი, სად ვითამაშებ.

– იქნებ, ისევ კვიპროსი გიხილოთ?

– შესაძლოა, ასეც იყოს. ფეხბურთში არასოდეს იცი, ხვალ რა მოხდება.

– გავრცელდა ჭორი, თითქოს, თქვენ “ომონიასგან” შემოთავაზება ჯერ კიდევ იანვარში მიიღეთ...

– კონტრაქტის დასრულებამდე 6 თვით ადრე ფეხბურთელს სხვა კლუბთან ხელშეკრულების გაფორმება შეუძლია. “ომონიას” ასე სურდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ – კონტრაქტი არცერთ კლუბთან არ გამიფორმებია. ბევრად უკეთეს შემოთავაზებებს ველოდები და ვფიქრობ, ეს დავიმსახურე.

– თასის მოპოვებაში გადამწყვეტი როლი რამ ითამაშა?

– “ოლიმპიაკოსი” ძალიან კარგი გუნდია, ჩვენ მათ ძალიან დიდ პატივს ვცემთ, მანამდე ორჯერ მოგვიგეს. მათ ძალიან კარგი მოთამაშეები ჰყავთ და ეს ფინალშიც გამოჩნდა. ჰყავთ ასევე ძალიან კარგი მწვრთნელი… ძალიან რთული თამაში იყო, თასი მათაც დაიმსახურეს, მაგრამ ფეხბურთი ასეთია, ორი გოლი გავიტანეთ და მეტიც შეგვეძლო.

– როც “ანორთოსისში” მოხვედით, ტიტულის მოგებაზე ფიქრობდით?

– ეს ჩამოსვლის პირველი წუთიდან დავიჯერე. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი გუნდი, შესანიშნავი მწვრთნელით და შესანიშნავი გულშემატკივრებით. შარშან ჩვენ ჩემპიონატის მოგება შეგვეძლო, მაგრამ კორონავირუსის გამო თამაშები შეჩერდა. წელს ჩემპიონატში კარგად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ თასი ავიღეთ და გულშემატკივრებს გავახარეთ. ბედნიერი ვარ, წარმატებას რომ მივაღწიეთ. ჩვენ ამას ვიმსახურებდით.

– როგორ ფიქრობთ, “ანორთოსისმა” შარშან ჩემპიონობა დაიმსახურა?

– “ანორთოსისი” პირველი იყო, ვინც ეს დაიმსახურა. პირველი 6 თვის განმავლობაში მხოლოდ ერთი თამაში წავაგეთ. შემდეგ რამდენიმე ქულა დავკარგეთ. ჩვენ იგივე ქულები გვქონდა, რაც “ომონიას” და მჯერა, ჩემპიონობას ჩვენ უფრო ვიმსახურებდით, ვიდრე “ომონია”.

– კვიპროსში ჩამოსვლისას თემურ ქეცბაიას ფაქტორმა მოახდინა გავლენა?

– რომ არა ქეცბაია, “ანორთოსისში” არ ჩამოვიდოდი. ამას არ ვამბობ იმიტომ, თითქოს კლუბს და ჩემპიონატს პატივს არ ვცემ, უბრალოდ, შემოთავაზებები მქონდა საუკეთესო ლიგებიდან, მაგალითად, რუსეთიდან. როცა ქეცბაიამ მიმიწვია, თანხმობა ვთქვი ისე, რომ ამაზე არც დავფიქრებულვარ.

– ქეცბაია ქართველებთან უფრო მომთხოვნი იყო?

– როცა სხვა ქვეყანაში მიდიხარ სათამაშოდ, ადგილობრივ ფეხბურთელებზე ბევრად უკეთესი უნდა იყო. როცა ადგილობრივი ლეგიონერივით ძლიერია, რატომ არ უნდა დააყენო კვიპროსელი და რატომ უნდა ათამაშო ქართველი? მჯერა, ქართველებმა ყველას ვაჩვენეთ, რომ თამაშს ვიმსახურებდით, რომ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესოები ვართ და არა – სიტყვებით, არამედ – საქმით. თემურს ჩვენი 100 პროცენტით ამიტომაც სჯეროდა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ყველაფერი დავდეთ გუნდისთვის და თემურისთვის.

– კვიპროსში რომელ მცველთან გიჭირდათ თამაში?

– არავისთან, ყველაფერი ადვილად გამომდიოდა (იცინის)… ვხუმრობ, რა თქმა უნდა, “ოლიმპიაკოსის” მარჯვენა მცველი ფსალისი ძალიან კარგი ფეხბურთელია. მინდა მას წარმატებები ვუსურვო. ის უხეში იყო ჩემთან, რამდენჯერმე ფეხში მომარტყა და ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ძალიან მომწონდა მისი მებრძოლი სულისკვეთება.

– თებერვლამდე ჩემპიონობისთვის იბრძოდით, მერე რატომ გადაუხვიეთ გზიდან?

– “ომონიასთან” მოგებაც შეგვეძლო, აშკარა საგოლე შესაძლებლობა გვქონდა, მაგრამ ფრედ დავამთავრეთ. შემდეგ “ოლიმპიაკოსთან” დავმარცხდით, რამაც ფსიქოლოგიურად დაგვარტყა. ვფიქრობ, ჩემპიონატი ჩვენთვის ამ მატჩით დასრულდა… მაგრამ “ოლიმპიაკოსთან” მოგების შემდეგ თასი ჩვენ დაგვრჩა.

– “ანორთოსისის” ფანებს რას ეტყვით?

– მათ მადლობას ვუხდი! არასდროს მინახავს ისეთი თანადგომა, ​​რაც ფანებმა ფინალამდე გამოხატეს. ვერ წარმომედგინა, რომ ამ ყველაფრის შემდეგ წავაგებდით. ისინი სიხარულს იმსახურებდნენ. მათ დიდი ენერგია მოგვცეს. კიდევ ერთხელ – მინდა მადლობა გადავუხადო და ვუთხრა, რომ საოცარი ხალხია და უნდა იცოდნენ – ეს არის საუკეთესო რამ, რაც ჩემს კარიერაში მინახავს. რამდენიმე გუნდში ვიყავი, ფანატიკური თაყვანისმცემლები იყვნენ, მაგრამ ეს ბიჭები ყველაზე “გიჟები” არიან. ჩვენ მოედანზე 11 ფეხბურთელი ვიყავით, ისინი კი ერთად – მეთორმეტე მოთამაშე!..

წყარო

SHARE